„ოცნებას“ არ აქვს ახლა ის სიტუაცია, რომ ივანიშვილის სიაში ყოფნა აუცილებელი იყოს“

„ოცნებას“ არ აქვს ახლა ის სიტუაცია, რომ ივანიშვილის სიაში ყოფნა აუცილებელი იყოს“

რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში არ იყოს და, დიდი ალბათობით, ის წინასაარჩევნო მარათონში აქტიურადაც არ ჩაებმება. ივანიშვილმა საარჩევნო პროცესების მართვის საჭე პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიანდო და სიის პირველი ნომერიც ის იქნება. შემდეგ კი მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ირკალი ღარიბაშვილი მოჰყვება. რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნების ბედი ამ ადამიანებისთვის მიენდო და რა აძლევს მას გამარჯვების იმედს? for-ge -სთან ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს ასახელებენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიაში არყოფნა მისთვის გასაკვირი არ არის, რადგან მიაჩნია, „ოცნებას“ არა აქვს ახლა ის სიტუაცია, რომ მისი სიაში ყოფნა აუცილებელი იყოს. ძაბირაძე ამბობს, რომ ხალხისთვის და „ოცნების“ ამომრჩევლისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ის სიაში ეწერება თუ არა. ივანიშვილი ქვეყანაში, ჯერჯერობით, მაინც ნომერ პირველი პოლიტიკოსია და ამ ეტაპზე არა აქვს ის აუცილებლობა, რომ პოლიტიკაში კვლავ ღიად ჩაერთოს. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილის ნდობა გახარიას მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და პანდემიის პერიოდში მან ნამდვილად დაარწმუნა „ოცნების“ ლიდერი, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდება. ამიტომაც სიის პირველ ნომრად გახარიას ჩაწერა ლოგიკურია.

„არ გამკვირვებია, რომ ბიძინა ივანიშვილი სიაში არ არის. არც დიდად მქონდა იმის მოლოდინი, რომ იქნებოდა. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ახლა „ოცნებას“ არ აქვს ის კატასტროფული მდგომარეობა, ივანიშვილის ღიად აქტიურობა საჭირო გახდეს. მით უმეტეს პანდემიის პერიოდში გახარიას სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა ის დაარწამუნა, რომ მისი პოლიტიკაში ასე ღიად ჩართვა აუცილებელი აღარ არის.

გვინდა თუ არ გვინდა, მმართველი გუნდის რეიტინგი საკმაოდ გაზრდილია და ამ ერთ თვეში არ მგონია რამე რადიკალურად შეიცვალოს. არც საჯარო აქტიურობით იქნება დიდად დაკავებული. მას 2016 და 2018 წლებისგან განსხვავებით ეს ნამდვილად არ სჭირდება. შესაძლოა, არჩევნებამდე ბოლო კვირას მედიით გამოჩნდეს და საზოგადოებას მიმართოს ან ინტერვიუს ფორმატით ისაუბროს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ოცნების“ რეიტინგის ზრდა და ივანიშვილის პოლიტიკაში აქტიურად არდაბრუნებას ხელს ოპოზიციაც უწყობს - მათმა ვერ ჩამოყალიბებამ და შიდა დაპირისპირებამ, საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამცირა, ამით კი ისევ „ქართული ოცნება“ სარგებლობს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც for.ge-სთან ამბობს, რომ ლოგიკას თუ გავყვებით, ბიძინა ივანიშვილი სიაში არ უნდა ყოფილიყო, რადგან ახლა ქვეყანაში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მისი პოლიტიკაში ღიად ჩართვა აუცილებელი იყოს. საყვარელიძის აზრით, თუ დავაკვირდებით, სადაც სიტუაცია კარგად მიდის, ის არ ცდილობს, რომ რამეში ჩაერიოს. იმათ არ ეჭიდავება, რომლებიც ამა თუ პროცესს წარმატებით ხელმძღვანელობენ.

„თუ ჩათვალა, რომ საარჩევნო კამპანია და არჩევნები „ოცნების“ გუნდს და მის ლიდერებს კარგად მიჰყავთ, მაშინ არ ჩაერევა. ივანიშვილი ცდილობს, რომ პოლიტიკას გამოერიდოს. მართალია, ოპოზიცია ამბობს, რომ მას ძალაუფლების უზურპაცია უნდა, მაგრამ სურათი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. პრემიერობიდან წავიდა და ახლაც ცდილობს, რომ მისი ჩართულობა პოლიტიკაში მინიმუმამდე დაიყვანოს. მას ქართული პოლიტიკის სურათის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ქველმოქმედს. გახარიასაც და იმ ჯგუფს, რომლებიც სიის ზედა ნაწილში იქნება, ამ არჩევნების პროცესების წაყვანის უფლებას აძლევს. როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ ისინი თავს გაართმევენ.

რაც შეეხება მისი წინასაარჩევნო აქტიურობას, მგონია, რომ ყველაფერი ამ ერთ თვეზე იქნება დამოკიდებული - მოვლენები როგორ წარიმართება. თუ ქვეყანაში პოლიტიკური დინამიკა როგორც ახლა მიდის, ასევე გაგრძელდა, მაშინ მის აქტურობას არ უნად ველოდოთ. თუ რამე რადიკალურად შეიცვალა, რისიც ნაკლებად მჯერა, მაშინ ის უფრო აქტიურადაც გამოჩნდება“,-ამბობს საყვარელიძე for.ge -სთან.