გუნავა, ანუ არაადექვატური სააკაშვილი

გუნავა, ანუ არაადექვატური სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს საზოგადოებისთვის გამოწვევების კეთებას. ამის ნათელი მაგალითია მის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავა წარდგენა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, თენგიზ გუნავა არის ადამიანი, რომლის დროსაც სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში სრული წესრიგი დამყარდა.

"ამოიძირკვა ნარკოტიკები, წვრილმანი ქურდობები, ყაჩაღობები სხვა დანაშაული, კონტრაბანდა. მე მას ასევე ვიცნობ როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მახსოვს მის მიერ ჩატარებული ოპერაციები. მან გადაარჩინა უძვირფასესი ტექნიკა, წაართვა რუსებს სამხედრო ოპერაციაში ორი საზღვაო კატარღა, აუფეთქა ოკუპანტებს უძვირფასესი საჰაერო დანადგარები, რომელიც გაქონდათ როგორც სამხედრო ნადავლი. ეს იყო ძალიან რთული და თავზეხელაღებული სამხედრო ოპერაცია. მან გადაარჩინა ჩვენი სხვა კატარღები ფოთში. როცა რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ ფოთში, ის თავისი მცირე შენაერთით გადაეღობა და დიდი რუსული შენაერთი ჰყავდა დაკავებული, ვიდრე არ დავამთავრე გამოსვლა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ გაივლიდნენ, თენგიზ გუნავა კი პასუხობდა - გაიარეთ, მაგრამ იქნება სროლები და შეტაკება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე გუნავას მიმართ ახალი ხელისუფლების პირობებში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრა.

„იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უშვებს რუსეთის ჯაშუშებს, შკრილნიკოვს და გევორქიანს, როგორც პოლიტიკურ პატიმრებს და გმირებს, რა თქმა უნდა, ნამდვილ სამხედრო გმირს აქვს პრობლემები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით ქედი უნდა მოვიხაროთ და შევეგუოთ ამას. ჩვენ გვინდა, საქართველომ გააგრძელოს აღმშენებლობა, გუბერნატორმა ითანამშრომლოს ყველა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოსთან. მისი ფუნქცია არ არის კონფრონტაცია, მაგრამ მან უნდა დაიცვას საქართველოს მონაპოვრები და უზრუნველყოს განვითარების გაგრძელება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და რას ითვალისწინებს ქართულ კანონმდებლობა იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს კონსტიტუციონალისტი, ირაკლი კობახიძე ესაუბრება.

ირაკლი კობახიძე: „გუნავას საკითხი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მე-17 მუხლით პირდაპირ რეგულირდება. კანონში პირდაპირ წერია, რომ დაუშვებელია პირი მიღებული იქნეს საჯარო სამსახურში, თუ ის გამოძიების ქვეშ, ან პატიმრობაში იმყოფება. გუნავა აშკარად გამოძიების ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, კანონის ნორმა ცალსახად ირღვევა, ანუ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, თენგიზ გუნავა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბენრატორად წარადგინოს.

მოდით ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასებაც გავაკეთოთ. პრეზიდენტი გუბენრატორად წარადგენს ადამიანს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს?

- ჩემი აზრით, ეს არაადექვატური ნაბიჯია, როგორიც უკანასკნელ პერიოდში პრეზიდენტმა არაერთხელ გადადგა. გუნავას წარდგენაც სწორედ ასეთი ნაბიჯების რიგს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. არ მგონია, აქედან სააკაშვილმა რაიმე პოლიტიკური სარგებელი მიიღოს. ეს უბრალოდ იმის დემონსტრირებაა, რომ რაღაც ფორმით სააკაშვილი რაღაცისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა კონკრეტულად რა არის ეს რაღაც, სავარაუდოდ, თვითონაც არ იცის. ამდენად, ეს ბრძოლის ერთგვარი გამოვლინებაა და ეს ბრძოლა სავარაუდოდ, ხელისუფლებაში დაბრუნებას ისახავს მიზნად, რისი პერსპექტივაც რამდენად არსებობს, ჩემთვის უცნობია.

რამდენადაც ცნობილია, პარლამენტი რიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს იხილავს, რომელთა შედეგად პრეზიდენტის უფლება-მოსილების გადახედვა მოხდება. მათ შორის საუბარი იყო იმაზეც, რომ გუბერნატორები არა პრეზიდენტს (როგორც ახლაა), არამედ პრემიერ-მინისტრს უნდა დაენიშნა. ახლა რა ეტაპზეა ეს ინიციატივა?

- თავის დროზე ასეთი ცვლილების ინიცირება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ კანონ-პროექტი შეჩერდა. კერძოდ, საუბარია „მთავრობის შესახებ კანონით“ დარეგულირებულ საკითხზე. დღეს გუბერნატორს ნიშნავს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ. სხვათა შორის, კანონი სავარაუდოდ, აქაც დაირღვა, რადგან არ მგონია, მიხეილ სააკაშვილს გუნავას წარდგენასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონსულტაცია გაევლო. ამდენად, დღეს გუბერნატორი პრეზიდენტის მიერ, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნა. იგეგმებოდა ამ პროცედურის შემოტრიალება, ანუ ცვლილების თანახმად, პრემიერ-მინისტრს უნდა დაენიშნა გუბერნატორი პრეზიდენტთან შეთანხმებით, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამ ცვლილების ინიცირება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. ჩემთვის უცნობია, რა არის ამის მიზეზი.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთი ისეთი პიროვნება წარადგინა გუბერნატორად, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობენ. როგორ ფიქრობთ, მისი მხრიდან ეს რისი დემონსტრირებაა?

