სამშენებლო სექტორს დახმარების მეორე ხაზს გაუხსნიან. როგორც ჩანს, დარგი სერიოზულ კრიზისშია, რადგან იპოთეკური სესხების პროგრამის ამოქმედების შემდეგაც დადებით ტენდენციებზე საუბარი არ მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სახელმწიფო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა და დეველოპერებს ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს.
„2008-2009 წლების კრიზისების შემდგომ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში უკვე გააკეთეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რომელიც კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. ჯამში, საკონკურსო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი იქნება. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი პირობა ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასია. სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა.
ამასობაში გრძელდება იპოთეკური დაკრედიტების პროგრამა, რომელმაც სამშენებლო სექტორი უნდა გადაარჩინოს. ამ მხრივ შეფერხებები არ არის, მაგრამ რამდენად დადგება ფეხზე 2021 წლიდან დეველოპერულო სექტორი, საკიხავი ახლა ეს არის.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან იპოთეკურ სესხზე 4%-იანი სუბსიდირებით ჯამში 90 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხი უკვე გაიცა.
„აქტივობა წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ივლისი და აგვისტო საკმაოდ აქტიური იყო. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, უკვე 1 000-მდე სესხია გაცემული და გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 90 მილიონ ლარამდეა. მოთხოვნა მიმდინარე ეტაპზეც საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
მიუხედადვა ამისა, ჯერჯერობით სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებაზე საუბარი ნაადრევია და განსაკუთრებით პრობლემა რეგიონებშია. იქ უძრავი ქონების ბაზარს ვერც მთავრობის შეღავათები შველის. როგორც მენაშენეები აცხადებენ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათებით ძირითადად დედაქალაქში სარგებლობენ.
რეგიონებში მშენებლობები და შესაბამისად, გაყიდვები ფაქტობრივად აღარ არის, მათ შორის ზღვისპირა კურორტებზე, რომლებზეც თბილისის შემდეგ მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ რეგიონებში საშეღავათო პირობებშიც კი ჭირს რეალიზაცია.
„ეპიდემიურ პერიოდში, როცა ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა რეალიზაციაც, მაგრამ ახლა სიტუაცია თანდათან უმჯობესდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამამ. ვისაც ფული აქვს, ცდილობს, რომ შეღავათით ისარგებლოს, ამან გარკვეული ინერცია მისცა ბაზარს, რასაც რეგიონებზე ვერ ვიტყვით. ხალხმა მოტივაცია დაკარგა.
ტურიზმი სწრაფად ვითარდებოდა და ხალხი ტურისტულ ზონებში ბინების შეძენას ძირითადად გაქირავების მიზნით ცდილობდა. ახლა სტიმული აღარ არის, შესაბამისად, მშენებლობების ტემპიც დაეცა. როგორც ზღვისპირა კურორტებზე, ასვეე მთიან ნაწილში - ბაკურიანსა და გუდაურში ძალიან შემცირდა მოთხოვნა“, - განუცხადა „რეპორტს“ ბესო ორთოიძემ.