„არჩილ კბილაშვილი არც ერთ მოსამართლეს არ დაურეკავს“

„არჩილ კბილაშვილი არც ერთ მოსამართლეს არ დაურეკავს“

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ უპასუხა. პირველი, რაზეც მან ისაუბრა, ის საკონსტიტუციო ცვლილება იყო, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახლა იხილავს და რომელიც პრეზიდენტის უფლება-მოსილების საკითხის გადახედვას ისახავს მიზნად.

მანანა კობახიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ კანსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში შეუძლია. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ითხოვს პრემიერს და მთავრობას, შემდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად და თუკი პარლამენტი მთავრობას ნდობას არ უცხადებს, ამის შემდეგ დგება ალტერნატივა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს. დღეს მოქმედ კონსტიტუციაში არის დათქმა, რომ თუ ასეთი შემთხვევა საპარლამენტო არჩევნებიდან ექვს თვეში, ან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში დადგა, პრეზიდენტი ამ უფლებას ვერ გამოიყენებს.

„თუ ხვალ-ზეგ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ დაითხოვოს მთავრობა, ხოლო პარლამენტი ისეთ რეჟიმში აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დასახელებულ პრემიერს და მთავრობას არ ამტკიცებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ექვსთვიანი ვადა უკვე აღარ იქნება, თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს. მაგრამ ამის საპირწონედ ვთავაზობთ ასეთ ცვლილებას, რომ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს პრემიერის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება. შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს, მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობით არის აღჭურვილი (და მიგვაჩნია, რომ დღეს მოქმედი მთავრობა სწორედ ხალხის ნდობით არის აღჭურვილი) დაითხოვოს და ჩვენ არ ვნიშნავთ ახალ პრემიერს, ახალ მთავრობას და ამის გამო ითხოვს პრეზიდენტი პარლამენტს, მაშინ, თუკი ეს ცვლილებები შევა ძალაში, რეალობა გვექნება ისეთი, რომ საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მთავრობის პირობებში ჩატარდეს და ხალხის ნდობით აღჭუვილი მთავრობა განახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მანამ, ვიდრე ახალი პარლამენტი არ იქნება არჩეული“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისი თქმით, ასეთი საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ემსახურება, რადგან ერთის მხრივ, პარლამენტი იზღუდავს თავს, როდესაც ამ ვადებზე უარს ამბობს, ხოლო მეორეს მხრივ, პრეზიდენტიც იზღუდება. ამასთანავე კობახიძე განმარტავს, რომ ეს ცვლილებები 2013 წლის ოქტომბრამდე იმოქმედებს, რადგან კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მთავრობის როლის გაზრდას და პრაქტიკულად საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ქვეყნის გადასვლას ეხება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ამ დრომდე, როდესაც პოლიტიკური კრიზისის საშიშროება არსებობს, მმართველი გუნდი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით კრიზისის დაძლევას ცდილობს.   

„კოჰაბიტაცია, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ არანაირ დესტრუქციას არ ვახდენთ, თავს არ ვესხმით არც პრეზიდენტს და არც საპარლამენტო უმცირესობას, თუკი მათგან არ წამოვა სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, როდესაც ოპოზიციაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მის მიერ ჩადენილი უკანონობები „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს და პრაქტიკულად თავის მართლების რეჟიმში გვამყოფოს. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ამაზე დროს არ დავკარგავთ. როგორმე უნდა მივიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, - აღნიშნავს კობახიძე.

მისივე თქმით, ცალკე საუბრის თემაა, რომ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადა ათი თვით გაიხანგრძლივა და თავის დროზე ამასთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიას, მაგრამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისია მაშინ ასე აქტუალური არ იყო, როგორც ახლა, როდესაც ისინი მუდმივად კომისიაზე აპელირებენ.

მანანა კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ გაცხადებულ ინიციატივაზეც ისაუბრა, რაც წინა ხელისუფლების გარკვეული თანამდებობის პირების პოლიტიკურ ამნისტირებას გულისხმობს. ვიცე-სპიკერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო რეჟიმი, რომლის პირობებში ხდებოდა ზეწოლა მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკური ნიშნით „იკერებოდა“ საქმეები და ადამიანები უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა. კობახიძის განცხადებით, ამნისტია იქნება ამ ადამიანების მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება და თუკი ისინი ამას აღიარებენ, მოინანიებენ, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და იტყვიან, ვისგან მოდიოდა ეს უკანონო ბრძანებები, მათ პოლიტიკური ამნისტია შეეხებათ.

„სისხლის სამართალში არის ასეთი პრინციპი, რომ თუკი ადამიანი მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ინანიებს, აღიარებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მას შეიძლება ეპატიოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგანაც შეიძლება განთავისუფლდეს. სწორედ ამაზე საუბარი, რადგან თუკი ამ სისხლის სამართლებრივ დევნას ფართოდ გავშლით, შეიძლება ძალიან დაბალ რგოლებამდე ჩავიდეთ და ხომ არ გადავავსებთ ციხეებთ? რაღაც ეტაპზე ეს დევნის პროცესი რაღაც ეტაპზე უნდა გაჩერდეს“, - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, ასეთი შეღავათი არ შეეხებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ციხეებში პატიმრების წამებაში, ან სხვა ამგვარ არაადამიანურ მოპრყობაში მონაწილეობდნენ. პოლიტიკური ამნისტია ძირითადად ეკონომიკურ და ზოგადად არაძალადობრივ დანაშაულს შეეხება, რომელშიც წინა ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად ყველა საჯარო უწყებაში დასაქმებული ადამიანები იყვნენ გარეულები. აქვე ვიცე-სპიკერი განმარტავს, რომ ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები არ გაკეთებულა, თუმცა თავად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ამნისტია შეეხება, ეს კარგი აქტი იქნება. კერძოდ, კობახიძე განმარტავს, რომ თუკი ადამიანმა იცის, რომ რაღაც აქვს ჩადენილი და დაპატიმრების ეშინია, შესაძლოა იგი ქვეყნის დატოვებასაც ეცადოს და ა.შ. ამნისტია კი მათ ამ შიშისგან იხსნის. მანანა კობახიძე ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკური ამნისტია არ შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, თუკი მათ რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„არ მინდა, რომელიმე ასეთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპცია დავარღვიო. იგივე იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, ასევე ახალაიების მიმართ, ნებისმიერი ჩემი განცხადება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ზეწოლა მართლმსაჯულებაზე. უბრალოდ, მათ მიმართ დევნა დაწყებულია და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესია, რომ ეს საქმეები გამოძიებული უნდა იყოს, რათა ხალხმა გაიგოს, მართლა მიუძღვით თუ არა ამ ადამიანებს დანაშაული. პროკურატურამ, დიახაც, დაამტკიცოს ამ დანაშაულებების რეალურად არსებობა (თუკი ასეთი რამ არსებობს) და სასამართლომაც თავისი სიტყვა თქვას“, - აღნიშნავს ვიცე-სპიკერი.

მან კომენტარი გააკეთა ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ-ერთ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უთხრა, - არ დავუშვათ სასამართლო რეფორმა, რადგან ეს ერთადერთი ბერკეტიღა დაგვრჩენიაო. მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი თვლის, სასამართლო მართლაც მისია. ვიცე-სპიკერის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკარგვა 2004 წლიდან დაიწყო და ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებდა. ხოლო თუ სააკაშვილი დღეს თვლის, რომ მას ეს ერთადერთი ბერკეტი შერჩა, კობახიძის განცხადებით, ეს ძალიან ცუდია, რადგან ახალი ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახადოს.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს სახით ბერკეტის ხეილდან არ გაშვებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს, რომლებსაც ახალი ხელისუფლება ატარებს. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ამაში იგულისმება ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გათავისუფლების უფლება-მოსილება პარლამენტს გადაეცა, რაც მათთვის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. კობახიძის თქმით, ახალი ხელისუფლება ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს კომპლექტაციაც, მოსამართლეთა კონფერენციაც, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესი უნდა იყოს ბევრად უფრო დემოკრატიული, თვითონ მოსამართლეები უნდა იღებდნენ ამაში მონაწილეობას, და არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ახალი ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება კი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს ბევრად უფრო გაზრდის, თუმცა მმართველი გუნდი ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ახალმა ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგო, მანანა კობახიძე ამას აბსურდს უწოდებს, რადგან სისხლის სამართლის ახაილ საპროცესო კოდექსი 2010 წლიდან ამოქმედდა და სწორედ ამ დროიდან იქნა შემოღებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. შესაბამისად, ახალი ხელისუფლება პრინციპულად ამ მხრივ არაფერს ცვლის. უბრალოდ კობახიძის განმარტებით, ვინაიდან წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა საქმეების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებსაც მისცეს საშუალება, მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. აქვე ვიცე-სპიკერი განმარტავს, რომ ბრალდებულის უფლებაა, უარი თქვას ნაფიც მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე და ეს უფლება არავის შეეზღუდება და მის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს.

ამასთანავე, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლო დღეს პროკურატურისგან სრულიად დამოუკიდებელია.

„არჩილ კბილაშვილი არც ერთ მოსამართლეს არ დაურეკავს, არ შეხვდება და არ ეტყვის, როგორ უნდა გადაწყდეს რომელიმე საქმე და არც ერთი პროკურორი არც ერთ მოსამართლეზე გავლენას არ ახდენს. ამაზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ. მაგრამ რა გავლენას ახდენენ მოსამართლეებზე უმცირესობაში მყოფი „ნაციონალები“, პავლე და კოტე კუბლაშვილები და თავად პრეზიდენტი, ეს ნამდვილად შესასწავლია და რა თქმა უნდა, რთული გამოსავლენიც არის. საზოგადოებამ ეს აუცილებლად უნდა შეაფასოს“, - აღნიშნავს კობახიძე.