პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველი „დრაკონის სახლი“ ეკრანებზე 2022 წელს გამოვა. ამის შესახებ screenrant HBO-ს პრეზიდენტზე, კეისი ბლოისზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბლოისს პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა Emmy-ს დაჯილდოების ცერემონიაზე აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ახალი სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ იქნება დაფუძნებული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მასში ტარგარიენების დინასტიის ისტორიაა მოთხრობილი. შოუ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე - სამოქალაქო ომზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც ვესტეროში „თამაშების“ მოვლენებამდე 300 წლით ადრე მოხდა და „დრაკონების ცეკვის“ სახელწოდებით არის ცნობილი.
პროექტის შოურანერი რაიან კონდალია, საპილოტო ეპიზოდს კი მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს.