როგორც იქნა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ხმა ამოიღო და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. ამჯერადაც მათი სიტყვიერი მანიპულაციები ინფლაციის მაჩვენებლს ეხება, რომელიც მთელი წელია მაღალია, მაგრამ ამას ხელისუფლებაში საგანგაშოდ უკვე აღარავინ მიიჩნევს.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას აზრით, საქართველოში ვალუტის კურსის რყევები ზომიერი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა როგორც აშშ დოლართან, ისე ევროსთან საგრძნობლად გაუფასურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა.
„საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი და მთელი მსოფლიო კრიზისშია შესული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა და სიმძიმეა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას, მიუხედავად ტურიზმის, საგარეო ვაჭრობის და სხვა შეზღუდვებისა, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევით გამორჩეული. რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ჩვენი მაჩვენებლები პროცენტულად დაბალია. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს კრიზისი ლარის კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურნავამ.
ნეგატიური მოლოდინები გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების პარალელურად, შესაძლოა, მოლოდინიც გაჩნდა, რომ მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდებოდა.
„შესაძლოა, გაჩნდა გარკვეული მოლოდინი, მათ შორის ბიზნესში, რომ მთავრობა მიმართავს საყოველთაო საკარანტინე ღონისძიებებს და შესაძლოა, მოხდეს ბიზნესის შეზღუდვა. ვიმეორებთ - საყოველთაო შეზღუდვები არ დაწესდება, ეკონომიკა იმუშავებს. ვფიქრობთ, ეს გაანეიტრალებს ნეგატიურ მოლოდინებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის. მსგავსი ტენდენციას დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.
„მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.
იმის გამო, რომ ქვეყანა გაზრდილი სოციალური ხარჯების აუცილებლობის წინაშე მომავალ წელსაც იქნება, ეროვნული ბანკი კურსზე ამ ხარჯების ეფექტის გასანეიტრალებლად, სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას კვლავ გააგრძელებს.
„მთავრობამ ხარჯვა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. შეუძლებელია სხვანაირად ის დახმარება, რომელიც არის გამოყოფილი მივიდეს იმ ადამიანებამდე და სექტორებამდე, რომელთაც დახმარება სჭირდება. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ამგვარი დახმარებების აუცილებლობა, დიდი ალბათობით, შემდეგ წელსაც იქნება აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამ დანახარჯებს აქვთ გავლენა გაცვლით კურსზე. ამიტომ ჩვენც აქტიური ვიქნებით სავალუტო ბაზარზე. სხვანაირად შეუძლებელი იქნება პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შეჩერება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ლარის ბედი დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ და გადაუდებელ მოქმედებებზე. სხვა შემთხვეაში შეიძლება კურსთან ერთად ეკონომიკაც ჩამოიშალოს. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე კატეგორიულად ითხოვს, რომ შეჩერდეს ლარის ვარდნა.
„ლარის გაუფასურების თავიდან აცილების გარეშე ეკონომიკის ბევრი დარგი ჩამოიშლება განსაკუთრებით ის სფეროები, სადაც ფასები სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებული. მაგალითად, ენერგეტიკა ვერ გადარჩება, ვინაიდან ის განწირულია ზარალიანობისათვის. ხოლო ბიუჯეტს ამ დარგების სუბსიდირების ფული არ აქვს.
მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის ვარდნა. მიზეზი ძალიან ბევრია, მათ შორის ისიც, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე, ინვესტიციების კლება და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუარესება. ამას დაემატა ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, ისესხა ფული მთავრობამ მილიარდ ნახევარი დოლარი, რაც 5 მილიარდი ლარია, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. ის დოლარები, რომელიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვებში იქნა თავმოყრილი, საგარეო ვალის სახით, ეროვნული ბანკი ვალდებულია, რომ განახორციელოს ინტერვენციები და გააჩეროს ლარის გაუფასურება.
დღეს ჭარბი საგარეო ვალით აღებული ფულის მიწოდების ფაქტორი ანგრევს ლარს და ამის განეიტრალების ერთადერთი გზა არის გაშვებული ფულის უკან ამოღება, ე.წ. სტერილიზაცია ეროვნული ბანკის მეშვეობით. სხვა გზა, გარდა ინტერვენციებისა არ არსებობს.
ასევე ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი არის ჩატოვებული, ძველი, უსარგებლო, კორუფციული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის და პროექტებისთვის განკუთვნილი ხარჯები, რომელიც არ შეამცირა მთავრობამ და დღეს უკვე ორმაგ ხარჯს ეწევა აღებული საგარეო ვალით. ასევე ახლა მოუნდათ მაინცდამაინც 17 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემა. ამ ორმა მიზეზმა გამოიწვია კუმულაციური ეფექტი და დღეს ლარის ბედი დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ და გადაუდებელ მოქმედებებზე“,- განაცხადა გოცირიძემ.
ამასობაში, მორიგი გაუფასურებისა და ინფლაციური პროცესების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკმა 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ის ფარგლებში შეინარჩუნა.