მთავრობამ გარისკა და ავიარესების აღდგენისკენ ნაბიჯი გადადგა

მთავრობამ გარისკა და ავიარესების აღდგენისკენ ნაბიჯი გადადგა

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. დაგეგმილია სხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ფრენის ეტაპობრივი აღდგენა. ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ცა ავიამიმოსვლისთვის ეტაპობრივად გახსნას.

რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში თანდათან აღდგება. „ვიზ ეარი“ საქართველოს მიმართულებით ფრენას სექტემბრის ბოლოდან განაახლებს, ხოლო „რაინეარი“ კი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამჯერად კონკრეტულ გეგმებზე საუბრობს.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია „ვიზ ეარი“. 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი „რაინეარი“ და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ ვიტყვი, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენა „ვიზ ეარის“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან „რაინეარი“ დაიწყებს რეისების შესრულებას. რა სიხშირე და რა მიმართულებები იქნება, ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ“, - განაცხადა თურნავამ.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა „ვიზეარის“ წარმომადგენლობამ. ისინი მზად არიან განაახლონ ავიამიმოსვლა, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

„ვიზეარი“ მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან და მზად ვართ, განვაახლოთ მომსახურება, როგორც კი რეგულაციები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. მგზავრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნონ ავიაბილეთები ან შეუკვეთონ ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. „ვიზეარი“ დროულად აცნობებს მგზავრებს შემდგომი მარშრუტების თაობაზე. პირველი რეისი კი 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი ქუთაისი-რიგის მიმართულებით“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგა მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „ვიზეარს“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. ამასთან, დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან.

რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია „ლუფთანზამ“ აღადგინა; 8 აგვისტოდან, პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ განაახლა; ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია „ეარ ბალტიკი“ ოპერირებს.

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე - რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის - ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას აფასებენ სპეციალისტებით. „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯები მხოლოდ პოზიტიურია, მაგრამ ეს აპრიორში არ ნიშნავს ტურიზმის მიმართულების გახსნას.

„ფრენის აღდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს იქნება პოზიტიური სტარტი და შექმნის ძალიან კარგ ფონს. რატომღაც აღდგენილ ავიარეისებს, ავტომატურად ვუკავშირებთ ტურიზმს, არადა ეს ასე არ არის. ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია საჰაერო ტვირთები და ბიზნეს სექტორისათვის საზღვრების გახნა, ვიდრე ტურისტების ჩამოსვლა ქვეყანაში“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.