„ეს საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაფორმება იქნებოდა“

„ეს საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაფორმება იქნებოდა“

ბჟანიას ნათქვამმა „პატრიოტთა ალიანსის“ მზადყოფნასთან დაკავშირებით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე უამრავი კითხვა გააჩინა. მართლაც წავიდნენ თუ არა ასეთ „კომპრომისზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები?

„აფსნი პუბლიკის“ ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ თანამშრომლობისა და სამომავლოდ აფხაზეთის აღიარებისთვის მზადაა. ამიტომაც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება მიეცა, მოამზადოს სიტუაციის ხედვა და გამოხატოს „მეზობელ რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საჭიროებები. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გამოხატონ აფხაზეთის საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა.

„პატრიოტთა ალიანსში“ ბოდვას უწოდებენ ამ თემაზე საუბარს, მით უფრო, რომ არავინ იცის, ნამდვილად გაკეთდა თუ არა ბჟანიას მხრიდან მსგავსი განცხადება.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განმარტებით,  გამორიცხული არ არის, „პატრიოტები“ გარკვეულ მოლაპარაკებაზე მართლაც წავიდნენ აფხაზებთან, რადგან ყველა თემის განხილვა შეიძლება, მათ შორის, ამ თემისაც.

ანალიტიკოსი დასაშვებად მიიჩნევს, საქართველოში მართლაც გაჩნდეს ასეთი მოსაზრება, ხომ არ სჯობს ასეთ მდგომარეობას, რაშიც ახლა ვიმყოფებით, სამკვიდრო არ დავკარგოთ, აფხაზეთში ჩასვლა მაინც შეგვეძლოს და ხომ არ ვცნოთ მათი დამოუკიდებლობა?!

„ამით რუსეთიც განეიტრალდება. რასაკვირველია, ეს მინუსად მიმაჩნია, რადგან თავისი უზარმაზარი საფრთხეები აქვს, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიულ დაშლას, მაგრამ ყველაფრის განხილვა შეიძლება. გააჩნია პირობებს, გარკვეული პირობებით შეიძლება ამას დავთანხმდეთ, თუკი რუსეთი გავა იქიდან. თუ საქართველოს ექნება ისეთივე ურთიერთობა აფხაზეთთან, როგორც დღეს აქვს რუსეთს აფხაზეთთან, ანუ, თუ იქნება პროქართული რეჟიმი, საქართველოს პროტექტორატი გავრცელდება აფხაზეთში და არა რუსეთის, შეიძლება ამაზე ლაპარაკი. დღეს რუსეთის მხრიდან ეს პროტექტორატიც აღარ არის, საქმე მიდის აფხაზეთის ფაქტობრივ ანექსიამდე. თუმცა ეს მაინც განუხორციელებელი იდეაა, რუსი ამის საშუალებას არ მოგვცემს. რუსეთის ინტერესშია ის მდგომარეობა, რაც ახლაა, ანუ სტატუს კვოს შენარჩუნება. თუ ჩვენ მოვახერხებთ, ეს იყოს აფხაზური პოლიტიკა ჩვენი პროტექტორატის ქვეშ, რასაკვირველია, პროგრესი იქნება. აქ რამდენიმე პირობაა მნიშვნელოვანი, მათ შორის, დევნილების დაბრუნება აფხაზეთში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ, თუ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გარანტი რუსეთი კი არა, საქართველო იქნება, მაშინ გაეროში ორი ხმა გვექნება, აგერ, თბილისში სააკაშვილი თუ დაბრუნდება, ხალხი დაკრავს ფეხს და წავა აფხაზეთში.

„ეს ხუმრობით, მაგრამ წინასწარვე უარყოფითად არ უნდა განვეწყოთ ამ საკითხის მიმართ. თუმცა ამ ეტაპზე ეს იქნებოდა საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაფორმება, რაც მიუღებელია. ერთადერთი, რაც გვრჩება, არის ის სტრატეგია, რასაც ვახორციელებთ - მოთმინების პოლიტიკა, არაღიარების, დალოდებისა და უკეთესი პოლიტიკური მომავლის იმედად ყოფნა. ეს საკითხი აბსურდია ისევე, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ მეორე მოთხოვნა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ნეიტრალიტეტს რა სჯობს, ორი ხელით ამის მომხრე ვარ, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია, საქართველოს ეს მანევრი და ეს არჩევანი არ აქვს. რეალობის დამახინჯებას კი ცუდი შედეგი მოჰყვება“.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ასლან ბჟანია აკეთებს საკუთარ ინტერპრეტაციას, „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. ამდენად, საეჭვოა, აფხაზეთის აღიარების საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო. შეიძლება ბევრი რამ დავაბრალოთ „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ ასეთი რამის დაბრალება არ შეიძლება.

„ირმა ინაშვილმა გასცა ამას პასუხი, უბრალოდ, ეს იყო მცდელობა, დაწყებულიყო დიდი ხნის განმავლობაში ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რომელიც არსებობდა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე. ახლა ბჟანიას უნდა, თავი გაიმართლოს საკუთარი საზოგადოების წინაშე, რომელიც ჯერჯერობით ანტიქართულ განწყობებზე იმართება. როგორც ჩანს, ბჟანია ჩაჰყვა დინებას თავის გასამართლებლად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტიკური პარტია „ტრიბუნასდამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ბჟანიას ნათქვამთან დაკავშირებით ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, „პატრიოტთა ალიანსი“ ამის შესახებ არ საუბრობს. თუმცა, თუკი „პატრიოტთა ალიანსმა“ ასეთი რამ განაცხადა აფხაზეთში და ამას სახალხოდ მალავს, მაშინ მათი აფხაზეთში ვიზიტი უკვე წარუმატებელია.

„თუ ერთი მხარე რაღაცას არ აჟღერებს, მეორემაც არ უნდა გააჟღეროს. ასე რომ, თუ მათთან დაუკითხავად მოხდა ამ საკითხის გაჟღერება, მაშინ „პატრიოტთა ალიანსს“ გამოუვიდა ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთში ჩავიდნენ იმისთვის, რომ საარჩევნოდ გარკვეული ქულები დაეწერათ. თუ პატრიოტები ამას აქ ვერ ამბობენ ღიად, აქ ვერ ბედავენ და მარტო აფხაზეთში ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს ერთიანობა საარჩევნო ქულებისთვის გაწირეს. არ ვიცი, ამის სანაცვლოდ რა მოითხოვეს, ქართველი ხალხის აფხაზეთში დაბრუნება?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბარში დავით ჭიჭინაძე.

 

Katana . რამდენი დღის წინ გასცა ამას პასუხი ირმა ინაშვილმა ტელევიზიით!.. და ამის შესახებ მხოლოდ ვახტანგ მაისაიამ და მე რატომ ვიცით?
"დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ბჟანიას ნათქვამთან დაკავშირებით ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, „პატრიოტთა ალიანსი“ ამის შესახებ არ საუბრობს. "
საუბრობს, ბატონო, მაგრამ თქვენ არ უგდებთ ყურს!
ტელევიზორს და კომპიუტერს თუ არ ჩართავთ, სათითაოდ ვერ ჩამოგივლით, რომ აგიხსნათ, არ ყოფილა მსგავსი საუბარიო!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კარგი იქნება თუ "პატრიოტთა ალიანსი" სხვა დროს, როცა რაიმე ღონისძირებას დაგეგმავს ამინდის პროგნოზსაც გაეცნობა!
3 წლის უკან