„ნაცები“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელიან

„ნაცები“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელიან

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ელიან, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება. იქამდე ათი თვეა დარჩენილი, თუმცა, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გუნდებმა კანდიდატების შერჩევაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. მართალია, ამ საკითხზე, კოალიციასა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოფიციალური კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა, პოლიტიკურ ძალებში მონახაზი უკვე კეთდება - თუ რა თვისებებით მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა. კოალიცია კანდიდატის შერჩევისას აქცენტს მის - კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და წესიერებაზე გააკეთებს, ხოლო ყოფილი მმართველი პარტია, გაზაფხულზე, კანდიდატს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეარჩევს. ხელისუფლება საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციების დაწყებას აპრილის მიწურულს გეგმავს, ხოლო For.ge-ს ინფორმაციით, ამ თემაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ უმცირესობა კანდიდატს იმის მიხედვით შეარჩევს - თუ ვისზე გააკეთებს ორიენტირს „ქართული ოცნება“. როგორც for.ge-ს „ნაცების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, პრეზიდენტმა გუნდის წევრებთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ თუ გაზაფხულზე ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გამწვავდება - უმცირესობის საპრეზიდენტო კანდიდატი - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იქნება, ხოლო თუ კოალიცია ყურადღებას კანდიდატის განათლებასა და კვალიფიკაციაზე გაამახვილებს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - ექს-სპიკერი, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება.

რაც შეხება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილმა სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებად - ვახტანგ ხმალაძე და ირაკლი ალასანია დაასახელა, არჩევნებზე დაუპირისპირდებიან თუ არა ერთმანეთს - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი, ეს თემა დღითიდღე აქტუალური ხდება და თავდაპირველად, უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ შესაძლოა, კოალიციას რამდენიმე კანდიდატი ჰყოლოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კოალიციას ერთი კანდიდატი ეყოლება. მართალია, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ბოლო სიტყვას პრემიერი იტყვის, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად, პრემიერის სიმპათია თავდაცვის მინისტრისკენ იხრება. როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის საუბარი უკვე შედგა და პრემიერისგან ძალოვანმა მინისტრმა მხარდაჭერის პარალელურად, რჩევა-დარიგებაც მიიღო. გაურკვეველია, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმას დათანხმდება თუ არა, მაგრამ კონსტიტუციის იმ ნორმებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტი ირაკლი ალასანიას მსგავსი პოლიტიკოსისთვის დაწინაურება არ იქნება და ეს თანანმდებობა, სასურველი მხოლოდ 80 წლის ადამიანისთვის იქნება „ბროლის ოცნება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კოალიციას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გაერთიანებას ერთი კანდიდატი, რომ ეყოლება, ამაზე პოზიციები უკვე შეჯერებულია.

„ერთი კანდიდატი გვეყოლება და ამაზე შეჯერებული პოზიციები ნამდვილად არის. თუმცა, კოალიციის კანდიდატი თუ ვინ იქნება, ამაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.  ის, რაზეც ბატონი ბიძინა საუბრობს, იმის მაჩვენებლია - თუ როგორი კანდიდატი გვეყოლება. აქ ლაპარაკი არ არის მაინცდამაინც ვახტანგ ხმალაძეზე, არამედ საუბარია იმაზე - თუ რა ტიპის კანდიდატზეა მსჯელობა. კოალიციის კანდიდატი ის პირი გახდება, რომლის მთავარი განმსაზღვრელი -  კვალიფიკაცია, გამოცდილება და წესიერება იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.

