„მერაბიშვილსაც ისევე ეკუთვნოდა სიაში ადგილი, როგორც სააკაშვილს - სტალინის ცოდვებსაც ბერიას ასე აბრალებდნენ“

„მერაბიშვილსაც ისევე ეკუთვნოდა სიაში ადგილი, როგორც სააკაშვილს - სტალინის ცოდვებსაც ბერიას ასე აბრალებდნენ“

რატომ გაწირა ერთ დროს წინა ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახდა თუ არა მისი დეპუტატობის კანდიდატად დაყენება პარტიაში დაპირისპირებსი მიზეზი? - ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სააკაშვილთან კიევში შეხვედრის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სამცხე-ჯავახეთში კენჭს აღარ იყრიდა. თუმცა გაჩნდა მოლოდინი, რომ ის პარტიის სიაში მაინც იქნებოდა, მაგრამ როგორც პარტიის წევრების განცხადებებიდან ვიგებთ, ის არც ამ სიაში იქნება. უფრო მეტიც, ვანო მერაბიშვილისგან საჯარო დისტანცირებას ნიკა მელია ცდილობს: „ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“, – აღნიშნა მან.

რა მოილაპარაკეს ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა კიევში და ხომ არ ხდება მერაბიშვილზე წინა ხელისუფლების ჩადენილი ყველა დანაშულის მასზე „აკიდებით“ სააკაშვილის გათეთრება. რატომ აღარ უღირს სააკაშვილს წარსულში მისი მთავარი საყრდენის საარჩევნო სიაში შეყვანა?

ანალიტიკსოები for.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ ეს შეთანხმებული თამაში იყოს და პარტიამ ის არაფორამალურად გამოიყენოს. წაინააღმდეგ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი თუ ალაპარაკდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული ზიანი მიადგება და ეს წინასაარჩევნოდ არცთუ მომგებიანი იქნება.

ნიკა მელია კი აცხადებს, რომ როდესაც სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ვანო მერაბიშვილს არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, თანამდებობაზე დარჩენილიყო.

„ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში არ იქნება. ჩემი აზრი არის შემდეგი – მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო ქვეყანაში, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო. ამას ვაფასებ და ვუფასებ, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ, დიდ შეცდომად, როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა დაივიწყა, არადა, სინამდვილეში, ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ მას ასევე აქვს ნეგატიური გამოცდილება. მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნიკა მელიამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მელიას ხმამაღალ განცახდებას.

ამასთან, როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ უკვე ისაუბრა და თემა აქტუალური აღარ არის.

„ვიცით, ვანო მერაბიშვილი არ არის საპარლამენტო სიაში და არც კენჭს იყრის მაჟორიტარად. ეს მან განაცხადა და ასევე სოციალურ ქსელშიც განათავსა პოსტი. ამიტომ, ეს საკითხი დღეისთვის აქტუალური არ არის. არ ვიცი, ალბათ, ნიკა მელიამ იგულისხმა საპარლამენტო სია ან პარლამენტში მაჟორიტარად კენჭისყრა. მან გამოთქვა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიმეორებ, როგორც თავად ვანო მერავიშვილმა განაცხადა და ასევე რა ინფორმაციაც ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს გვაქვს, ვიცით, რომ ის არ იქნება არც საპარლამენტო სიაში და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ აშკარაა ვანო მერაბიშვილისგან „ნაციონალური მოძრაობა“ დისტანცირებას ცდილობს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აქ ორი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ერთი სამართლებლირივი და მეორე პოლიტიკური ფაქტორია - პოლიტკურად მერაბიშვილის ფიგურა ნაციონალებს არაფერში აწყობს. ის საზოგადოების თვალში დამნაშავე რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

