კატალონიის „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის შორის დაპირისპირება გრძელდება. არგენტინელი ახალ სეზონში კლუბის პირველ ვარჯიშზეც არ გამოცხადდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო მას შემდეგ, რაც მესი პროტოკოლით გათვალისწინებულ კორონავირუსის ტესტირებაზე არ მივიდა. არგენტინელის სურვილი მტკიცეა - მას „ბარსელონას“ დატოვება უნდა. საწვრთნელი პროცესის თვითნებურად გაცდენის გამო კი არც ისაა გამორიცხული, რომ კატალონურმა გრანდმა მესის ფულადი სანქცია დააკისროს...
ამასობაში, ოთხშაბათს, დაგეგმილია ლეოს მამის, ხორხე მესისა და ხოსეპ მარია ბართომეუს შეხვედრა და დიალოგის თემა ცხადია, ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა იქნება.
შეგახსენებთ, უკვე ერთი კვირაა, რაც მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად აცნობა, რომ „ბარსაში“ დარჩენა აღარ სურს. ესპანური გრანდი კი ლეგენდარულ მოთამაშებს ადვილად ვერ ელევა და კონტრაქტს არ უწყვეტს, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს იწურება.