„ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე გამოდევნილი მოსახლეობა“

„ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე გამოდევნილი მოსახლეობა“

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ცხინვალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში წამებით გარდაიცვალა ინალ ჯაბიევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. „გადადექი, დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები“, ამ შეძახილების პარალელურად აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს.

ოპოზიციონრებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომა მოითხოვეს. თუმცა საპროტესტო აქციებს მხოლოდ ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა, დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა კი პოსტი შეინარჩუნა.

ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს მისი წინამორბედი ედუარდ კოკოითი. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი კოკოითი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს. მართალია, არშეშვების მიზეზად კორონავირუსის გამო დაწესებულებული შეზღუდვები დასახელდა, მაგრამ რეალური მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ცხინვალში გამგზავრებამდე კოკოითმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოუცხადა დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს.

ცნობილია ისიც, რომ დაღუპული ინალ ჯაბიევის ნათესავები შურისძიებას თავად აპირებენ.

რა პროცესები მიმდინარეობს ცხინვალში და ურევია თუ არა საპროტესტო განწყობაში რუსეთის ხელი, რომელსაც ბიბილოვის მმართველობა მობეზრდა?!

კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღესდღეობით ცხინვალში მიმდინარეობს ბუნებრივი პროცესი, რასაც ჰქვია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მოსახლეობის გამოსვლა. წლების განმავლობაში ხალხში დაგროვდა უკმაყოფილება, რომელიც სხვადასხვა დროს ინიღბებოდა ხოლმე დამოუკიდებლობის ვითომც მოპოვებით. იქაური მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და ინალ ჯაბიევის დაღუპვა არის მხოლოდ საბაბი, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ ავტორიტარიზმისთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ ცოტა ხნის წინ ქართველი ეროვნების ადამიანი ანალოგიურ მდგომარეობაში წამებით მოკლეს ცხინვალის ციხეში, ცოტა ხნის შემდეგ ოსი ეროვნების ადამიანიც ზუსტად იმავე მეთოდით იქნა დასჯილი, ნაწამები და მოკლული. ეს იმის შედეგია, რა მმართველობაც არის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეთნიკური კონფლიქტი არის მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი ავტორიტარული რუსული ოკუპაციისა საქართველოს ამ ნაწილში. პირდაპირ ვამბობ, ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე გამოდევნილი მოსახლეობა, რომლებიც შედარებით თავისუფლად არიან, ბოლო დროს ქვეყანამ მათ შეუქმნა კარგი პირობები, სახლებიც მისცეს ბევრ მათგანს და პრივილეგიებიც აქვთ. ცხინვალის რეგიონში კი, შეიძლება ითქვას, ქუჩაშიც კი ციხეში ცხოვრობენ. 31 აგვისტოს კიდევ ერთი ფაქტი მოხდა და დავაფიქსირებ ამასაც, რომ ჩემი მეგობარი თემურ ცხუბათი ინალ ჯაბიევის გასვენების შემდეგ, სავარაუდოდ, კოკოითის მომხრეებმა სცემეს. თემურ ცხუბათი ეროვნებით ოსია, საკუთარ თავს უწოდებს ოსური სახელმწიფოებრიობის მშენებელს, შეიძლება ითქვას, სეპარატისტია, მაგრამ უსამართლობას ვერ ეგუება და იმას ბოლომდე ვერ ხვდება, რომ ამ სეპარატიზმის საფუძველი ავტორიტარიზმი და ოკუპაციაა. ეს ადამიანი პრეტენზიებს გამოთქვამს ხოლმე და იყენებს სოციალურ ქსელს, ადგილობრივი კგბ კი თვალყურს ადევნებს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებს, ტელეფონები ისმინება“, - აღნიშნა ზაზა ცოტნიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ ცხინვალის რეგიონში ადამიანები, ფაქტობრივად, საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსოთ, მით უმეტეს, კოვიდის დროს ამ ყველაფერს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც დაემატა, ცოტა ხნის წინ სასურსათო მაღაზიების ცარიელი დახლების ფოტოებიც გამოჩნდა სოციალურ ქსელში, რაც აქამდე არ ყოფილა.

