უკვე ერთი კვირაა ლარი უფასურდება. ეს უშუალოდ წინასაარჩევნოდ მოულოდნელიც იყო. კურსი 3,12-ს გადასცდა თუარა ეროვნული ბანკი მაშინვე ჩაერია პროცესში და 40 მილიონი დოლარი გაყიდა. მთავრობა ცდილობს სავალუტო ბაზარზე წონასწორობა დაიცვას, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ფული უჯდება და შედეგი სახარბიელო მაინც არ არის.
ახლა ყველაზე მთავარი კითხვა ის არის, გაუფასურდება თუ არა ლარი არჩევნების შემდეგ. 31 ოქტომბრამდე როგორც იმოქმედებს ეროვნული ბანკი უკვე ყველასთვის ნათელია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრობას და ეროვნულ ბანკს სწორი საფინანსო დამონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, „დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა“ და კურსს ეროვნული ბანკი არჩევნებამდე დაიჭერს.
„ეკონიმიკა ჩამოშლილია და ხელისუფლებას არც ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ამ ეკონომიკის პირობებში ლარი არის ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე, ლარის დღევანდელ კურსს იჭერს ეროვნული ბანკი, წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს.
ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც სესხად ავიღეთ, ახლა დევს ეროვნულ ბანკში და ეროვნული ბანკი უკვე ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. ინტერვენციებს და თვეში რამდენჯერმე. არის ზუსტად ის სცენარი, რაც 2016 წელს იყო, სამი თვე დაიჭირა კურსი წინასაარჩევნოდ, არჩევნები დამთავრდა და იმავე დღეს დაიწყო გაუფასურება. ამიტომ დღეს პოლიტიკურად მართული ლარი გვაქვს“, - განაცხადა გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიუხედავად, ლარის გამყარება მოკლევადიან პერიოდშიც ვერ ხერხდება. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, ინტერვენციები იძლევა მხოლოდ შესაძლებლობას, რომ კურსი მკვეთრად არ გაუფასურდეს.
„ეროვნული ბანკის ერთადერთი მიზანია, რომ მთავრობის დავალებით შეინარჩუნოს კურსი მინიმუმ, არჩევნებამდე. ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება კურსი, ამაზე პროგნოზი შეუძლებელია. გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, არც უნდა გვქონდეს ეს მოლოდინი.
თუ სებ-ისთვის მთავარია, ლარი სტაბილური იყოს, რადგან მერყევი კურსი ეკონომიკას ანგრევს, ბიზნესის მხრიდან არაპროგნოზირებადი სიტუაცია ყალიბდება. ელემენტარულად, 3 კვირის გეგმას ვერ აწყობენ კომპანიები იმის გამო, რომ არ იციან, როგორ შეიცვლება კურსი და რა გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე.
ეროვნულ ბანკს არა მარტო არჩევნების წინ, მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა ზემოქმედებით. სხვა ყველაფერს შეეგუება ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა“, - განუცხადა „რეპორტს“ ელიავამ.
არჩევნების იმდენად დიდი გამოწვევა არ არის ლარისთვის, როგორც მოსალოდნელი მეორე ტალღა და ეკონომიკაში დაწესებული შეზღუდვები. შემოსავლების კლება ლარის კურსზე ნეგატიურ ასახვას მოახდენს. პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ინტერვენციებით სავალუტო სტაბილურობის მიღწევა მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება.
„ბოლო პერიოდში მუდმივად არის საუბარი, რომ არჩევნები ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. ასეთ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, არჩევნები არ ახდენს გავლენას კურსზე, თუ ვინმე ასე ფიქრობს, აშკარად მცდარი შეხედულებაა. კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, როგორია მაკროეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. როცა მოქცევაში ფულის რაოდენობა მატულობს ან მცირდება, კონტროლის ფუნქცია სებ-მა უნდა გააძლიეროს.
დამოკიდებულება, რომ არჩვენების შემდეგ კურსი დაეცემა ან გამყარდება, დასაბუთებული მოსაზრება არ არის. სამომავლოდ, თუკი პანდემია გაგრძელდება და ეკონომიკა ჩაიკეტება, შემოსავლები შემცირდება და ფული მიმოქცევაში არსებულ დონეზე დარჩება, სებ-ს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რაც ლარის სტაბილუროაბს მეტ-ნაკლებად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თუთბერიძემ.
ესე იგი კუპონიზაციააააა?
კაკრას კუპონაც იქა ყავთ---- ,,ესმის,, ეს საქმე