„ბურჯანაძეს ისე გაუხდა საქმე, რომ სააკაშვილთან მივიდა, გუბაზ სანიკიძეზე გაუბედურებული ადამიანი თუ არის ვინმე, ვერ წარმომიდგენია“

„ბურჯანაძეს ისე გაუხდა საქმე, რომ სააკაშვილთან მივიდა, გუბაზ სანიკიძეზე გაუბედურებული ადამიანი თუ არის ვინმე, ვერ წარმომიდგენია“

ოპოზიციონრები გვარწმუნებენ, რომ კოალიციური მთავრობა გარდაუვალია, უბრალოდ, ახლა ისინი იმის საგონებელში არიან, ვინ იტვირთავს კოალიციის გამაერთიანებლის ფუნქციას, რათა კოალიცია არ დაიშალოს.

„თუ არ იქნება გამაერთიანებელი ძალა, კოალიცია დაიშლება“,- მიიჩნევს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის შექმნა, რადგან, დღევანდელი მონაცემებით, უმრავლესობას ერთპიროვნულად ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ აგროვებს.

ირაკლი ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ ხალხს სულაც არ აინტერესებს, რა ტიპის კოალიციური მმართველობა იქნება, ხალხს აინტერესებს ერთი რამ, ამ ტიპის მმართველობის შედეგად მათი ცხოვრება გაუმჯობესდება თუ არა. ამიტომ ყველამ ერთად უნდა შეძლოს საზოგადოების დარწმუნება, რომ კოალიციური მმართველობით შევძლებთ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას.

რას ნიშნავს ბოლო პერიოდში მომრავლებული განცხადებები, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის შექმნას ელექტორატის 73% უჭერს მხარს? მართლაც არის თუ არა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა კოალიციური მთავრობის შექმნა და ერთობლივი პასუხისმგებლობის აღება?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ადასტურებს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა. ეს თითქოს მომხიბვლელი იდეაა, რომ ხალხს სურს პოლიტიკური პლურალიზმი და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის დომინაცია, მაგრამ ამ მომხიბვლელობის მიღმა პოლიტიკური კრიზისი იმალება.

„რასაკვირველია, ეს დემოკრატიულად და მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ, კოალიცია არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. საპარლამენტო წყობილების დროს კოალიცია იქმნება მაშინ, როცა არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, როცა არასტაბილური ვითარება, შუალედური მდგომარეობაა. წარმოვიდგინოთ სამი შესაძლო მდგომარეობა, ერთი, როცა გამარჯვებული გამოვლინდა და მან შექმნა მთავრობა, ე.ი. პარლამენტის ნახევარზე მეტი მანდატები აიღო არჩევნების შედეგად. მეორე უკიდურესი მდგომარეობა, როცა პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ანუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ვერავინ ვერ ახერხებს მთავრობა შექმნას და მათთან შუა არის კოალიცია. როგორც წესი, კოალიციის განვითარება ორი გზით ხდება ხოლმე, ან მივდივართ სტაბილურობამდე, ანუ ისეთი მყარი კოალიცია იქმნება, რომელიც რეალურად ერთი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური „კულტურა“ რომ ვიცით, ეს აუცილებლად მიგვიყვანს დომინაციამდე, ან ქოცების დომინაციამდე, ან ნაცების დომინაციამდე. კოალიცია რომ შედგეს და თანაბარმნიშვნელოვანი ძალის მქონე პოლიტიკური სუბიექტები იყოს, ამის მიღწევას დრო დასჭირდება, რადგან ჯერ პარტიები უნდა გაიზარდონ, პოლიტიკური სუბიექტები რეალურები უნდა იყვნენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, დღეს ორი ბანაკია და ამ ორი ბანაკის გარშემო ცდილობს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი თავისი ადგილი იპოვოს. ქოცები უარს ამბობენ ყოველგვარ კოალიციაზე და შეიძლება მართლებიც არიან, რადგან ერთადერთი გზა გაჯანსაღებისა და პატრონკლიენტელიზმის განკურნებისგან ის არის, რომ წვრილ-წვრილი კლიენტელები არ უნდა შეინახო, მათ საშუალება არ უნდა მისცე, შენს ხარჯზე იპარატიზონ.

