წელს საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც შარშანდელ მაჩვენებელს უკვე ორჯერ აღემატება. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 991 ტონას შეადგენდა. ფასიც მუდმივად მზარდია. ამჟამად 1 კგ თხილის ფასი 5-7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თხილის გულის ფასი 16 ლარს შეადგენს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კიდევ მეტად გაძვირებას ვარაუდობენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ დოლარი იქნება. თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
„წელს ქართული თხილი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (460 ტონა), იტალიაში (423 ტონა), ჩეხეთში (154 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (42 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (66 ტონა), უკრაინა (61 ტონა), მექსიკა (25ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (154 ტონა).
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულამდე - 17 ათას ტონამდე დავიდა. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
თურქეთში თხილის მოსავლიანობის კლებამ საქართველოს მისცა შანსი, რომ უცხოურ ბაზრებზე მეტად მოიკიდოს ფეხი. როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, თურქეთის ბაზრის ჩანაცვლებას ქვეყანა ვერასდროს შეძლებს, თუმცა არის შანსი, რომ წარმოების მასშტაბით იტალიას დავეწიოთ, რისთვისაც თხილის მოსავლიანობა საქართველოში, მინიმუმ, უნდა გაორმაგდეს.
წარმოების სერიოზულ ზრდასა და ექსპორტში მიღწეულ შედეგზე საუბრობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუაც.
„თხილის მოსავალი წელს საქართველოს ყველა რეგიონში გაზრდილია, სადაც კი ეს პროდუქტი მოჰყავთ. ჩვენ, სამეგრელოს გარდა, ფერმერული ჯგუფები გვყავს გურიაში, იმერეთში, კახეთსა და აჭარაში. ტენდენცია კარგია და მოსავალი ხარისხითაც გამოირჩევა. ცხადია, ყველაფერი ეს ერთობლივი მუშაობის შედეგია. ათასობით ფერმერია ჩართული, რომ თხილის სეზონი წარმატებით დამთავრდეს. საბოლოო შედეგს შემოდგომაზე მივიღებთ.
რაც შეეხება ფასს, ხარისხზეა დამოკიდებული, ამჟამად 5-7ლარის ფარგლებშია და, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუმცა პროგნოზს მაინც მოვერიდები. ვარაუდის დონეზე კი შემიძლია ვთქვა, რომ 1კგ-ის ფასი 9 ლარამდეც მოიმატებს, რაც სულ მალე გამოჩნდება. მთავარია, რომ შედეგი უკვე გვაქვს“, - აღნიშნა თოდუამ.
მისი ინფორმაციით, ქართული თხილის გამოსავლიანობა, საშუალოდ, 38-40%-ს აღწევს. თურქეთში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს. თურქული ჯიშის თხილი ქართულისგან განსხვავდება, მეტი ღირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი ხარისხისაა. ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული თხილიც.