ეროვნული ბანკი ოქტომბრიან სავალუტო ბაზრის მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს. რას მოიტანს ის ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის უცნობია. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ ლარი დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია და მეტიც, უშუალოდ წინაარჩევნოდ მან გაუფასურება დაიწყო. ბიზნესმენები პირდაპირ ითხოვენ კურსის დაჭერას.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. საქმე ეხება „ბლუმბერგის“ სისტემის ახალი „ბიმაჩ“ პლატფორმას, რომლის საფუძველზეც ეროვნულმა ბანკმა შეხვედრის მონაწილეებს სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესები წარუდგინა. „ბიმაჩ“ პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია.
„რეფორმა ორ მიმართულებას მოიცავს, ერთი მხრივ, სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებას, რომელიც გლობალური სავალუტო კოდექსის ქართულ ბაზარზე დანერგვას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ - „ბლუმბერგის“ „ბიმაჩ“ პლატფორმის ამოქმედებას და მასზე ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთად კლიენტთა ფართო წრის დაშვებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ საკუთარი განაცხადი „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე განათავსონ და გარიგებები სხვა ფინანსურ დაწესებულებებთან ან კომპანიებთან ბაზარზე იმ მომენტისათვის არსებული საუკეთესო კურსებით დადონ.
რეფორმის მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა.
სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპის დაწყება 1-ლი ოქტომბრიდან იგეგმება. სწორედ ამ პერიოდიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესი და მოხდება „ბიმაჩ“ პლატფორმაზე კომპანიების აქტიური დაშვება“, - აღნიშნეს ერვონულ ბანკში.
სანამ სავალუტო ბაზარზე ახალი ცვლილება მოხდება, რომელიც კონკრეტულად რა შედეგს მოიტანს ჯერ არავინ იცის, ამასობაში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო და 3,10-იან ნიშნულს გადასცდა. ასეთი რამ ბოლო თვეებში აღარ დაფიქსირებულა და რაც მთავარია, ეს ხდება უშუალოდ არჩევნების წინ.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ლარის კიდევ უფრო გაუფასურება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება. საყურადღებოა, რომ ლარი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიუხედავად, მაინც უფასურდება.
„ლარი დაახლოებით 2 პუნქტითაა გაუფასურებული. საგანგაშო იქნება უფრო მაღალ ნიშნულამდე აწევა, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რეზერვები თუ მოზიდული თანხები, რაც საფინასნო ინსტუტებმა გამოყვეს კორონავირუსის შედეგად სიტუაციის დასასტაბილირებლად, მაქსიმალურად გამოყენოს“, - განაცხადა პაპაშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი წონასწორობის ნიშნული და რა მაჩვენებელია ბიზნესისთვის სასიგნალო, პაპაშვილი აცხადებს, რომ ლარის ოფიციალური კურსი 3.10-იან ნიშნულს არ უნდა გასცდეს.
„ეს კურსი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაჭერა ძალიან გართულდება“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესმენმა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურობს. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან 27 აგვისტოს ჩათვლით 330 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ კურსის შენარჩუნება მხოლოდ დროებით მოახერხა.
ფინანსისტ ლია ელიავას აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, სებ-მა ლარის სტაბილურობისთვის კიდევ უფრო ადეკვატური ნაბიჯები გადადგას, რათა შემდგომში მისი მერყეობა ეკონომიკაზე მძიმედ არ აისახოს.
„მთავარია, უახლოეს პერიოდში ლარმა ვარდნა არ დაიწყოს. ყველაზე დიდი როლი, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრია, რამდენად შეძლებს იგი, რომ ლარის გაცვლითი კურსი შეინარჩუნოს. მე მაინც ვვარაუდობ, რომ წინასაარჩევნოდ სებ-ი შეეცდება, გაანეიტრალოს არასასურველი მოვლენები ბაზარზე და შეინარჩუნოს მეტ-ნალებად სტაბილური კურსი.
მომავალში რა მოხდება, ვერავინ იტყვის, რადგან არც მანამდე იკლავდა ეროვნული ბანკი თავს, რომ ლარი სტაბილური ყოფილიყო და არც შემდგომში იქნება ასეთ პოზიციაზე. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ლარის არასტაბილურობა პირდაპირ აზარალებს ეკონომიკას. ვგულისხმობ არა მარტო შიდა პროცესებს, არამედ ინვესტიციებსაც, რომელსაც უცხოეთიდან მუდმივად მოველით“, - განაცხადა ელიავამ.
მისი აზრით, მთავარია, ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და წლების განმავლობაში საკურსო ნიშნული არ იცვლებოდეს.