„საარჩევნო პროცესებში კიბერშეიარაღებით ჩარევა არის რუსული კლასიკა, ამიტომ საქართველოზეც რომ გამოიყენებს, ამის მოლოდინი არსებობს“

„საარჩევნო პროცესებში კიბერშეიარაღებით ჩარევა არის რუსული კლასიკა, ამიტომ საქართველოზეც რომ გამოიყენებს, ამის მოლოდინი არსებობს“

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, გაჩნდა საშიშროება, რომ მსგავსი სერიები გაგრძელდება და ქვეყანა დაზარალდება. ვისი ხელწერაა ამ თავდასხმის უკან და რა შეიძლება ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერ თავდასხმის მიზანი იყოს? - ამ ყველაფერს წინ რუსეთის დუმის დეპუტატის იური შვიტკინის ბრალდებები უძღოდა. შვიტკინმა „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას რუსეთი არ აწარმოებს, მსგავსი ლაბორატორიები საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს. სავარაუდოდ, მან რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია იგულისხმა.

For.ge-სთან კი კიბერ უსაფრთხოების ანალიტიკოსი ნდრგოცირიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, რომელთა მთავარი მიზანი გარკვეული აზრის ფორმირებაა. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი შეტევები წინასაარჩევნოდ გახშირდეს და ამან უფრო დიდი მასშტაბი მოიცვას. ის ხელისუფლებას ურჩევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვა მოხდეს, რადგანაც ეს ქვეყნისთვის შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოება აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა და ჰაკერებმა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის ფაილებში შეღწევა სცადეს. ვისი კვალი იკვეთება ამ თავდასხმაში?

- ცალსახად ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის რუსულ სამხედროსთან ასოცირებული კიბერაქტორების ნამუშევარი. სქემა შემდეგია, კიბერშეტევის შედეგად ინფორმაციის მოპარვა ხდება, ხოლო ამ მოპარული ინფორმაციის შედეგად კომპრომატების ფაბრიკაცია ხდება. თითქოს ჩვენთან საშტატო შხამების „ნოვუჩუკის“ წარმოება ხდება. შემდგომ ამ ინფორმაციის კონტროლირებადი გაჟონვა რაღაც საიტებზე მიდის, ხოლო რუსული ინტერნეტ ბოტების, ტროლების მეშვეობით აფიშირება ხდება. ამის შემდეგ კი რომელიმე ოფიციალურ პირს განცხადებას გააკეთებინებენ. მაგალითად, როგორც ეს დუმის მაღალჩინოსანმა გააკეთა. თითქოსდა „ნაუჩოკი“ საქართველოში იწარმოება.

რა შეიძლება ამ ყველაფრის მიზანი იყოს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი?

- მიზანი რამდენიმე შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ ისრების გადატანა სხვაგან მოხდეს. ვიცით, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთი ნავალნის მოწამვლაში ოფიციალურად დაადანაშაულა. ამიტომაც ახლა ხელს საქართველოსკენ იშვერენ. მეორე მიზანი კი არჩვენებში ჩარევა და ზეგავლენის მოხდენაა.

ზუსტად არჩევანი რომ განაპირობონ. თუ ამერიკას გავლანძღავთ, ვამხელთ რაღაცა შხამების დამზადებაში, ბუნებრივია, არჩევნების წინ უფრო მეტი გაუთვითცნობიერებელი ამომრჩეველი იფოქრებს - ხომ არ არის ამ ყველაფრის გასაღები ჩრდილოეთი? მართალია, ამას არავინ დაიჯერებს, მაგრამ ეს ინფორმაცია ხომ ილექება და ამ ყველაფერს თავისი შედეგი ექნება. კრემლში ფიქრობენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რაც უფრო მეტად დაცარიელდება, ამ ვაკუუმს ქართულ-რუსული ურთიერთობები შეავსებს.

რამდენად შეიძლება მოხდეს იმის დადგენა, საიდან მოხდა კიბერ შეტევა? შესაძლოა ეს ნებისმიერი ქვეყნიდან ყოფილიყო, თუნდაც საქართველოდან?

- გეოგრაფია ძალიან რთული დასადგენია. მსგავსი შეტევა, პირობითად ვამბობ, შესაძლოა, ჩემი სახლიდანაც მოხდეს. მთავარია, ვინ იდგა ამის უკან. ვის აინტერესებს, ხელწერა ვისია, რა ტიპის ადრესატია, რა მავნეკოდია. ეს არის შპიონაჟი, ამიტომაც მისამართი საიდანაც დაიჰაკა, რთულად დასადგენია ხოლმე. ეს შეიძლება თურქეთიდანაც მომხდარიყო, გერმანიიდან, ამერიკიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუმცა - რუსული სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც შემოვლითი გზით ამას აკეთებენ.

არსებობს კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში შავი ხვრელები, რომლის მეშვეობითაც რუსული სპეცსაამსახურები მსგავს მნიშვნელოვან ობექტებეზე თავდასხმას ადვილად ახდენენ?

- კრიტიკული ინფრასტურქტურა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული. ჩვენთან ამის გაკეთება, ვერც კონცეფციალურ და ვერც ტექნიკურ დონეზე კრიტიკას ვერ უძლებს. თავის დროზე, როდესაც ეს ყველაფერი განისაზღვრა 2010-1012 წლებში სწორი იყო. თუმცა უკვე 2020 წელი სრულდება და კიბერუსაფრთხოება იმდენად სწრაფად ვითარდება, ჩვენ რამდენიმე წლით ჩამოვრჩებით. მით უმეტეს, რუსეთი ამ მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება და წარმოუდგენელია მათ ვებრძოლოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ობიექტების ტექნიკური დაცვა მნიშვნელოვანია, ასევე უმაღლესი მენეჯმენტის დონეზე სწორი გაცნობიერება უნდა მოხდეს.

წინასაარჩევნოდ რამდენად ელით, რომ მსგავსი თავდასხმები გახშირდება და რა სახის საშიშროების წინაშე ვდგავართ?

- საარჩევნო პროცესებში ჩარევა კიბერშეიარაღებით, ეს არის მსოფლიოს რეალობა. რუსეთმა ეს ტაქტიკა პირველად 2014 წელს უკრაინაში გამოიყენა. შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში. მოკლედ, ეს არის უკვე რუსული კლასიკა, ამიტომაც საქართველოზეც რომ გამოიყენებს, ამის მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო საიტებიდან წაღებულ ინფორმაციას, ეს გაცილებით ნაკლების ზიანის მომტანი იქნება, რადგან ეს უფრო რეპუტაციის შელახვა გამოვა. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობექტების ნაწილი კერძო სექტორის ხელშია. ეს არის საბანკო სისტემა, ჰოსპიტალური სექტორი, შესაბამისად სახელმწიფომ ამ ობიექტებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და დაცვაც უნდა აიღოს. ოღონდ ეს ისე არ უნდა გაკეთდეს, რომ მათ დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა მოხდეს.