საკითხზე საუბრისას, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კოალიციას ერთი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაერთიანების სიმტკიცე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ნაადრევია და ამაზე საუბარი აპრილის მიწურულს დაიწყება. კოალიციას ერთიანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან წარმოუდგენელია, რომელიმე პარტიას ცალმხრივი პოზიცია ჰქონდეს. ჩემი მოსაზრებაა, რომ ერთი კანდიდატი უნდა გვყავდეს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. მოსაზრება მოვისმინე, რომ  შესაძლოა, კოალიციას ორი კანდიდატი ჰყავდეს, მაგრამ ამას გამოვრიცხავ, რადგან ასეთ შემთხვევაში, კოალიცია კოალიცია აღარ იქნება. თუ კოალიციას რამდენიმე კანდიდატი ეყოლება, ეს სარისკო გადაწყვეტილება იქნება და გაერთიანების მდგრადობაზე იმოქმედებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კოალიცია რამდენიმე კანდიდატიტაც გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ იმ გზას არ უნდა  დავადგეთ, როგორსაც წინა ხელისუფლება ადგა. ისინი  „ჯიბის ოპოზიციას“ - ან თარგამაძე-თორთლაძის თაოსნობით ქმნიდნენ, ან ოპოზიციას მმართველი გუნდის რიგებიდან წარმოშობდნენ. ჩვენი წიაღიდან ხელოვნური ოპოზიციის შექმნა არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს მომაკვდინებელია“, - განუცხადა for.ge-ს კანონმდებელმა  და დასძინა, რომ თუ კოალიციას რამდენიმე კანდიდატის წარდგენა მოუწევს, ამ შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ექნება, რაც ლოგიკურიცაა.  

„თუ ჯერი კანდიდატების დასახელებაზე მიდგა, რა თქმა უნდა, „თავისუფალი დემოკრატები“ უპირობოდ ალასანიას დავასახელებთ, პარტნიორებს კი მოვუსმენთ და მათ შეხედულებებს ავწონ-დავწონით. კოალიციაში კონფლიქტებს არ წარმოვშობთ და ჩვენი მიზანი კოალიციის გამყარებაა და არა დაყოფა“, - აცხადებს დეპუტატი.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი კონკრეტულად თუ ვინ იქნება, უმცირესობაში ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვთ, თუმცა, აკაკი ბობოხიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობისთვის ვანო მერაბიშვილმა იბრძოლოს.

„ბუნებრივია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის, რადგან არჩევნებამდე დიდი დროა და დღევანდელი გადაწყვეტილება ორი თვის შემდეგ, შესაძლოა, მომგებიანი არც აღმოჩნდეს. ამიტომ, არსად გვეჩქარება. როცა, სიტუაცია დასტაბილურდება, გადაწყვეტილებას მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე მივიღებთ. ჯერჯერობით, ამ ხელისუფლების მიმართ, ხალხი ეიფორიულ ვითარებაშია, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და გადაწყვეტილებას მივიღებთ. რაც შეეხება კანდიდატს, ვინაიდან, პარტიის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტად დასახელების უფლება არ აქვს, თანანმდებობრივად პოლიტიკური და წონადი ფიგურა ვანო მერაბიშვილია და ალბათ, შიდა განხილვებში, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილი პრემიერი იქნება“, - განუცხადა for.g-ს ბობოხიძემ.

რაც შეეხება იმას, პრემიერ-მინისტრი ალასანიაზე გააკეთებს ფსონს თუ ხმალაძეზე, ცინცაძე აცხადებს, რომ ვინაიდან, პრემიერმა საპრეზიდენტო კანდიდატად ორჯერ ვახტანგ ხმალაძე დაასახელა, არ არის გამორიცხული, რომ მისი კანდიდატურა შეარჩიოს.

„პრეზიდენტი ასოცირებას მიხეილ სააკაშვილთან იწვევს, მაგრამ ისეთი პრეზიდენტი უნდა წარმოვიდგინოთ როგორიც არის გერმანიაში, რომლის გვარიც საქართველოს პარლამენტის ორ წევრსაც არ ეცოდინება. ალასანიას გაპრეზიდენტება მის დაწინაურებად არ მიმაჩნია, რადგან  ეს არის დიდი აქტიური პოლიტიკიდან - საპატიო კომფორტულ თანანმდებობაზე წასვლა, რაც დახლოებით 80 წლის ადამიანისთვის „ბროლის ოცნება“ იქნება, რადგან ეს პოსტი პოლიტიკურ ძვრებზე არ იქნება დამოკიდებული. მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებას კი, რა სჯობს?!“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ - Facebook-ში გამოკითხვა - „რომელ პიროვნებას მიცემდით 2013 წლის ოქტომბრის, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას?“ მიმდინარეობს, სადაც ირაკლი ალასანია ლიდერობს, რომლის შემდეგაც პოზიციებს ვახტანგ ხმალაძე და ვანო მერაბიშვილი ინაწილებენ. ეს გამოკითხვა და საზოგადოებრივი განწყობა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე თუ რა ზეგავლენას მოახდენს - ეს გაზაფხულზე გამოჩნდება.