კონფლიქტოლოგის შეფასებით, ცხინვალის რეგიონი არის ადგილი, რომელიც რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ბაზად სჭირდება. იქაური ადამიანები, როდესაც საკუთარ თავს საზარბაზნე ხორცად აღიქვამენ, ამ შემთხვევაში, გამოდიან ხოლმე ქუჩაში.

„ვფიქრობ, ამ პროცესებს რუსეთი არ მართავს, რუსეთს ცხინვალის რეგიონში ბუნტი არ აწყობს, მისი წარმომადგენელი ბიბილოვი იქნება, თუ კოკოითი, რუსეთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რუსეთს აინტერესებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რამდენად მისაღები იქნება დე ფაქტო პრეზიდენტი და როგორ გაატარებს რუსულ პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, კოკოითი სპონტანურად წამოხტა და გაიქცა ცხინვალის რეგიონისკენ, რადგან გამუდმებით ოცნებობს თავისი „დიდების“ დაბრუნებაზე, რომელიც მას ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა. არანაირი შეთანხმება არ იქნებოდა რუსულ შესაბამის სამსახურებთან, სხვა შემთხვევაში, შეუშვებდნენ კიდეც კოკოითს ცხინვალში და წინ არ გადაუდგებოდნენ რუსული სპეცსამსახურები. კრემლისთვის კოკოითი უკვე გაცვეთილი სახელია, მთელი ათი წლის განმავლობაში ის კორუფციულად მართავდა რეგიონს. უბრალოდ, ეს ადამიანები ცდილობენ, მოვიდნენ დე ფაქტო ხელისუფლებაში, მათი ამოცანაა, დასხდნენ იმ ბიუჯეტზე, რომელზეც ზის ცხინვალის რეგიონი, კორუფციულად იცხოვრონ და მეტი სარგებელი ნახონ. სხვა მიზანი იქაურ ჩინოვნიკებს არ აქვთ“, - მიიჩნევს ზაზა ცოტნიაშვილი, რომლის აზრითაც, კრემლს ბიბილოვის მოშორება რომ სდომოდა, არც დააყენებდა დე ფაქტო პრეზიდენტად. წინასაარჩევნო პერიოდში კოკოითს არც კი შეატანინეს საკუთარი კანდიდატურა, თითქოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა არჩევნებში მისი მონაწილეობა, რადგან მუდმივად ათი წელი უნდა ეცხოვრა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ერთადერთი, ბიბილოვს ჩაანაცვლებენ მაშინ, თუ ავტორიტეტსა და მმართველობის უნარს დაკარგავს. ზოგადად, ბიბილოვი და კოკოითი არ გამოირჩევიან ინტელექტუალური პოტენციალით, თუმცა ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ ხალხისა და კრემლის თვალში წამოსწიონ საკუთარი პერსონა, რათა გახდნენ სასურველი კანდიდატები ხელისუფლებაში მოსასვლელად.

კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ბიბილოვის დე ფაქტო პრეზიდენტობას საკმაოდ შეერყა საფუძველი, უკმაყოფილება ხალხში დიდია და უკმაყოფილებას გადაგორება სჭირდება. ბიბილოვი ყველაფერზე წავიდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, პრაქტიკულად, თანამდებობიდან ყველა პირი მოხსნა, გარდა პროკურორისა. უფრო მეტიც, ის დაცვის თანხლებით ჩადის ხოლმე მომიტინგეებთან, ცდილობს, შევიდეს კონტაქტში, მაგრამ დაღუპულის ნათესავები შეუწყნარებლები არიან, რადგან მაინც კავკასიაა. ამდენად, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, ბიბილოვი ყველაფერზე თანახმაა, საკუთარი გადადგომის გარდა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონში დაახლოებით იგივე პროცესი მიმდინარეობს, რაც აფხაზეთში, როცა ხაჯიმბა ჩამოაშორეს ხელისუფლებას, ვადამდელი არჩევნები გაიმართა და სულ სხვა ძალა მოვიდა სათავეში. სავარაუდოდ, ბიბილოვის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც უნდათ, რადგან მან ვერ შეძლო იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც რეგიონის წინაშეა, კორუფციას ვერ მიხედა, ძალოვანი სტრუქტურების თავგასულობასა და ძალმომრეობას ვერ დაუსვა წერტილი.

„ცხინვალში დაგროვდა უკმაყოფილება, ვფიქრობ, ეს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, არამედ, ასევე, შიდა კლანური ბრძოლის გამოვლინებაა“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.