ანალიტიკოსის პროგნოზით, ნაცების კოალიცია თუ შეიქმნა, ის მოჩვენებითი იქნება, რადგან ნაცების კოალიცია ადრეც გვინახავს. ყველას გვახსოვს ტრიუმვირატი - ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი. ისიც გვახსოვს, როგორ ექცევიან ეგენი პოლიტიკურ პარტნიორებს და რა გარანტიაა, რომ შეიცვლებოდნენ?!

„უკეთესები გახდნენ, რამე ისწავლეს, თუ რამე დაივიწყეს? ან დანარჩენი პარტიები გაიზარდნენ? ისინი უფრო გასაცოდავდნენ. ბურჯანაძეს ისე გაუხდა საქმე, რომ სააკაშვილთან მივიდა, ამაზე მეტი საცოდაობა რა იქნება? ან გუბაზ სანიკიძეს, მასზე გაუბედურებული ადამიანი თუ არის ვინმე, როგორც კაცი, მე ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება მოსახლეობის 73% უჭერს თუ არა მხარს კოალიციურ მთავრობას, გააჩნია, კითხვას როგორ დავსვამთ. თუ კითხვა იქნება, „პოლიტიკური პლურალიზმის მომხრე ხართ თუ არა“, 73% კი არა, 100% იტყვის, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, ერთი პარტიის ხელში იყოს ყველაფერიო. ყველა ნორმალური ადამიანი ამას იტყვის, მაგრამ, ადამიანები თუ მიხვდებიან, რომ ეს სინამდვილეში არის შირმა, რომლის უკანაც ნაცები დგანან, სულ სხვა შედეგი დადგება“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი და დარწმუნებულია, დღეს კოალიციაზე საუბარი ნაცების ინტერესშია, რადგან კოალიცია ქოცების დასამარცხებლადაა გამოყენებული.

თანაც, საინტერესოა, რა პოზიტიური ნიშნით შეიძლება გაერთიანდნენ კოალიციის მომხრეები? იმ საარჩევნო დაპირებებით, რომ 2 მილიარდით შეამცირებენ ბიუროკრატიის ხარჯს?

„ისეთ კოალიციას რა ვუთხარი, ვინც ამ დაპირებას დაეთანხმება და ნაცებთან გაერთიანდება. ამ აფერისტების გვერდით რა კოალიცია უნდა შექმნან? კი ბატონო, თუ მოხერხდება, პოზიტიური დღის წესრიგის მქონე პარტიების თავმოყრა, კარგი იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურ ძალთა ბალანსზეა დამოკიდებული. ერთადერთი, ამ არჩევნების მთავარი ეროვნული მიზანია, ნაცები რაც შეიძლება ცოტანი შევიდნენ პარლამენტში და მათ ხარჯზე შევიდნენ წვრილ-წვრილი პარტიები. ასეთი სცენარი კარგი იქნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად ირეალურია, „ოცნებას“ ვინმემ უმრავლესობა წაართვას“.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის დაკვეთა ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ დღეს კოალიციური მთავრობის იდეას ავითარებენ ნეოლიბერტარიანული დაჯგუფების პოლიტიკური პარტიები.

„თუ იქნება ანტინაცისტური კოალიცია, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ასეთი კოალიცია კარგი იქნება. შეიძლება, აქ კიდევ შევიდეს „სოლიდარობის გაერთიანება“, რადგან ისიც ავითარებს ანტინაცისტურ განწყობას. თუ „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მთავრობას, რომელიც მეტ სტაბილურობას მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ნეოლიბერტარიანელების კოალიციური მთავრობა, ეს სხვა საქმე იქნება“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.