„პარტიაში ძალიან კარგად იციან, რომ მერაბიშვილის მიუღებლობა საზოგადოებაში არსებობს და ის პოლიტიკურად მომგებიანი ფიგურა არაა. ახლა პარტიაში მერაბიშვილის უარყოფით იმ საქმეების მიმართ დისტანცირებას ახდენენ, რომელიც მათ ხელისუფლებას საკამოდ მძიმე ტვირთად დღემდე აწევს. ახლა უნდათ, რომ ყველაფერი მერაბიშვილს აკიდონ. თუმცა, თუ სამართლებრივად შევხედავთ, მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და მან იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა, საზოგადოების თვალში პასუხი აგო. არც უდოთი და არც შეწყალებით არ გამოსულა. ამიტომ თუ საქმე-საქმეზე მივა, მერაბიშვილს სათქმელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილმა, საერთოდ, ქვეყანაში დაბრუნებაც ვერ გაბედა და აგერ ხალხს ამდენი ხანია ატყუებს. კანონში არა გვაქვს მუხლი, რომ მას პოლიტიკური აქტიურობის უფლება არ ქონდეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, წესით, ვანო მერაბიშვილამ უნდა თქვას, რომ ის ციხეში იჯდა და იმ დანაშაულებზე რაზეც ედავებოდნენ პასუხი აგო, სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ბოდიშებს ჯერ რაზე იხდის არ ამბობს და მეორეც - ამ ხნის განმავლობაში, მერაბიშვილისგან განსხვავებით, განცხრომით ცხოვრობდა. თუმცა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მერაბიშვილი წინასაარჩევნოდ ამას არ იზამს, რადგანც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვას ნიშნავს. მაშინ მან პირდაპირ სააკაშვილზე და ამ პარტიაზე უნდა გაილაშქროს, რასაც, დიდი ალბათობით, არ იზამს. თუმცა ანალიტიკოსი იმასაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ადგილი ფარულ გარიგებას ჰქონდეს და მერაბიშვილის კავშირებს, შესაძლებლობებს პარტია არაფორმალურად მაინც იყენებდეს.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის გაშავების ხარჯზე მიხეილ სააკაშვილის გათეთრებას ცდილობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სტალინის ცოდვებსაც ბერიას ასე აბრალებდნენ და კომუნისტები ამბობდნენ, რომ სტალინმა არაფერი იცოდა. წარმოუდგენელია მერაბიშვილს ეკეთებინა რაღაც ისე, რომ ეს სააკაშვილს არ სცოდნოდა. მაშინ თუ მერაბიშვილის სიაში ყოფნა არ შეიძლება, სააკაშვილი რატომღა უნდა იყოს? თუმცა ანალიტიკოსი არც იმას არ გამორიცხავს, რომ ეს იყო შეთანხმებული თამაში და მერაბიშვილს რაღაცის სანაცვლოდ აჩუმებენ. მას ეუბნებიან, რომ პარტიისთვის პოლიტიკურად ასეა მომგებიანი და სამომავლოდ მას რაღაცას პირდებიან. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის შესაძლებლობებს პარტია არჩევნებისთის გამოიყენებს და ის, როგორც საჯაროდ საუბრობენ, არც ასეთი გარიყული და პარტიიდან დისტანცირებული არ არის.

„წარმოუდგენელია მთელი იმ ხელისუფლების ცოდვები ერთ კაცს აკიდო. თანაც ისეთს, რომელმაც ამ დანაშაულისთვის სასჯელიც მოიხადა. ვანო მერაბიშვილს არავინ ამართლებს, მაგრამ მასაც ისევე ეკუთვნოდა სიაში ადგილი, როგორც სააკაშვილს. ამათი საუბარი ბერიას და სტალინის ამბავს მახსენებს. სტალინმა არ იცოდა ბერია დანაშაულებს ისე ჩადიოდაო, არადა სტალინის ხელმოწერები იყო იმ სიებზე, რომლის მიხედვითაც ხალხს ხვრეტდნენ. ამიტომაც მარტო ერთ კაცზე ამხელა დანაშაულებების აკიდება არ გამოუვათ.

მერაბიშვილისთვის უბრალოდ არაფრის მომცემი არ არის იმაზე ღიად საუბარი, რომ მას რაღაცა ცოდვებს კიდებენ და ამ ამბავში დამნაშავე მხოლოდ ის არაა. რა თქმა უნდა, მან თუ ხმა ამოიღო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაზიანდება, თუმცა ის ამას რატომ გააკეთებს?! უბრალოდ, არაფერს მისცემს. თუკი დასავლეთიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ან ბიძგი არ ექნება, რომ სააკაშვილი საერთოდ პოლიტიკიდან გაიყვანონ, ის სხვაგვარად არასდროს ალაპარაკდება. მაშინ მანაც უნდა აღიაროს რეალურად, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინა, მაგრამ ის არაა იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, რომ ამ აღიარებამ რამე მისცეს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.