ნანა ლეჟავა - „სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება მიუღებელია“

ნანა ლეჟავა - „სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება მიუღებელია“

"იმედის” თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ “ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდი გაიხსენა. მას მაშინ იმავე რეჟიმში უხდებოდა მუშაობა, როგორშიც ახლახან, ნოემბრის მძიმე დღეებში “იმედის” ჟურნალისტებს.

- შევარდნაძის მთავრობასაც კი არ მოსდიოდა აზრად, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძოლა. ესმოდათ, რომ ამ სიტუაციაში ჟურნალისტები ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელმა მთავრობამ კარგად იცის ჟურნალისტების ძალა და ამიტომ პირველ დარტყმას თითქმის ყოველთვის ჟურნალისტებზე აკეთებს.

შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ, ისმოდა თუ არა ხელისუფლების დამხობის შინაარსის შემცველი მოწოდებები “ვარდების რევოლუციის” დღეებში? ხდებოდა თუ არა ამის პირდაპირი ეთერით გადაცემა?

- მოწოდებები მაშინდელ მიტინგებზე რომ იყო, დღევანდელ ოპოზიციას ალბათ არც მოელანდება. ამჟამინდელ ოპოზიციას რევოლუციის მწარე “გაკვეთილი” ერთხელ უკვე აქვს მიღებული და სწორედ ამის გამო აღარ უნდოდათ ახალი რევოლუციის მოწყობა. ისინი თავიდანვე არჩევნებს ითხოვდნენ.

ოთხი წლის წინ, როცა რევოლუციური მოწოდებები ისმოდა ღია ეთერში, შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები რა ღონეს ხმარობდნენ?

- შეიძლება მათი მხრიდანაც იყო ერთგვარი რეაქცია, მაგრამ ეს ალბათ იმდენად უმნიშვნელო გახლდათ, რომ სიმართლე გითხრათ, ახლა ვეღარც ვიხსენებ. შევარდნაძის ხელისუფლებას ნამდვილად არ უცდია, ყველასა და ყველაფერზე რაღაც საქმეები “შეეკერა”, არარსებული ამბების შესახებ ელაპარაკა. არავის მოსვლია აზრად, ჟურნალისტებს ასე სასტიკად გასწორებოდა.

იმედის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერის მოსმენისას რა რეაქცია დაგეუფლათ?

- ვერაფრით ავხსენი, რომელი კანონის მიხედვით იყო ლეგალური ამ სატელეფონო საუბრის მოსმენა და გამოქვეყნება. პირველი, რაც გავიფიქრე, არის ის, რომ “იმედში” 550 კაცი მუშაობს და ალბათ ყველას უსმენენ-მეთქი (და არა მარტო მათ).

მინდა აღვნიშნო, რომ ორივე - სოფო ჭაავაც და ეკა ქადაგიშვილიც, ჩემი მეგობარია. ამის მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით სუბიექტური აზრი მაქვს, რომელიც “იმედის” ჟურნალისტების მოსაზრებას ემთხვევა. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ამ პროვოკაციის მონაწილეა, რაც ჩემთვის მიუღებელია.

ამ სატელეფონო საუბრის განხორციელება წინასწარ დაგეგმილი მიზანმიმართული ქმედება იყო. ეს ადვილი მისახვედრია იმისთვის, ვინც იცის ტელევიზიის სამზარეულო, იქ მომუშავე პირთა ფუნქციები და მათ შორის დამოკიდებულებები...

ვარდების რევოლუციამდეც” გექნებოდათ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მათი ფარული ჩანაწერებიც რომ გავრცელებულიყო, რა მოხდებოდა?

- არ ვიცი, ამას მაშინდელი რევოლუციონერები როგორ გამოიყენებდნენ. პარლამენტში ვარდებით შევარდნა კი არა, უარესიც შეიძლება მომხდარიყო. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისათვის მსგავსი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება აბსოლუტურად მიუღებელია. რამდენიც უნდათ, იმდენი ისმინონ ეს უაზრო სატელეფონო ჩანაწერები. ამის გამო ჟურნალისტებს ერთმანეთთან დარეკვაზე და ინფორმაციების გაზიარებაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ.