„როცა პარტია ბედავს და უტიფრად ამბობს, რომ არამოქალაქე, მსჯავრდებული პირი არის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“

„როცა პარტია ბედავს და უტიფრად ამბობს, რომ არამოქალაქე, მსჯავრდებული პირი არის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; სანდრო გირგვლიანის საქმე – ეს იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალია, რომელშიც საქართველოს ექს–პრეზიდენტია ბარალდებული.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და ამ გზით შეეცადა თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის. ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი აცხადებს, რომ წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი, ბოდიშს იხდის და საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. თუმცა, ამჟამად არ აკონკრეტებს, ზღვით შემოვა, ხმელეთით თუ საჰაერო სივრცის გამოყენებით. ამბობს, რომ უკრაინა მისი მეორე სახლია, სადაც მისი მთავარი სახლიდან – ტკბილი საქართველოდან ჩავიდა.

„წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის.

მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში.

როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, საქართველოს ხელისუფლება მას პირდება, რომ მასპინძლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუწევენ, იქ, სადაც უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მისი თანაგუნდელები იხდიან სასჯელს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი პოზიციები უკრაინაში ნულის ტოლია და დღე–დღეზე გამოაგდებენ.

„როგორც ჩანს, იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში! დღეს, სხვა რეალობაა საქართველოში. საერთოდ, მისი ყველა სიტყვა არის სიცრუის დემონსტრირება. სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ–ერთმა ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა. მე ამას ვიტყვი ამ ჯარის პოზიციიდან. ის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ყველაზე მშიშარა, მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავის გუნდის წევრებს.

რაც შეეხება მის ბოდიშს, პრაქტიკულად, ის აქამდე ჯიუტად აცხადებდა, რომ მას და მის კრიმინალურ, დანაშაულებრივ გუნდს არაფერი ჩაუდენია. ჩვენ მოვისმინეთ აღიარება ამ 8 წლის თავზე, თითქოს ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო უმძიმესი დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების, კაცობრიობის წინაშე, შეიძლება ასე განზოგადებულად ითქვას. დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოებში. სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება იგი“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მმართველ გუნდში სააკაშვილის „ბოდიშს“ აღიარებით ჩვენებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი მეთერთმეტედ პირდება ამომრჩეველს, რომ ზღვით, ღრუბელ–ღრუბელ, ან ხმელეთით შემოაღწევს საქართველოში. ვიცე–სპიკერის განცხადებით, სააკაშვილის ბოდიში არაფრად ღირს.

„მისი ბოდიში ჩირად არ ღირს. ბოდიშს რატომ იხდის – უნდა იმ ხალხის გულის მოგება, ვინც არ არის დაკავშირებული იმ სადისტური მმართველობის პერიოდთან და ბოდიშს იხდის ერთ რამეზე – რატომ მეტ ადამიანს არ მოუგრიხა კისერი და არ გაასწორა მიწასთან მისი ოჯახი. ალბათ, ამაზე იხდის ბოდიშს, სხვა რა დააკლო ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკარინის მოქალაქის გათვლა ნათელია ანალიტიკოსებისთვის, რომელთა შეფასებით, სააკაშვილი მოლოდინებს ქმნის ამომრჩეველში, რომ ჩამოდის საქართველოში, რომლის მოქალაქეობაზე თავად თქვა უარი იმ მოტივით, რომ გაქცეოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სააკაშვილმა თავი უკრაინას შეეფარა, სადაც მას მოხეტიალე ბოშის პერსონას ადარებენ. პოლიტოლოგო რამაზ საყვარელიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოლოდინს უქმნის იმ 12%-ს, რომელიც სააკაშვილის პირადი ამომრჩეველია და არა „ნაციონალური მოძრაობის“.

„სჭირდება, რომ შემკვრელის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ საკმარისია, მის მომხრეებში გაჩნდეს განცდა, რომ სააკაშვილმა ზურგი შეაქცია საქართველოს, ისინი დაიფანტებიან, რაც სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს. ამიტომ, ასეთი განცხადება, რომ მე მოვდივარ, მოლოდინს ქმნის ამომრჩეველზე. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ სააკაშვილი არსად წამსვლელი არ არის, ემოციური ადამიანია და რეებს იძახის თვითონ არ უწევს ანგარიშსო, სწორი შეფასებაა. ახლახან შეხვდა ყირგიზეთის დელეგაციას და დაგეგმს მისი აქტიურობა ყირგიზეთში. თქვა, რომ საქმეები აქ აქვს და არსად მივდივარო. ასეთი, მივდივარ–მოვდივარო სჩვევია სააკაშვილს.

მაგრამ რაც შეეხება ბოშას, უკრაინელებს შუძლიათ შეადარონ ბოშას, ჩვენთვის ეს შედარება მეტისმეტად მსუბუქია, რადგან ამ მოხეტიალე პოლიტიკოსის მოღვაწეობა საქართველოში დიდ ადამიანურ ტრაგედიებთან არის დაკავშირებული. ის, რომ დახეტიალობს, ეს ძალიან მცირე ზომის ხარვეზია სააკაშვილის შეფასებაზე ქართული მხრიდან, უფრო მძიმე შეფასება აქვს ქართულ მხარეს და ამიტომ არის, რომ მისი ფანატიკოსების რაოდენობა 12%–ს ვერ სცილდება“, – აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, უკრაინისგან განსხვავებით სააკაშვილს გაუჭირდება საქართველოს საზღვის გადმოკვეთა, რადგან საზღვარზე მომხრეებზე გაცილებით მეტი, მისი მოწინააღმდეგები იქნებიან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები.

