შვეიცარიის პროკურატურა საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი წერს.
ალ-ხელაიფის, რომელიც ასევე მედიაჰოლდინგ beIN Media Group-ს ხელმძღვანელობს, ბრალი ფიფას ყოფილი გენმდივნის, ჟერომ ვალკესთვის ქრთამის მიცემა ედება. გამოძიების მტკიცებით, ფულის სანაცვლოდ beIN Media Group-მა მსოფლიო ჩემპიონატებისა და კონფედერაციის თასის გათამაშებების ტრანსლირების უფლება მოიპოვა.
ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა, ვალკესთვის კი პროკურატურა 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. გამოძიების მტკიცებით, ვალკეს საბანკო ანგარიშზე დაბრუნდა 500 ათასი ევრო, რომელიც მან ავანსის სახით კუნძულ სარდინიაზე მდებარე ვილის საყიდლად გადაიხადა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ვილა ჟერომ ვალკეს ნაცვლად ნასერ ალ-ხელაიფიმ იყიდა.
ამის შემდეგ ჟერომ ვალკემ ალ-ხელაიფისგან ვილით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიიღო და ამ უფლებით თანამდებობიდან მოხსნამდე, 18 თვის განმავლობაში სარგებლობდა. ექსპერტთა შეფასებით, ამ პერიოდში ვილის ქირაობისთვის ვალკეს 900 ათასიდან 1,8 მილიონ ევრომდე თანხის გადახდა მოუწევდა.
ალ-ხელაიფი მედიაჰოლდინგ beIN Media Group-ს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. 2011 წელს მან პსჟ შეიძინა. ალ-ხელაიფი ასევე კატარის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აზიის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს იკავებს.