ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტის კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებითაც უარესდება. ამან, რასაკვირველია, პროდუქცია გააძვირა და მოსახლეობა უკვე წუხს გაზრდილ ფასებზე. მათთან ერთად უკმაყოფილებას გამოთქვამენ მეწარმეებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ გაძვირების პროცესი დაწყებულია.
ბოლო 2-3 კვირაში 10-20 თეთრით მოიმატა ბენზინის ფასმა. სპეციალსიტების შეფასებით, თუ ლარის გაუფასება გაგრძელდა, ეს საწვავს კიდევ უფრო გააძვირებს. ეს დამატებითი წნეხია იმპორტიორებისთვის, რომლებიც ისედაც განიცდიან წნეხს კურსის მერყეობის გამო.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ამბობს, რომ ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად და სწრაფად სწორედ იმპორტიორებზე აისახება.
„კურსი იყო 3,05 ლარი, ჩვენ ზედა ზღვარი 3,10-ზე გვეჭირა, მეტი რა უნდა გვექნა?! მაშინ გვითხრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რა ზედა ზღვარი უნდა აგვეღო - 3.50 ლარი 1 დოლარის ღირებულება? ზოგადად, ისეთი განცხადებები გაკეთდა, რომ აშკარად ცუდი მოლოდინია. თან ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 40 მლნ დოლარი, მაგრამ ვერ აჩერებს კურსს. ძალიან რთული სიტუაციაა“, - აცხადებს ივა ჭყონია.
მისი აზრით, ეროვნული ბანკი ასე თუ ისე ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, თუმცა არავინ იცის, რამდენად საკმარისია იქნება ეს ყველაფერი.
„ახლა რა ნაბიჯებსაც დგამენ, წინა წლებშიც რომ გადაედგათ, ალბათ, ასეთი ნეგატიური შედეგები არ გვექნებოდა, რაც დღეს გვაქვს. შარშანაც და უფრო წინათაც, როცა ლარი საკმაოდ გაუფასურდა, დროულად რომ ჩარეულიყვნენ, ინფლაციის მაჩვენებელი ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ახლაა“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ბიზნესმენმა.
ახლა მთავარი, რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია, აღებული ვალების მიზნობრივი და არა წინასაარჩევნო პრიორიტეტების მიხედვით ხარჯვაა.
„ქვეყანა დამოკიდებულია ტურიზმსა და ინვესტიციებზე. ტურიზმი არ არის, ინვესტიციებიც არ ჩანს. თან ახლა არჩევნები მოდის და ლარის ჭარბი მასა ჩნდება... არ ვიცი, რამდენად სწორია ეს 200 და 300-ლარიანი დახმარებები, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჭარბი ლარის მასა პირდაპირ იწვევს ვალუტის გაუფასურებას, რადგან მიბმული ვართ უცხოურ ვალუტაზე.
მთავრობას კონკრეტულ რჩევებს ვერ მივცემ, რადგან ურთულესი მდგომარეობაა, უბრალოდ ის ვალი, რომელიც ავიღეთ, მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. არ უნდა მოხმარდეს წინასაარჩევნო კამპანიას, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გააუფასუროს ლარი“, - აღნიშნა ჭყონიამ.
შედარებით დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის პურ-პროდუქტების მწარმოებლებისგან. კომპანია „იფქლში“ პურის გაძვირების მოლოდინი არ აქვთ. როგორც კომპანიის დირექტორმა არისი ბოჭოიძემ განაცხადა, ერთი ტომარა ფქვილის ფასი მათ მომწოდებლებს არ გაუზრდიათ, თუმცა ლარის გაუფასურება აისახა შესაფუთი მასალებისა და იმპორტირებული ნედლეულის ფასზე (დაზგა-დანადგარები, მარილი, ზეთები და ა.შ).
„ჩვენი კომპანია აღნიშნულ პროდუქტს ბაზარზე არსებული ქართულ წისქვილკომბინატებისაგან ყიდულობს. შესაბამისად, ჩვენ შუა რგოლი ვართ ამ პროცესში. რა ფასად გაიყიდება მზა პროდუქტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა ფასად მივიღებთ ხორბლის ფქვილს. კომპანიაში ჩვენ მხოლოდ 2 კვირის სამყოფი მარაგი გვაქვს. მეტის დასაწყობებას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. შესაბამისად, ნედლეულის შეძენა-მოხმარება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება თუ რამდენად მოსალოდნელია პურზე ფასის ზრდა მომავალში. ამის განსასაზღვრად უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა ფასი ექნება ერთ ტომარა ფქვილს, როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი და ენერგომატარებლების ფასი და ა.შ. ყველა ჩამოთვლილი ელემენტი გარკვეულ როლს თამაშობს პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასის მატებას თავი ავარიდოთ, რადგან კარგად ვიაზრებთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მომხმარებლების წინაშე გვაქვს“, - განაცხადა ბოჭოიძემ.