მომავალი წლიდან ვალის სიმძიმე ქვეყანას თანდათან წელში გაწყვეტს

მომავალი წლიდან ვალის სიმძიმე ქვეყანას თანდათან წელში გაწყვეტს

საგარეო ვალი იქნება ის დიდ დარტყმა, რასაც მომავალ წლებში ბიუჯეტმა, ლარის კურსმა, მოსახლეობამ და მთელმა ქვეყანამ უნდა გაუძლოს. ამ მხრივ ვითარება წითელ ხაზს უახლოვდება და თავისუფლად შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვალი ყველაფერს „შეჭამს“ და გაანადგურებს.

საგარეო ვალის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელი, რამდენადაც 2020 წლის ბოლომდე საგარეო ვალი 6.1 მილიარდ ლარამდე იზრდება.

რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.2 მილიარდ ლარს (1.5 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენდა. სწორედ ვალის აღნიშნული მაჩვენებლით გადაიბარა ხელისუფლება ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

რაც შეეხება 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 6.6 მლრდ ლარით (3.9 მლრდ აშშ დოლარი) განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი გაორმაგდა.

2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით კი, 2012 წელთან შედარებით, შესაბამისი თარიღისთვის არსებული სავალუტო კურსის გათვალისწინებით, მთავრობის საგარეო ვალი გასამმაგებულია და 19.9 მლრდ ლარს (6.5 მლრდ აშშ დოლარს) შეადგენს.

საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა უნდა წარუდგინოს. ყველაზე დიდ გამოწვევას პანდემიის გამო შექმნილი კრიზისისთვის გასამკლავებლად აღებული ვალების მომსახურება წარმოადგენს, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობას 500 მლნ ევრობონდის დაფარვაც უწევს.

„galt end Tagartis“-ში მიაჩნიათ, რომ გაისად და, ზოგადად, მომავალ წლებში ვალების მომსახურება ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

„2021 წელს საქართველოს 500-მილიონიანი ევრობონდების გადახდის ვალდებულება აქვს და საინტერესოა, რას იზამს მთავრობა - გადავიხდით ვალს თუ რეფინანსირებას მოვახდენთ? მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ძალიან დიდი ვალი აიღო და მომავალ წლებში სწორედ მათი მომსახურება იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა „galt end Tagartis“-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ მართალია, ტურიზმის აღდგენის მოლოდინი დიდია, თუმცა თუკი პროცესები სათანადოდ არ წარიმართა, ვალის შემცირების ტემპი, შესაძლოა, არ იყოს ისეთი, რა მოლოდინიც არსებობს.

„galt end Tagartis“-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ვარაუდით, მთავრობას 2021 წლის პირველ ნახევარშიც მოუწევს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების გაგრძელება, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში, რადგან, ჯერჯერობით, სექტორი ვერ მუშაობს და ამისთვის დონორებისგან წელს მიღებულ ფინანსურ რესურსებს გამოიყენებენ.

ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, სახელმწიფომ ბევრი მექანიზმი აამოქმედა, რათა ადგილობრივ ეკონომიკას დახმარებოდა, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი და იქვე დასძინა, რომ „შეზღუდული რესურსის პირობებში სახელმწიფო იმას უნდა დაეხმაროს ვისაც, ყველაზე მეტად უჭირს“.

„ვხედავთ, რომ ექსპორტის კლების ტემპი შენელდა, ამასთან სოფლის მეურნეობის და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიოში მოთხოვნა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ისეთ დარგებს, სადაც მეტ-ნაკლებად, მოთხოვნა არის, დამატებითი სტიმულირება არ სჭირდება. მხარდაჭერადა საგადასახადო შეღავათები ესაჭიროება მას, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ეს იყო ტურიზმი და ტურიზმთან დაკავშირებული დარგები“, - უთხრა „ბიზნეს მედიას“ ბოჭორიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა და ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ზღვრამდე მივიდა ქვეყანა.

არაგველი641 რისი გეშინიათ? ჩამოვა მიხა და გადაიხდის!
4 წლის უკან
Goliaff „შეზღუდული რესურსის პირობებში სახელმწიფო იმას უნდა დაეხმაროს ვისაც, ყველაზე მეტად უჭირს“ - იგულისხმება ბიზნესი, უფრო ზუსტად ჩინოვნიკების ან მათ მიერ ლობირებული ბიზნესი. მარტო საგარეო ვალი არ არის პრობლემა, ვალუტა ქვეყნიდან სხვა გზებითაც გაედინება, მაგალითად ინვესტიციები რომლებიც ოფშორშია დარეგისტრირებული ან დამფუძნებელი კომანიები საზღავრგარეთ არის, იმპორტი - ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულია და შესაბამისად ვალუტა სულ უფრო საჭიროა პროდუქციის შესაძენად. აქ ექსპორტი დიდ ვერაფერს აკეთებს რადგან რეალურად პროდუქციის დიდი ნაწილი მიედინება საზღვარგარეთ და ადგილობრივ ბაზარზე ისევ არ არის საკმარისი, რაც ინფლაციას უწყობს ხელს და ფასებს ზრდის როდუქციაზე, ეს თავის მხრივ სულ უფრო მიმზიდველს ხდის იმპორტს. გლობალური კრიზისი პანდემიის შემდეგ გარდაუვალია და 10 წლის წინანდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნები რომლებიც მომსახურების სფეროში დასაქმებული ბიზნესით გამოირჩეოდა (საბერძნეთი) უბრალოდ კოტრდება, რაც მოსალდნელი იქება ჩვენთანაც, რადგან ყბადაღებული ტურიზმის გარდა არავის სხვა არაფერი არ ახსენდება. ერთი სიტყვით ან არ იციან რას აკეთებენ ან მალავენ რომ მეტი აჟიოტაჟი არ გამოვიდეს, თუმცა ვფიქრობ კარგად იციან ბოლო მაინც სავალალო იქნება - იქნება მოსახლეობისთვის თორემ კაპიტალის მქონე ბიძები ყოველთვის ნახავენ ლონდონში ორ სართულიან "ასობნიაკს" საბინაოთ.
4 წლის უკან