ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთი დარტყმის მოლოდინშია. გაუარესებული ეპიდსიტუაცია ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას არ იძლევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული გათვლებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდება. რა გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე ვირუსის მეორე ტალღა, რა ბერკეტები აქვს ქვეყნის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში ეკონომიკური თვალსაზრისით, for.ge-ს კითხვებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია პასუხობს.
ვახტანგ ჭარაია: არსებული ტენდენციით თუ წავალთ, ეკონომიკაზე დარტყმა არ იქნება განსაკუთრებულად დიდი, თუმცა ერთ ნეგატიურ ტალღას ქართული ეკონომიკა, ისევე როგორც სხვა ქვეყნენის ეკონომიკა, აუცილებლად მიიღებს. ტურიზმი, რომელიც ზაფხულში შიდა ტურიზმის სახით იქნა დაშვებული, ფაქტობრივად, სრულად ჩაიკეტება არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ – თავად მოქალაქეების მხრიდან. ისინი თავად არ გადაწყვეტენ შიდა მოგზაურობას. თუ კორონავირუსი ისევ განაგრძობს გავრცელებას და არ იქნება ანტივირუსი დროულად, სავარაუდოდ, ზამთრის სეზონზეც გვექნება გარკვეული შეფერხებები, რაც მთლიანობაში ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. თუ ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან წლის ბოლოსთვის 5%-ანი ვარდნის მოლოდინი გვაქვს, შეიძლება, ეს მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდოს. თუმცა, ამას დაზუსტებით ვერავინ იტყვის, ვერც მსოფლიო ბანკი, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს მაკროეკონომიკური მდგენელები. ასევე, ადამიანების განწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. საორიენტაციოდ 5% გვექნება ეკონომიკური ვარდნა. თუმცა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს დავეყრდნობით, 2021 წლიდან საქართველოშიც და გლობალურადაც შედარებით გაჯანსაღების პროცესი იწყება და ეკონომიკური ზრდის ტრენდზე გადავდივართ.
ბოლო დღეებში ლარის კურსის სერიოზული ვარდნა ფიქსირდება, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება უახლოესი პერიოდისთვის და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ბერკეტები თუ გვაქვს ამ პროცესის ხელოვნურად შეკავების?
- ლარის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი ქართული ეკონომიკისთვის ეს უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია, იმიტომ, რომ ხშირად გაცვლით კურსს ვიღებთ მთავარ ორიენტირად და თუ უფასურდება ე.ი. ძალიან ცუდად არის საქმე და თუ მყარდება კარგად, მაგრამ ეს ასე არ არის. მანამ პანდემია შევიდოდა აქტიურ ფაზაში, ეს არის თებერვლის ბოლო მარტის დასაწყისი, ამ პერიოდიდან დაწყებული იყო ძალიან სტაბილური, ნახევარი წლის განმავლობაში ლარი გაუფასურდა დაახლოებით სამი პროცენტით. ბოლო კვირამ საკმაოდ დააჩქარა ეს ტემპი და ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი 3%-ანი გაუფასურება. ეს დამოკიდებულია იგივე განწყობებთან, რომ შეიძლება პანდემიის მეორე ტალღა დადგეს და ეს მოქმედებს როგორც ბიზნესზე, ასევე ფიზიკურ პირებზე. ამიტომ, მე უფრო ამ კუთხით ვაკავშირებ ლარის გაუფასურებას, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთან.
ჩვენ რომ ავიღოთ ინვესტიციები, თუ მსოფლიოში მოსალოდნელი იყო 40%-იანი ვარდნა, საქართველოში ჩვენ მივიღეთ ნახევარ პროცენტიანი ზრდა. ასევე, გვიმცირდება როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი, თუმცა მთლიანად, ქართული წარმოება საკმაოდ მძლავრად არის და ინარჩუნებს თავის ტემპებს. წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებაზე მეტად არავის არ აწყობს, რომ ლარი იყოს სტაბილური მაგრამ, ეს ფაქტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ასე მარტივი არ არის. გარკვეული მცირე ინტერვენციებით, ხანგრძლივი პერიოდით ლარის კურსის შენარჩუნება არის შეუძლებელი. ლარი არის იმ პროცესების გამზომველი, რომელიც ქვეყანაში ხდება.
ეროვნული ბანკის როლი რა არის ამ პროცესებში?
- ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, რომელიც მოკლევადიანი სტაბილურობისთვის არის საკმარისი. ხშირად ისმის ეროვნული ბანკის მისამართით კრიტიკა, მაგრამ თვეების წინ, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ პროცესებში აქტიური ჩარევა, თუმცა ის არის მოკლევადიანი ეფექტის მომცემი, იმიტომ, რომ გრძელვადიან პერიოდში შეუძლებელია კურსის შენარჩუნება, თუ ეკონომიკაში არ გაქვს შესაბამისი ბალანსი. ამიტომ, ეროვნული ბანკის როლი მნიშვნელოვანია, ის აქტიურად უნდა ჩაერიოს როგორც თავისი რეზერვებით, ასევე სხვა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით იმისთვის, რომ ლარი იყოს შედარებით სტაბილური. თუმცა, ჩვენ რომ დავავალოთ ეროვნულ ბანკს, წლის განმავლობაში კურსი სტაბილურად შეინარჩუნოს, ამისი რესურსი მას არ გააჩნია, თუ სხვა თანმდევი პროცესები არ უწყობს ხელს. გრძელვადიან პერიოდში სწორება უნდა ავიღოთ მთავრობაზე და ეკონომიკის გამოჯანსაღებაზე.
აღნიშნეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები 2021 წლიდან გამოჯანსაღების პროცესს ვარაუდობენ, რა გათვლებს ეყრდნობა ეს ვარაუდები და საქართველოზე რა გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკის გამყარებას?
- არის კვლევები, რომლის თანახმადაც პანდემიური პროცესები წავა დაღმავალი სვლით და აღმავალი სვლა ექნება საერთაშორისო ტურიზმს, მომსახურების სექტორს, საერთაშორისო ვაჭრობას და ასე შემდეგ. ამაზე დაყრდნობით ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება საქართველოშიც. თუმცა, არავინ არ იცის რეალურად რა მოხდება 2021 წელს, ეს ყველაფერი არის პროგნოზები. კარგია, რომ საქართველოს აქვს ოპტიმისტური პროგნოზები, თუმცა მაინც, ეს ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ნამდვილად გვექნება ეკონომიკური ზრდა.
უპრეცედენტოდ გაზრდილი საგარეო ვალი, რომელიც დიდ ტვირთად დააწვება ქვეყანას უახლოეს წლებში, ამას დამატებული პანდემიით გამოწვეული შიდა ზარალი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ეს ყველაფერი მისცემს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების საშუალებას?
- საგარეო ვალი უკვე არის იმ ნიშნულზე, როდესაც უკვე ვუახლოვდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას, რომელიც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას ვალი ავიღოთ, თუმცა ჩვენ გვაქვს საქართველოში კანონი, რომელიც ზღუდავს საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-ზე გადაცილებას, ანუ ჩვენ უკვე შიდა რეგულაციებითაც ვართ შეზღუდული და ვუახლოვდებით ამ ნიშნულს. აღსანიშნავია, რომ ბოლოს აღებული ვალი უფრო გამართლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ბევრად მეტი ვალი გვექნებოდა და მასობრივად, ბიზნესპროექტების გაჩერების პირობებში, ბიუჯეტში შემოსავლების კლების პირობებში, სახელმწიფოს გაუჭირდებოდა საკუთარი ფუნქციების შესრულება. მაგალითად, პენსიის გაცემაც კი საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ამას რომ დავამატოთ მასწავლებლების, პოლიციელების, ჯარისკაცების და ასე შემდეგ სახელფასო ანაზღაურებები, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება ეს ყველაფერი და ვალის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პროცესების ისე მართვა, რომ არ ყოფილიყო სერიოზული ზიანი რომელიმე დარგისთვის.
თავად კოვიდის მართვას დასჭირდა საკმაოდ სერიოზული რესურსი, ვალის აღება გარდაუვალი იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი, მოუხდა სხვადასხვა ფონდებიდან ტრილიონობით დოლარის მოზიდვა ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. იგივე ეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად, გადასულია ან ფონდების და რეზერვების გამოყენებაზე, ან სესხების აღებაზე. ასე რომ, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მომდევნო ვალის აღება ძალიან დიდ რისკებს უკავშირდება იმიტომ, რომ ამ 60%-იანი ზღვარის გადაცილების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს გაუუარესდეს ცალკეული რეიტინგები, გაგვიძვირდეს სესხის აღება და გარკვეულ რეიტინგებში და კვლევებში მოგვიხდეს ადგილის დათმობა, რაც არასახარბიელოა. ასე რომ, ამ მიმართულებით ხელისუფლებას გაათმაგებული ყურადღება მართებს.