- მოდით ზოგადად გუბერნატორის ინსტიტუტზე ვთქვათ ორი სიტყვა, თუ რა სახით მოქმედებდა იგი საქართველოში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გუბერნატორს უფლება-მოსილებები ძალიან შეზღუდული აქვს. ის არ არის აღჭურვილი ფართო უფლება-მოსილებებით, მას არ აქვს თავისი ძლიერი რეგულარული კომპეტენციები მინიჭებული. ფაქტობრივი რეალობა იყო ის, რომ გუბერნატორი ხელისუფლების ვერტიკალის გაგრძელებას უზრუნველჰყოფდა რეგიონის დონეზე და ადგილობრივ დონეზეც.

გუბერნატორები ადგილობრივ თვითმმართველობასაც აკონტროლებდნენ. ეს რა თქმა უნდა, კანონგარეშე ხორციელდებოდა, რადგან თვითმმართველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამდენად, გუბერნატორი ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება იყო რეგიონის და ადგილობრივ დონეზე. გუბერნატორის რეალური საქმიანობა კანონის ფარგლებს სცილდებოდა. ეს იყო ერთგვარი ბერკეტი მმართველი წრის ხელში, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ეკონტროლებინა ვითარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ერთი პოლიტიკური ძალის გარშემო იყო კონცენტრირებული. შესაბამისად, ეს გამიჯვნის პრობლემაც არ არსებობდა.

დღეს კი ვითარება ასეთია - გუბერნატორები ვეღარ ახერხებენ პრეზიდენტისთვის იმ ფუნქციის შესრულებას, რასაც აქამდე ასრულებდნენ, რადგან პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. აქ კიდევ ერთი მომენატია გასათვალისწინებელი. კერძოდ, გუბერნატორი არსებოთად სამთავრობო ფუნქციების განმახორციელებელი სუბიექტია. რეგიონის დონეზე ის ძირითადად მთავრობისგან იღებს კონკრეტულ დელეგირებულ უფლება-მოსილებებს. შესაბამისად, წესითა და რიგით, გუბერნატორი უნდა ექვემდებარებოდეს არა პრეზიდენტს, არამედ მთავრობას, რადგან იგი უფრო მთავრობის წარმომადგენელია, ვიდრე პრეზიდენტის. პრეზიდენტს არ აქვს ისეთი უფლება-მოსილებები, რომელთა დელეგირება გუბერნატორისთვის შეუძლია, მაგალითად - დარგობრივი კომპეტენციები და ა.შ. ეს მთლიანად მთავრობის საქმეა და ამიტომ სასურველია, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გამგებლობაში მთავრობას გადაეცეს.

დღეს გუბერნატორები პრეზიდენტისთვის რეგიონის მაკონტროლებელ ფუნქციას ვერ ასრულებენ, მაგრამ პრეზიდენტს არ ეთმობა ეს ინსტიტუტი, რადგან ეშინია, რომ მას „ქართული ოცნება“ გადაიბარებს. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, ანუ მართალია ამ ინსტიტუტს პრეზიდენტი თვითონ ვერ იყენებს, მაგრამ არც ის უნდა, რომ იმ ფორმით, რა სახითაც თავის დროზე ამის გამოყენება ხდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს.

პრეზიდენტმა თენგიზ გუნავას კანდიდატურა წარადგინა გუბერნატორად. თქვენ ამბობთ, რომ კანონი ცალსახად კრძალავს გამოძიების ქვეშ მყოფი პირის საჯარო სამსახურში დანიშვნას. მაინც სადამდე შეიძლება ამ პროცესში მივიდეს სააკაშვილი?

- წარდგენა არ არის იურიდიული ტერმინი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს წარუდგინა. რეალურად, ხდება გუბერნატორის არა წარდგენა, არამედ ხდება მისი დანიშვნა პრეზიდენტის მიერ, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ. ამდენად, გუბერნატორს არავითარი წარდგენა არ სჭირდება, მას პირდაპირ ნიშნავენ.

მიხეილ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ გუნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამან მას გუნავას წარდგენაში ხელი არ შეუშალა. გამოდის, რომ შესაძლოა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა გუნავა გუბერნატორად მაინც დანიშნოს?

- თუ პრეზიდენტი გუნავას მაინც დანიშნავს თანამდებობაზე, გამოდის, რომ „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონის მოთხოვნები ირღვევა, ასევე სავარაუდოდ „მთავრობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიც, თუ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაცია არ იყო გავლილი. ამიტომ ეს საკითხი შესაძლოა გარკვეული ფორმით სასამართლოს განსჯადი გახდეს.