ტურიზმის სექტორისთვის მთავრობამ მორიგი შეღავათი გაიღო. სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამის 6-დან 12 თვემდე გაგრძელდება. უშუალოდ ამ სექტორში დასაქმებულები კი იმ ზარალზე საუბრობენ, რომელიც ჯაჭვურად მთელმა ეკონომიკამ მიიღო. მათი აზრით, რამდენიმე თვე კიდევ არაფერი შეიცვლება.
პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც პანდემიის შემდეგ გადაიდგა, იყო სწორედ ტურისტული სექტორის და სასტუმრო ბიზნესის დახმარება, მაგრამ სულ რაღაც 3 თვეში გამოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. შესაბამისად, საქართველოს პრემიერმა საშეღავათო ვადა გაახანგრძლივა და გააფართოვა კიდეც.
„სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ სამიდან ექვს თვემდე და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროგრამის 6-დან 12 თვემდე გაგრძელების შესახებ. ეს არის ერთადერთი შესაძლებობა, დავუდგეთ ამ სექტორს გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა და მას უნდა დავეხმაროთ.
ის კომპანიები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ამ პროგრამის ბენეფიციარები ვერ გახდნენ, მათთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და 6-თვიან კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც აქამდე პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრმა კი იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც სასტუმრო ბიზნესის სამიზნე ჯგუფმა უნდა განახორციელოს, რათა საშეღავათო სისტემაში მოექცეს. დახმარება გაგრძელდება და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან უკვე 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული.
„ვინც ადრე უკვე მოგვმართა მათ დამატებითი აპლიკაციის წარმოდგენა არ დასჭირდებათ და ჩვენ უბრალოდ ბანკებთან ვიმუშავებთ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს მომართული, მიეცემა კიდევ ერთი თვე - 10 ოქტომბრამდე მიმართოს თავის დამფინანსებელ ბანკებს და „აწარმოე საქართველოში“ იმისთვის, რომ ჩვენ 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი დავუფინანსოთ.
ეს არის ძალიან მნიშნელოვანი იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმებულები. ვხედავთ, რომ პანდემია პოზიციაებს არ თმობს. მართალია, ჩვენ ვმართავთ ამ რისკს, მაგრამ ეს არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებს განსაკუთრებით ეს სეგმენტი - მცირე და საოჯახო სასტუმრობი“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
ტურიზმის სექტორში კი ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არათანმიმდევრულობა და არაპროგნოზირებადი ნაბიჯებია, რადგან ბიზნესსა და ეკონომიკას სწორედ ასეთი მცდარი მოლოდინი აზარალებს. „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელის ვატო ასათაშვილის ინფორმაციით, არასწორი მენეჯმენტის გამო, ტურიზმის ინდუსტრიას უხეში დათვლებით 8-დან 10 მლრდ ლარამდე დააკლდა.
„ჩვენ ჯერ კიდევ მაისში გვახსოვს მთავრობის მხრიდან „ბაქიბუქობა“, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნიდა საზღვრებს, შეიქმნებოდა მწვანე კორიდორები, მოიზიდავდა ხალხს - ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნებოდა შესაძლებლობა სწრაფად და მარტივად გამკლავებოდა კრიზისს. თუმცა, საზღვრები არ გახსნილა და ეს მოლოდინიც იყო არასწორი.
ჯერ კიდევ მაისში ცალსახა იყო, რომ ტურისტული სეზონი საქართველოში ჩავარდებოდა და ჩავარდა კიდეც. ციფრებში რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე გვაქვს ზარალი, საუბარია იმ თანხაზე, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მათ შორის ჯაჭვურად სხვა სექტორებს (მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობის თუ ტრანსპორტის სფეროებს) დააკლდა. რეალურად კი ეს თანხა საქართველოს ეკონომიკას დააკლდა.
დღესვე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ზამთრის სეზონიც არ იმუშავებს. არასწორი მენეჯმენტის გამო დავაკელით 8-დან 10 მლრდ ლარამდე, პლიუს ამას კრიზისის წინაშე მდგომ კომპანიებს გადარჩენაში ვეხმარებით და ისევ ჩვენი დაკლებული ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ანუ ყველა ვარიანტში მინუსში მივდივართ და რეალურად პერსპექტივა არ გვაქვს. უნდა შევეუგოთ ფაქტს და მაქსიმალურად ვეცადოთ თავი 2021 წლის გაზაფხულამდე გავიტანოთ“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ასათაშვილმა.
თქვენ ბაქიბუქობთ და ითხოვთ, რომ მთავრობამ ტურისტები მოგიყვანოთ, სასტუროები აგივსოთ, ტურისტული მარშრუტები შემომსვლელებით დაგიკომპლექტოთ, თქვენ კი ოფისებში იჯდეთ და ვალუტით ავსებულ ქოთნებს ნაღები მოგახდევინოთ.
ტურიზმი გლობალური საშიშროების დროს არავის არ აინტერესებს, ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, მომავლის შიში ხურდა ფულს ათვლევინებს ადამიანებს, თავი რომ ირჩინონ.
მთავრობას რომ უტევთ, თქვენ რას აკეთებთ სამაგიეროდ, მთავრობას რას უცდით?! მიდექით, მოდექით და ამუშავდით, მოიწვიეთ ტურისტები..., სხვისი ხელით ნარის გლეჯას თავი დაანებეთ!
უფასო რჩევას მოგცემთ, დროებით შეიცვალეთ პროფილი, ნუ იქნებით მომავალი წლის იმადად, შეარჩიეთ ისეთი ბიზნესი, რომელიც ტურიზმის ამოძრავებამდე უძრაომის მდგომარეობიდან გამოგიყვანთ, ჩართეთ მასში თქვენი თანამშრომელები, რომ შემდეგ არ მოგიხდეთ ყველაფრის თავიდან დაწყება...