აშშ-ის სენატი უახლოეს მომავალში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გეგმავს. ამერიკელი სენატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი კონგრესის ზედა პალატაში უკვე შეტანილია. რეზოლუციის პროექტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა და რუსეთის მთავრობისადმი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების მოწოდებაა დაფიქსირებული.
თბილისში აცხადებენ, რომ აშშ-ს სენატის რეზოლუცია საქართველოს მიმართ მტკიცე პოზიციას ჩამოაყალიბებს. ექსპერტთა შეფასებით კი, რეზოლუციის ეს პროექტი არ ეგუება თეთრი სახლის კურსს, რომელიც დღემდე ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური.
აშშ-ის სენატი რეზოლუციით რუსეთის მთავრობას დევნილთა სრულ და ღირსეულ დაბრუნებას მოთხოვს. რეზოლუციის პროექტში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხია ასახული, მათ შორის - ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ეთნიკური წმენდა.
დოკუმენტში სენატორები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას.
რეზოლუციოს პროექტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა კიდევ ერთხელ არის აღიარებული.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ცნობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ოკუპირებულს რუსეთის ფედერაციის მიერ. სენატი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესასრულებლად, რომელიც ომამდელ პოზიციაზე რუსული ჯარის დაბრუნებას ითვალისწინებს.
ამასთან, რუსეთმა ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მისიები უნდა დაუშვას. სენატი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მთავრობისაგან და ადგილობრივი დე-ფაქტო ლიდერებისგან, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნება.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ადასტურებს, რომ გზა რეგიონის სტაბილურობისაკენ მშვიდობასა და ხანგრძლივ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ-ს სენატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების გეგმას, „საქართველოსადმი ჩამოყალიბებულ მტკიცე პოზიციის გარანტიას“ უწოდებს.
„კონგრესის მიერ ამ დოკუმენტის მიღება საქართველოსთან მიმართებაში ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრებას ნიშნავს როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ ლექსიკაში. ამერიკის მხრიდან ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გამორიცხავს და რომელიც იქნება მკაფიო სიგნალი იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ამ რეგიონების აღიარებას აპირებენ.
ეს არის პოლიტიკურად და სამართლებრივად ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტია, რომ აშშ-ს პოლტიკა და პოზიცია მკაფიოდ განსაზღვრული იქნება და საქართველოს დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „რეზოლუცია საქართველოს დაეხმარება იგივე კუთხით ევროპის ქვეყნების პარლამენტებთან მუშაობისას“.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი რეზოლუციის მიღებამდე შეფასებებისგან თავს იკავებს. „ჩემთვის ცნობილია, რომ სენატი საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ რეზოლუციას განიხილავს, მაგრამ სანამ ეს დოკუმენტი არ იქნება მიღებული, ვფიქრობ, მის შესახებ საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება“, - აცხადებს ბასი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აშშ-ს სენატში წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს.
როგორც „პირWელს“ ცინცაძემ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს დიპლომატიის გააქტიურების შედეგს წარმოადგენს, თუმცა „თეთრი სახლის“ მიერ რუსეთთან დეკლარირებული გადატვირთვის პოლიტიკის გამო, გამორიცხული არ არის, „დემოკრატებმა“ პროექტში წარმოდგენილი ფორმულირებები შეარბილონ.
„დოკუმენტი, რომელიც აშშ-ს სენატში შევიდა, იმ დიპლომატიური აქტიურობის შედეგია, რომლის მოწმენიც ვართ მიმდინარე წლის შემოდგომიდან. ამასთან, ცხადი ხდება, რომ რუსეთს თავისი პროვოკაციული ქმედება ასტანას სამიტზე, როდესაც ეუთო-ს სამოქმედო გეგმის მიღებას ხელი შეუშალა, ძვირად უჯდება. ეჭვი მეპარება, რომ ბევრი ადამიანი აშშ-ს სენატში აღნიშნული რეზოლუციის პროექტს აღფრთოვანებით შეხვდეს, თუმცა ის, რომ აშშ-ს საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი ორგანო საქართველოს მხარდაჭერის გააქტიურების პოზიციებზე დგება, მისასალმებელია“, - განაცხადა ცინცაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, „თეთრი სახლი“ არასოდეს აღიარებს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა უშედეგო პიარისკენ იხრება, თუმცა მსგავსი რეზოლუციის მიღება „გადატვირთვის“ მთლიან პოლიტიკას ეჭვქვეშ მაინც დააყენებს.
„არა მგონია, რეზოლუცია სენატში ჩავარდეს, თუმცა შესაძლოა, „დემოკრატებმა“ გარკვეული ფორმულირებების შერბილება მოახერხონ. „თეთრი სახლის“ პოლიტიკაა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება, ისევე როგორც საქართველოსთან ურთიერთობების გაღმავება არ შედგება რუსეთთან ურთიერთობების გაურესების ხარჯზე. შეუთავსებლობის შეთავსება კი მსოფლიო პოლიტიკაში ძნელად მოსახერხებელია. შესაბამისად, ეს რეზოლუციის პროექტიც, „თეთრი სახლის“ კურსს, რომელიც არც მწვადის და არც შამფურის დაწვას ცდილობს, არ ეგუება“, - განაცხდა ცინცაძემ.
ამ კონტექსტში შეგახსენებთ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის ეროვნული უსაფრთხოების, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „აშშ არც რუსეთის და არც საქართველოს თამაშს არ ითამაშებს“.
მაკფოლის თქმით, „აშშ არ აპირებს, ამოირჩიოს ურთიერთობები მხოლოდ საქართველოსთან ან მხოლოდ რუსეთთან, თუმცა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელები დროდადრო ამ არჩევანის გაკეთებას ითხოვენ“.
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ თამაშს არ ვითამაშებთ. აშშ-ს არასოდეს დაუყენებია საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთების თაობაზე და საქართველო რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში კვლავ უთანხმოების საგნად რჩება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არასოდეს შეიცვლება“, - განაცხადა მაკფოლმა და საქართველოს საზღვრების ურყევობის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.