საქართველოს ეკონომიკა ისევ რეცესიაშია, თუმცა გაჯანსაღების ნიშნები უკვე აშკარაა. ამას იმედს, გარდა სტატისტიკური მონაცემებისა, იძლევა ისიც, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები დადებითად უყურებენ ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლობლობებს და გადადგმულ ნაბიჯებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ს (მშპ) კლებამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი - 5.8 პროცენტია.
„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა, რომლის მიხედვითაც მშპ 5.5%-ით შემცირდა. ნათია თურნავას აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას:
„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია, ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, რადგან წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ მაჩვენებელი არის - 5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე - აპრილის მაჩვენებელი. თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, თვიდან თვემდე, როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16.6%, მაისში -13.5%, ივნისში, მაშინ, როცა პრაქტიკულად, მოვხსენით შეზღუდვები, იყო - -7.7% და ივლისში - -5.5%. პრაქტიკულად, სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა თურნავამ.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც გამოეხმაურა. მისი აზრით, ეკონომიკის ვარდნის ტემპი ივლისში აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს იყო წინა პერიოდში. ამიტომ წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი -4-დან -5%-ის ფარგლებში იქნება.
„ივლისში საქართველოს ეკონომიკა -5.5% შემცირდა, როგორც იცით, ბიუჯეტში ჩადებულია მშპ-ს 4%-იანი კლება. ასიგნებები 15,9 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენ მთვარობას მივეცით თანხმობა ბიუჯეტის დეფიციტი 8.5%-მდე გაზრდილიყო. თუ პანდემიის მეორე ტალღა არ გვექნა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, მშპ-ს შემცირება -4-დან -5% ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ რეიტინგებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ, ასევე, „FITCH RATING“-მა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.
„ეს არის დადასტურება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკურ წონასწორობას ინარჩუნებს, რაც განპირობებულია იმ ფუნდამენტური რეფორმებით, რაც წლების განმავლობაში მთვარობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელა. მათ შორის არის: მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ და სხვა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მართლაც სარეიტინგო სააგენტო „FITCH RATING“-ის შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფურსმა“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და მათ შორის პერსპექტივაც უცვლელი დატოვა, რასაც მთავრობის წევრების მხრიდან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა აქვს.
„ანგარიშში ჩვენს ძლიერ მხარედ ასევე დასახელებულია მყარი ინსტიტუციური მმართველობა. განსაკუთრებით დადებითად არის ნახსენები ის სამუშაო, რაც გავწიეთ დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა რეიტინგის შენარჩუნებაზე. ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვიფიქროთ რეიტინგის ზრდაზე ერთი საფეხურით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ და ქვეყნის გადახდისუნარიანობა, რაზეც, მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგები მიუთითებენ.
„ჩვენ ერთი საფეხური გვაშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევამდე და ორი საფეხურის საინვესტიციო რეიტინგამდე, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
„სტანდარტ ენდ ფუარსი“ ერთ-ერთია იმ მსხვილი სარეიტინგო კომპანიებიდან, რომელთა შეფასებას, რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კორპორაციებიც და სახელმწიფოებიც. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საქართველოს დღევანდელ პოზიციას მნიშვნელოვანს უწოდებს. აღნიშნულმა კომპანიამ, ფაქტობრივად, გაიმეორა სულ რამდენიმე დღის წინ მეორე სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და კორონავირუსის პანდემიის მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, პერსპექტივა უცვლელად სტაბილურ დონეზე დატოვა.
„მთლიანობაში, „სტანდარტ ენდ ფუარსი“ არა მარტო ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო-საბანკო სექტორის მდგომარეობას, არამედ იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას და ეს გარემოება იმ დროს, როდესაც გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა, წარმოადგენს საკმაოდ დამაიმედებელ, პოზიტიურ გზავნილს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობის, მოქმედი, თუ პოტენციური ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.