კორონავირუსის მძვინვარე პანდემიის გამო მსოფლიოს შიმშილის საფრთხე დაემუქრა. მდგომარეობა მძიმე იყო გასულ წლებშიც, მაგრამ ახლა ვითარება საგანგაშო ნიშნულთანაა. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, 2019 წელს სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა.
ვითარება რთულია საქართველოშიც. ჯანდაცვის გამოწვევებთან ერთად, ახლა მოსახლეობისათვის მთავარი ეკონომიკა და შემოსავალია, რომლის კიდევ ერთხელ შემცირება, შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენებს მოსახლეობას და კატასტროფამდე მიიყვანს მთელ ქვეყანას.
ქართველი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეპიდემიის გამო, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ცხადია, გლობალური პროცესის გავლენა მძიმე იქნება მოსახლეობისთვის. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, საფრთხეშია მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა და რისკის შესამცირებლად მთავრობამ ზომები უნდა გააძლიეროს.
„გლობალურ შიმშილობაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ ლაპარაკობდა ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა დეპარტამენტი. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის მოსალოდნელ პრობლემაზე ინგლისში ალაპარაკდნენ. ამას მთელი მსოფლიოდან მოჰყვა გამოძახილი, საქართველოს გარდა. ამ ეტაპზე კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. წლების წინ საუბრობდნენ, რომ 2030 წლისთის მოსალოდნელი იყო მთელ მსოფლიოში კორონას მსგავსი დაავადებები, კლიმატის გლობალური დათბობა და სხვა. გლობალური მასშტაბის პრობლემაა, რაც საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნებსაც ჩაითრევს“, - განაცხადა კობალაძემ და დასძინა, რომ სასურსათო თვითუზრუნველყოფას თუ არ გავზრდით, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია.
„ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს. საქართველოში შიმშილის საფრთხე გაცილებით მაღალია იმის გამო, რომ ხორბალი და მარცვლეულის წარმოებაში ჩვენი თვითუზრუნველყოფა 20%-საც ვერ აღწევს. ამ დროს რუსეთმა და უკრაინამ ექსპორტი შეზღუდეს, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. მიწასა და წყალზე შემთხვევით როდი გავაკეთე აქცენტი, ამ რესურსის გამოყენება თუ ვერ მოხერხდა, არა მარტო მოსავალს, ნიადაგსაც დავკარგავთ და სურსათის წარმოების შესაძლებლობა არ გვექნება“, - განუცხადა „რეპორტს“ კობალაძემ.
უნდა გადაიხედოს საკვების წარმოებისა და მასზე წვდომის მიდგომები, მაგრამ ეს ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, როდესაც ქვეყანაში პრობლემის დადგომის შემდეგ იწყებს ნაბიჯების გადადგმას, ის ეფექტური ვერ იქნება.
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, პანდემიური მდგომაროება უკვე ძალიან მძიმედ დაეტყო ქვეყანას.
„ვითარება დრამატულია. განმეორებითი „ლოქდაუნი“, უკვე პირდაპირ იქნება ორნიშნა ეკონომიკური კლების დამადასტურებელი. დარგების მხრივ რომ ვისაუბროთ, ყველაზე მეტად დაარტყამს საცალო ვაჭრობას, მშენებლობას და ტურიზმს. ეს ბოლო მიმართულება შეიძლება უკვე ჩამოვწეროთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დარტყმა იქნება უფრო ძლიერი.
მოქალაქის ჯანმრთელობა და ჯანდაცვა ცალსახა პრიორიტეტია და სურვილის არარსებობის პირობებშიც კი, თუ არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, ხელისუფლებას მოუწევს მკაცრი შემზღუდველი მექანიზმების გამოყენება და ეკონომიკის მეორე პლანზე გადატანა. ახლა განცხადებებითაც ჩანს, რომ ეს ნამდვილად არ სურს მთავრობას, მაგრამ შესაძლოა, სხვა გზა აღარ დარჩეს. ასეთი სცენარს კი რამდენად გაუძლებს ქვეყანა და მოსახლეობა, რთული სათქმელია“, - განაცხადა ეკონომისტმა.