კორონავირუსის პანდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღის გამო მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნა მოსალოდნელზე მეტად შემცირდება. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მთავარი მიზეზი ისაა, რომ პანდემია უკან მოსალოდნელზე ნელი ტემპით იხევს. რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო ძლიერდება ინფექციის გაძლიერების შიში და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე აჟიოტაჟი მატულობს.
ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ თვიური მიმოხილვის მიხედვით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღეში 9.46 მილიონი ბარელით შემცირდება, ეს მონაცემი აგვისტოში 9.06 მილიონ ბარელი იყო.
„სატელეკომუნიკაციო და დისტანციური კონფერენციების რაოდენობის გაზრდის შედეგად სატრანსპორტო საწვავის სრულად აღდგენა 2019 წლის დონემდე ამ ეტაპზე შეუძლებელია“, - აღნიშნულია „ოპეკის“ მიმოხილვაში.
დღევანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 39 დოლარის ფარგლებშია, კიდევ უფრო იაფია ამერიკული მსუბუქი ტიპის ნავთობი.
კიდევ უფრო არასახარბიელო სცენარზე საბურობენ „ბრიტი პეტროლეუმში“. კომპანიის ანალიტიკოსების პრონოზით, ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უახლოესი 30 წლის განმავლობაში არ განახლდება, თუნდაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა არ გამკაცრდეს.
„ბიპი“ თავის ყოველწლიურ ენერგეტიკული დარგის განვითარების სამ სცენარზე საუბრობს:
„სწრაფი“ - როცა ხდება შესაბამისი ზომების გატარება, რომელიც გააძვირებს სათბურის აირების გამოყოფას მწარმოებლებისათვის 70%-ით 2018 წლის დონესთან შედარებით.
„ნულოვანი“ - როცა გამკაცრებულია არა მხოლოდ ეკოლოგიური პოლიტიკა, არამედ სოციალური და სამომხმარებლო საქციელი ენერგიის გამოყენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში სათბურის აირების გამოყოფა უნდა შენცირდეს 95%-ით 2050 წლისათვის.
„ჩვეულებრივი“ - როცა ხდება არსებული ტენდენციების შენარჩუნება გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილებების გარეშე. ამ სცენარში ნავთობზე მოთხოვნა 2050 წლისათვის შემცირდება 10%-ით, „ნულოვან“ სცენარში - 80%-ით, ხოლო „სწრაფ“ სცენარში - 55%-ით.
სანამ გლობალური ტენდენციების კონტურები გამოიკვეთება, მანამდე საქმეში კორონავირუსის პანდემია და მისგან გამოწვეული მოვლენებია. როგორც ჩანს, მსოფლიოში პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინმა გავლენა უკვე მოახდინა შავი ოქროს ღირებულებაზე. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის უცაბედი გაიაფება გამოიწვია.
„რამდენიმე მნიშნველოვანი საკითხია აღსანიშნავი: პირველი გახვლავთ ის, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მიმდინარე ეპატზე შეამცირა ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი და გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ეტაპზე ნავთობის მოთხოვნის აღდგენის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ საუდის არაბეთი, ფასთა კლებას ახდენს რიგ ქვეყნებთან მიმართებით, როგორც აზიაში, ისე ევროპაში და აშშ-ში. სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია, რომ ნავთობზე ფასი შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით ეს თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი კლება ნამდვილად არ არის. რთულია განსაზღვრო როგორი იქნება ნავთობის ღირებულება თუნდაც ახლო მომავალში, რადგან ეს უამრავ პროცესზეა დამოკიდებული და მათ შორის, ყველაზე მთავარია კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა ვანო მთვალაშვილმა.