საქართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ახალი წესით ანაზღაურება დაევალებათ. ბიზნესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამგვარ ცვლილებას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც ბევრი საწარმო ისედაც დახურვის პირასაა. მათი აზრით, დაზარალდება ის, ვინც ხალხს ასაქმებს და ასევე, ვინც დასაქმებულია.
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი და იგი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების 125%-იანი დანამატით ანაზღაურებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, არის სხვა რამდენიმე მუხლი, რომელიც დამსაქმებელს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, იმ სექტორებში, სადაც აქამდე ნორმირებული სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრებოდა, ზეგანაკვეთურ 8 საათზე საათობრივი ანაზღაურების 25%-ის დამატების გამო, კომპანიებს, შესაძლოა, მოუწიოთ შტატების ხელოვნურად დაყოფა. შედეგი კი იქნება არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირება და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის შეთანხმების საგანი უნდა იყოს.
„დამატებითი რეგულაციები ყოველთვის აზარალებს არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ დასაქმებულებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის ცდილობს შემდგომში უკვე დამსაქმებელიც, რომ რაღაც გამოსავლები მოიძიოს და აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაწევა. არა იმიტომ, რომ რამე არაკეთილშობილურს ფიქრობს, არამედ იმიტომ, რომ არსებული რესურსით ცდილობს მაქსიმალური შედეგი მიიღოს, შესაბამისად, ამ პროცესში შესაძლებელია მოხდეს ის, რომ დაზარალდეს დამატებითი რეგულაციებით, არა მხოლოდ დამსაქმებელი, არამედ დასაქმებულიც.
ყოველთვის ეცდება დამსაქმებელი, რომ შეამციროს თავისი ხარჯები, ვთქვათ, პიკურ პერიოდში დაიქირაოს დამატებითი თანამშრომელი, რომელსაც ფიქსირებულ ანაზღაურებას გადაუხდის და არ იქნება ეს ანაზღაურების 125%, ან არსებულ დასაქმებულებს შეუმციროს ხელფასი, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ფიქსირებული პროცენტი სასარგებლო იქნება ვინმესთვის - არც დამსაქმებლისთვის და არც დასაქმებულისთვის. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში კიდევ დამატებითი რეგულაციების შემოღება ბიზნესისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, საერთოდ არ მიმაჩნია სწორად.
უნდა ვეცადოთ, რაღაც ბალანსი ვიპოვოთ ამ სიტუაციაში. შეიძლება იყოს ეს, ვთქვათ, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს ჰქონდეთ თავისუფალი ნება ერთმანეთთან შეათანხმოს ორივე მხარისთვის მისაღები პირობები და ეს იყოს შეთანხმების საგანი“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა.
რასაკვირველია ბიზნესმენები ამგვარ ცვლილებებს მკვეთრად ეწინააღმდეგებიან. კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, როცა კერძო სექტორი და ქვეყანა კრიზისშია, მსგავსი ცვლილებების ძალაში შესვლა, რომელიც დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, არასწორია.
„ქვეყანაში არის პანდემია და მძიმე ეკონომიკური კრიზისი და დღევანდელ პირობებში საკითხის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია ზედმეტ გადახდებთან, ჩემი აზრით, ცოტა უსუსური და შტერული აზრია. ეს გამოიწვევს იმას, რომ გაათავისუფლებენ ხალხს, რომელიც არ სჭირდებათ ან მოხდება საერთოდ წარმოებების შეჩერება, რომელიც არაკონკურენტულია.
საწარმოებს და ბევრ ორგანიზაციას, არცთუ ისე დიდი მოგება აქვს. ამ შეზღუდვის ამოქმედება კი გამოიწვევს მუშახელის ანაზღაურების არათუ ზრდას, არამედ შემცირებას. ზოგიერთი საწარმო შეიძლება გაჩერდეს კიდეც. ქვეყანაში როცა ეკონომიკური ვარდნაა, ასეთი კანონის შემოღება დიდი ჭკუის მაჩვენებელი არ არის. ამ საკითხების განხილვა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იქნება.
შეიძლება მიიღონ კანონი, მაგრამ მას განხორციელება არ უწერია, რადგან დაზარალდება როგორც ის, ვინც ასაქმებს, ასევე, ვინც საქმდება“, - განაცხადა ვაშაკიძემ.
უარყოფითია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის დამოკიდებულებაც, რომელიც მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიზნესისთვის მძიმე იქნება. მიხეილ დაუშვილმა არ გამორიცხა, რომ არსებული რედაქცია კიდევ დაკორექტირდეს.
„პროექტი, რომელიც პარლამენტში თავდაპირველად წარადგინეს პირდაპირ რომ გითხრათ, იყო უმძიმესი, მაგრამ ეფექტური თანამშრომლობის შედეგად დღევანდელი ვერსია, რომელიც პარლამენტში მეორე შევიდა, გაცილებით დაბალანსებული და პრაქტიკაში აღსრულებადია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის პროცესი და გარკვეული ვალდებულებების აღება ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა დაუშვილმა.