„უკრაინის საზღვარი მომხრეების ხელშეწყობით გადაკვეთა. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეალისტია, არც ისე მოწყვეტილია რეალობას, როგორც თვითონ გვიჩენებს ხოლმე. ალბათ, იცის, რომ თუ მიუახლოვდება საქართველოს საზღვარს, მის მომხრეებზე გაცილებით მეტი, მოწინააღმდეგები იქნებიან საზღვარზე. ეს არაა მარტო სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის პრობლემა მისთვის, ეს მისთვის მოსახლეობის დიდ პროცენტთან ურთიერთობის პრობლემა არის, რომელიც იძახის, რომ არ დაუშვებს საააკაშვილის დაბრუნებას.

ანალოგია უკრაინასთან ვერ გაკეთებდა. იქ ასეთი მოწინააღმდეგე სააკაშვილს არ ჰყავდა, აქ გარდა სამართალდამცავებისა, ასევე არის სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ძალიან დიდი არმია. თუკი სამართალდამცავებმა რაიმე აპატიეს სააკაშვილს, ეს ხალხი არ აპატიებს. ასე რომ, აქ დაბრუნება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე უკრაინაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს თუ დესტაბილიზაცია დაიწყო, რისი იმედიც აქვთ, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი შეიძლება ჩამოვიდეს. მისი თქმით, თავისთავად, როდესაც ამ ხმებს ავრცელებენ, ესეც დესტაბილიზაციის ფაქტორია. მიზანი ნათელია – როგორმე ისე დაიძაბონ სიტუაცია, რომ მგელი მოვიდა რეალობად იქცეს.

„სააკაშვილი ჩამოვა იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს დესტაბილიზაციის შექმნას. ლეგიტიმური გზით პოლიტიკაში ვერანაირად ვერ შემოვა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის და მეორეც, მსჯავრდებულია, მისჯილი აქვს. ერთადერთ ადგილას, სადაც შეიძლება კანონიერად იყოს, ეს არის ციხე. სხვაგან ვერ იქნება. მისი განცხადება, რომ ბრუნდება, ეს არის დესტაბილიზაციის მოწოდების პირდაპირი ნიშანი. არ ემორჩილება საქართველოს კანონებს, არ ცნობს საქართველოს იურისდიქციას და თავისი სამართალი მოაქვს, მიდის თავისი კანონებით, სწორედ ამას ნიშნავს სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადებები. ჩამოვა იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა აირევა. ანუ, შეუძლებელი იქნება მისი დაპატიმრება. მაშინ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რასაკვირველია საქმე აქამდე არ მივა“, – ამბობს ანალიტიკოსი.

დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარში პირდაპირ იკითხება.

„მარტო ის, რომ პრემიერ–მინისტრის კანდიდატად ასახელებენ უკრაინის მოქალაქეს, მსჯავრდებულს, ეს არის სილის გაწნა. დაგვცინის თუ რა ხდება?! სახელმწიფოა, თუ კოლმეურნეობა?! როცა მთავარი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ მისი პრემიერობის კანდიდატია უკარინის მოქალაქე, მსჯავრდებული სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ გამოწვევას უგზავნის სახელმწიფოს. მთელი მათი საარჩევნო კამპანია ამაზე იქნება აგებული, ეს იქნება დესტრუქცია და ეს უკვე იკითხება.

ეს არაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, როცა პარტია ბედავს და უტიფრად ამბობს, რომ არამოქალაქე, მსჯავრდებული პირი არის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, როცა მას კანონით არ აქვს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის უფლება. ის ციხეში უნდა იყოს. ამ უტიფრობას რომ ბედავენ, ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს გამოწვევა. „ქართული ოცნება“ აქ მეორე ხარისხოვანია. ხელისუფლება ვალდებულია არ დაუშვას დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli მხოლოდ სათაური წავიკითხე - „როცა პარტია ბედავს და უტიფრად ამბობს, რომ არამოქალაქე, მსჯავრდებული პირი არის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ !
დიახ აარის, სრული 100%-ით გეთანხმეით, რომ ეს არის არამარტო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედაბა, უფრო უარესი, ეს არის ქართული სახელმწიფოს, მისი კონსტიტუციის, საარჩევნო კოდექსის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ქართველი ხალხის აბუჩად აგდება, გატირზავება!!!
მერე, ამის დეკლარირების მერე რა?! რატომ არ ჩახსნით არჩევნებიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ პერმანენტულად მოქმედ ამ ძალას?! რაშია საქმე, რას ელოლიავებით?! რაო დასავლეთელმა დეიდებმა და ბიძიებმა გიბრძანეს მაგათ ბუზიც არ აუფრინოთ თორემ ჩვენთან გექნებათ საქმეო?!
გვითხარით, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, რაშია საქმე??!!
მე პირადად როგორც ყველა აქაურმა შინაურმა უკვე კარგად იცით ავტორიტარული, სრულიად არადემოკრატიული მმართველობის მომხრე ვარ! ამის გამო პირადად მიხეილ სააკაშვილთან პრეტენზიები მმართველობაზე კი არ მაქვს არამედ, მისი ხელმწიფების პერიოდში, მის მიერ რუსეთთან გაჩაღებულ ომში დამარცხებას ვედავები, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას და მათზე ახალი სახელმწიფოების აღმოცენებაში ვადანაშაულებ! წესით და კანონით სინდის-ნამუსიანი სამშობლოს მოყვარული, ქართული ტრადიციების მატარებელი კაცი, პოლიტიკაში, მითუმეტეს პრემიერ მინისტრად, პრეტენზიას არ უნდა აცხადებდეს. თავი უნდა ჰქონდეს დახრილი, ბერს და ერს ყოველ ცისმარე დღეს პატიებას უნდა სთხოვდეს!
4 თვის უკან