„გამორიცხული არ არის, რუსეთის მიერ საქართველოში სერიოზული მაკომპრომეტირებელი მასალები გავრცელდეს პოლიტიკოსებზე“

„გამორიცხული არ არის, რუსეთის მიერ საქართველოში სერიოზული მაკომპრომეტირებელი მასალები გავრცელდეს პოლიტიკოსებზე“

ელი დეგნანის გაფრთხილების შემდეგ ყველას ერთად გაახსენდა მივიწყებული თემა, რომ საქართველო არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს რუსეთისგან. აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის, დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა. თუმცა კელი დეგნანმა გასაღებიც მოგვცა, როგორ უნდა მოხერხდეს რუსეთის ჩარევის პრევენცია, კერძოდ, აშშ-ს და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რაც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, რაც დაეხმარება ქართველებს, შეძლონ ყალბი ამბების გადამოწმებული ინფორმაციისგან გარჩევა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კელი დეგნანი გვაფრთხილებს. ჯერ კიდევ პირველ ივლისს ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება, რადგან საქართველო რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა. თუმცა აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა მეგობრები საქართველოსთან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ დეზინფორმაციის და სიმართლის გარჩევაში.

კელი დეგნანის გაფრთხილებას გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, მან დაადასტურა, რომ ოკუპანტს არ სძინავს და რუსეთი მთელ მსოფლიოში ცნობილია არჩევნებში ჩარევით, მაგრამ „არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ“.

სესიაშვილის თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალულია და, თუ ასეთი გამოვლინდება, სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს. თუმცა სესიაშვილი არ უარყოფს, რომ სხვადასხვა გზით რუსული ფული მაინც ხვდება გარკვეულ ჯგუფებში. არსებობენ ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან.

რა ფორმით განხორციელდება რუსეთის მიერ საქართველოს არჩევნებში ჩარევა, ეს იქნება აგრესიული, თუ ტრადიციულად შემპარავი ფორმა?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აგრესიულ ფორმასაც გააჩნია. აგრესიული ფორმა არ ნიშნავს მაინცდამაინც სამხედრო ინტერვენციას.

„ეს შეიძლება იყოს ჰიბრიდული ომის საკმაოდ აგრესიული ფორმა, როდესაც საინფორმაციო შემოტევები, ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხორციელდება სამიზნე ჯგუფებზე. პლუს ამას, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი, შეიძლება საოკუპაციო ხაზთან წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაციის გართულებასაც ველოდოთ. მთლიანობაში, ფართო არსენალი აქვს რუსეთს იმისთვის, რომ ზემოქმედება მოახდინოს, რათა ჩვენს საზოგადოებაში დისონანსი შეიტანოს. არც იმას გამოვრიცხავ, საქართველოში სერიოზული მაკომპრომეტირებელი მასალები გავრცელდეს პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ან, ზოგადად, ისეთი ინფორმაცია გავრცელდეს, რომელიც საზოგადოებას აღაშფოთებს და გარეთ გამოიყვანს საპროტესტოდ“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, გამორიცხული არ არის, ეს კომპრომატები ნაციონალების სასარგებლოც კი იყოს, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით, ვის სასარგებლოდ იმოქმედებენ რუსები ამ არჩევნებზე. ზოგადად, რუსებს შეიძლება აწყობდეთ კიდეც ნაციონალების დაბრუნება, რადგან მათი მეშვეობით უფრო გაუადვილდებათ საქართველოში მართვადი ქაოსის შექმნა.

უფრო მეტიც, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსებმა შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაციონალების დაბრუნებას არ მიიღებს, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, არეულობა. ამდენად, ვის ინტერესებში შედის ეს სცენარი? მხოლოდ რუსეთის ინტერესებში.

კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი განმარტავს, რომ არათუ საქართველოსთან მიმართებით, არამედ რუსეთი ერევა მთელი მსოფლიოს არჩევნებში. ჯერჯერობით გამოძიება ვერ მივიდა იქამდე, ტრამპის გამარჯვება განხორციელდა თუ არა რუსული სპეცსამსახურების ჩარევის შედეგად. რუსული სპეცსამსახურების კვალი რომ ჩანდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს ცხადია, მაგრამ შედეგი დადგა თუ არა, ეს უცნობია.

„ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ საქართველოში გასამართ არჩევნებში ჩაერევა რუსეთი. საქართველოს საქმეებში ჩარევა ნიშნავს იმას, რომ კრემლმა აქ გამოიწვიოს ქაოსი, არამართვადი ვითარების შექმნა. ჩვენ ვნახეთ კიბერთავდასხმები ტელევიზიებზე, სხვადასხვა სამსახურებზე, ყველგან რუსული კვალი იგრძნობა. ძალიან დიდი რესურსი აქვს რუსეთს ამ თვალსაზრისით და შექმნილი მითი, თითქოს რუსეთი სუსტდება, ნავთობს ვეღარ გაყიდის და შიმშილი მოელის, რეალობა არ არის“,- აცხადებს ზაზა ცოტნიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, ცოტნიაშვილი დასძენს, რომ ძალიან დიდი რესურსის მქონე მეომარი იმპერიაა რუსეთი, ჩვენ მისთვის ერთი ლუკმა ვართ, ამიტომ ცოტა სხვანაირი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომ გადავრჩეთ და დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ.

კონფლიქტოლოგის აზრით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რუსეთის ინტერესებში არ არის. თუმცა რუსეთი ყოველთვის შეუწყობს ხელს ხალხში გამუდმებული კომპლექსის გაჩენას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობის უნარი თურმე არ გვქონია და ისევ დედა რუსეთს უნდა შევაფაროთ თავი.

„რუსეთს ამისთვის საქართველოში ნოყიერი ნიადაგი აქვს, მაშინ რატომ აფინანსებს ამ ხალხს? ახლახანს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი რომ ჩამოხსნეს ბათუმში, ეს ყველაფერი კრემლშია შეთანხმებული, რომ გამუდმებული კითხვები გაჩნდეს, თურქეთი და რუსეთი ერთ პლანში გავიდეს, სულ იყოს საქართველოში არასტაბილურობის განცდა და ჩვენ, მათი აზრით, საცოდავმა ხალხმა რუსეთისკენ გავიწვდინოთ ხელი, რადგან თურმე არ შეგვიძლია სახელმწიფოებრივად ვიცხოვროთ. სხვა ამოცანა რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოში არ აქვს. რომელ ძალას უჭერს რუსეთი მხარს, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რადგან ამას მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აშკარად ჩანს პრორუსული ძალები“,- აცხადებს ზაზა ცოტნიაშვილი.

Maverick კონფლიქტოლოგ ზაზა ცოტნიაშვილს,
ალბათ თვალს ძალიან "გულმოდგინედ" ადევნებთ და "გაცნობილი" ხართ პრეზიდენტ ტრამპის არჩევაში რუსული კვალის ვერ აღმოჩენის და დემოკრატების მიერ რუსეთის ყბადაღებული კვალის შედეგებზე აშშ გამოძიების კომპეტენტური ორგანოების დასკვნებს და მაინც გვაბოლებთ ნაცური გულმოდგინებით.

ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს, და როგორც დაამთავრებს დემოკრატების ცრუ იდეოლოგიას, გლობალიზმის იდეებს და ლიბერასტულ მოძღვრებას, ისე დამთავრდება ნაცბოზბანდის და მისი სატელიტების თარეში საქართველოში!
4 თვის უკან
Katana . "ზაზა ცოტნიაშვილი განმარტავს, რომ ჯერჯერობით გამოძიება ვერ მივიდა იქამდე, ტრამპის გამარჯვება განხორციელდა თუ არა რუსული სპეცსამსახურების ჩარევის შედეგად."
:))
გამოძიება (რომელიც მრავალი მილიონი დაუჯდა ამერიკულ ბიუჯეტს), დიდი ხანია "მივიდა იქამდე", რომ ეს ყველაფერი იყო ცილისწამება და დემოკრატების ნაჩალიჩარი, მაგრამ ჩვენი კონფლიქტოლოგი, ეტყობა, კონფლიქტურ მდგომარეობაშია სიმართლესთან და არ მიუშვა ეს ინფორმაცია თავის გონებამდე!
*
გავიგე, რომ , "უცხო ქვეყნის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალულია" (სესიაშვილი), მაგრამ ის ვერ გავიგე, "უცხო ქვეყანა" მხოლოდ რუსეთს ჰქვია, თუ დანარჩენებსაც?
მაგალითად, სოროსის ფული რომელ კატეგორიაში გადის?

მივესალმები, რომ აუდიტმა შეამოწმოს "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების წყარო, ოღონდ ერთი დათქმით: ასევე გულდასმით შემოწმდეს და გამოვლინდეს, ვინ აფინანსებს ევრონაცებსა და "ნატურალურ ნაცებს"!!!
4 თვის უკან