ჯორჯ სოროსი თბილისშია

ჯორჯ სოროსი თბილისშია

ჯორჯ სოროსის ჩამოსვლასთან დაკავშირებით “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან სოროსის ფონდის დახურვა და თავად ჯორჯ სოროსის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს.

კულუარებში ჯორჯ სოროსის საქართველოში სტუმრობას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსალოდნელ გადაადგილებებს უკავშირებენ. არსებობს ვერსია, რომ მთავრობაში დაგეგმილი მორიგი საკადრო როტაცია ვაშინგტონთან უკვე შეთანხმებულია და ის სავარაუდოდ 2 კვირაში განხორციელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი საქართველოში “ღია საზოგადოება - საქართველოს” დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩამოვიდა.

ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” დირექტორი დავით დარჩიაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” დამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” აქტივისტთა პროტესტს მშვიდად შეხვდა.

დარჩიაშვილის განცხადებით, ჯორჯ სოროსის ფონდების ძირითადი ფილოსოფია და მიზანი სწორედ ისაა, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის უფლება და საშუალება.

“მთავარია, აქტივისტები მიეჩვიონ კანონის ფარგლებში თავისი აზრის გამოხატვას”, - აღნიშნა საუბრისას “ღია საზოგადოება - საქართველოს” დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჯორჯ სოროსი საქართველოში ყოფნისას რეკომენდაციებს მისცემს “ღია საზოგადოება - საქართველოს” ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად და ასევე შეაფასებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებულ პროცესებს.