აკაკი ბობოხიძის თქმით, მმართველი გუნდი თვითონ აპირებს კრიზისის შექმნას

აკაკი ბობოხიძის თქმით, მმართველი გუნდი თვითონ აპირებს კრიზისის შექმნას

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეენარჩუნებინა მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მიეცემა საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან არა 6 თვის, არამედ 3 თვის შემდეგ, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არა 6, არამედ 3 თვით ადრე. დღეს მოქმედი ნორმით კი პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მისი არჩევიდან ექვსი თვისა და საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელი 6 თვის მანძილზე არ შეუძლია. შესაბამისად, ახალი ხელისუფლება პრეზიდენტს ამ შეზღუდვას უხსნის.

პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი.

„ცვლილებების ინიცირება დაკავშირებულია იმ პრობლემებთან რაც უკავშირდება ხელისუფლების დანაწილებასა და ძალთა ბალანსს - ერთი მხრივ პარლამენტს, ხოლო მეორე მხრივ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. 2013 წლის ოქტომბრამდე სანამ ამოქმედდება საკონსტიტუციო ნორმები, რომლებიც ჯერჯერობით არ მოქმედებს და, რომელიც დააბალანსებს პრეზიდენტის ხელისუფლებას, იქამდე იქმნება პოლიტიკური კრიზის საფრთხე და საშიშროება. იმისთვის, რომ კრიზისი დაძლეული იქნას და ბალანსი იყოს დაცული, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის აუცილებელია ამგვარი ცვლილებების ინიცირება“, -განაცხადა მანანა კობახიძემ.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს და საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის პირველი სხდომა იუსტიციის სახლში ჩატარდა. განხილვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობს, არის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, აქვთ იმის შიში, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნის უფლება გამოიყენოს და ამის თავიდან აცილება სურთ. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კონსტიტუციის სწრაფ და ხშირ ცვლილებას არ ემხრობა, განსაკუთრებით, როდესაც ასეთი ცვლილება მცირე დროის განმავლობაში მოქმედებს, კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ არის მიმართული და არ არის სტაბილურ ცვლილებაზე გათვლილი. აქვე ლომჯარია აღნიშნავს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების შინაარსობრივი განხილვა ჯერ არ მომხდარა. ამიტომ იგი ელოდება, როდის დაიწყება განხილვა, რათა უკედ გაიგოს, რა დგას ამ ცვლილების უკან.

„პრეზიდენტს, ერთი მხრივ, ეზღუდება მთავრობის დათხოვნის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, პარლამენტის ნებისმიერ დროს დათხოვნის უფლება ენიჭება. პოლიტიკური კრიზისი კი პარლამენტის დათხოვნამაც შეიძლება გამოიწვიოს. თუკი ხელისუფლების არგუმენტი ის  არის, რომ პრეზიდენტმა, რომლის მიმართაც ხალხში ნდობა არ არსებობს, არ უნდა დაამტკიცოს, მაშინ რატომ უნდა მივცეთ ამავე პრეზიდენტს უფლება, რომ არათუ მთავრობა, არამედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი ნებისმიერ დროს დაითხოვოს? ამდენად, ჩემთვის ეს ორი არგუმენტი წინააღმდეგობრივია“, - ამბობს ნინო ლომჯარია და აქვე აღნიშნავს, რომ ამ კითხვებს კანონპროექტის საჯარო განხილვის დროს აუცილებლად დასვამს.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტს შეუნარჩუნდება უფლება მთავრობა ნებისმიერ დროს დაითხოვოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის მისთვის სასურველ შემადგენლობას წარუდგენს პარლამენტს, ამ უკანასკნელს მაინც გადამწყვეტი სიტყვა რჩება, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისგან. დღეს პრეზიდენტს შეუძლია მთავრობა პარლამენტს სამჯერ წარუდგინოს დასამტკიცებლად და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, პრეზიდენტს უფლება აქვს, მთავრობა თვითონ დაამკტიცოს. ამდენად, საკონსტიტუციო ცვლილება ამ ვითარების შეცვლას ემსახურება.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს შეეძლება პარლამენტი დაითხოვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მისთვის სასურველ მთავრობის შემადგენლობას ვეღარ დანიშნავს. უფლება-მოსილება შეუნარჩუნდება იმ მთავრობას, რომელიც მანამდე მოქმედებდა და მხოლოდ მას შემდეგ დადგება მთავრობის შეცვლის საკითხი, რაც ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„თავისთავად ის, რომ პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს გადააყენოს მთავრობა და ამასთანავე, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარლამენტიც დაითხოვოს, ეს კონსტიტუციონალიზმის პრინციპს ეწინააღმდეგება. არ შეიძლება, პრეზიდენტს როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის მიმართ ასეთი ფართო ბერკეტები ჰქონდეს. ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს არ შეუძლია, ნებისმიერ დროს მთავრობა თავისი ინიციატივით გადააყენოს. მთავრობას ერთგვარი ავტონომია უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული. ამიტომ, ამ კუთხით მე მივესალმები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. არ შეიძლება პრეზიდენტმა პარლამენტისგან დაუკითხავად თვითონ განსაზღვროს პარლამენტის შემადგენლობა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტისთვის პარლამენტის დათხოვნაზე შეზღუდვის მოხსნას, კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს უფრო პოლიტიკური აქტია, ანუ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის წინაშე აცხადებს, რომ პარლამენტის დათხოვნის არ ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტ წარმატებასაც მიაღწევს, ვიდრე პირველი ოქტომბრის არჩევნებში.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, იურიდიული კომიტეტის წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას უზრუნველჰყოფს, მაშინ იგი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს, თუმცა მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პოლიტიკური კრიზისის რისკს უფრო ზრდის და ამიტომ, ბობოხიძე არ აპირებს მის მხარდაჭერას.

„ნებისმიერი კანონი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ქვეყანას კრიზისი მაქსიმალურად ააცილოს, ხოლო თუ კრიზისი მაინც შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში კრიზისის განმუხტვის საკითხს უნდა არეგულირებდეს და არც ერთ შემთხვევაში თავად არ უნდა იყოს კრიზისის ხელოვნურად შექმნის საფუძველი. პარლამენტში რომ კრიზისი შეიძლება შეიქმნას და ეს შეიძლება მმართველმა პარტიამ გააკეთოს, ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს. კანონპროექტის ის ვარიანტი, რაც მე მაქვს ნანახი, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, - აღნიშნავს დეპუტატი.