„ის არის ცივსისხლიანი და ფსიქიკურად ძალიან ჯანსაღი“

„ის არის ცივსისხლიანი და ფსიქიკურად ძალიან ჯანსაღი“

ლევან ბერძენიშვილის საახალწლო „თხოვნა“, როგორც ჩანს, თალიბებმა გაითვალისწინეს და მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლა ტრაგიკულად არ დასრულდა. თუმცა, პარლამენტარი მაინც მიიჩნევს, რომ ავღანეთში ახალი წლის შეხვედრა იყო იმ „ვაჟკაცობის“ გამოვლინება, რომელიც სააკაშვილს არასდროს ჰქონია.

For.ge-ს ესაუბრება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი.

რას ელით 2013 წლისგან და რომელიმე წელს ხომ არ გამოარჩევდით? როგორც ვიცი, ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი წლების წინ გქონდათ, როცა რუსეთის ციხიდან გათავისუფლებას ელოდით...  

- ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი 1987 წელს მქონდა. იმ წელს უნდა გავთავისუფლებულიყავი, 3 ან 4 იანვარს ველოდი ციხიდან გამოშვებას, მაგრამ ეს რიცხვები შაბათ-კვირას დაემთხვა, 1-ელ და 2 იანვარს კი საბჭოთა კავშირი არ მუშაობდა. ამიტომ, ოცნებად მქონდა, რომ 31 დეკემბერს მაინც გამათავისუფლებდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, არც 31-ში გამომიშვეს, არც 1-ში, არც 2-ში და მხოლოდ 3-ში გამათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ შაბათი დღე იყო. ეს დღე დამამახსოვრდა, რადგან ახალ წელს მარტო შევხვდი პოტმის ციხეში, მორდოვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. წარმოიდგინეთ შუა ვოლგა, ჭაობების მხარე, ძალიან ცივი, ბნელი და პირქუში ადგილი. თევზის კონსერვი მქონდა „რიბნი პაშტეტ“ და გასახსნელი არ მომცეს. ამიტომ, ავიღე ეს კონსერვი და ჩამოვაცვი საწოლის რკინის რიკულს, რაღაცნაირად მოვახერხე იქიდან შიგთავსის ამოღება. თუმცა, იმის მერე შემძულდა თევზის კონსერვი „ვალნა“. მართალი გითხრათ, მას შემდეგ არც მინახავს ეს კონსერვი...

რაც შეეხება 2013 წელს, 13-თან დაკავშირებული ცრურწმენის მიუხედავად, ჩვენ მაინც 2013-ად აღვიქვამთ და არა -113-ად. 2013 საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი წელი უნდა იყოს, რადგან ჩვენ მართლაც პირველად გამოვედით საბჭოთა კავშირის ჩრდილიდან. დღემდე ჩვენ ვიყავით პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც წინა ხელისუფლებასთან შეჯიბრი კარგ ტონად ითვლებოდა. წინა ხელისუფლებაში იყო შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა, რამდენიმე წელი მეტ-ნაკლები დემოკრატიის პირობებში ეცხოვრა, მისმა საბჭოურმა აზროვნებამ მაინც თავისი წაიღო და ბოლო წლები მან ჩაატარა კლასიკური საბჭოთა კავშირის სტილში - კორუფცია, სტაგნაცია და მეტი არაფერი. საერთოდ, საბჭოთა კავშირი უინტერესო ქვეყანა იყო და არაფერი არ ხდებოდა. ამ ეპოქაში საბჭოთა კავშირის აშენება ძნელი იყო, მაგრამ შევარდნაძემ რაც იცოდა, იმას აკეთებდა. ამიტომ მასთან დაპირისპირება ნამდვილად იყო პოსტსაბჭოთა პერიოდი.

ჩვენ კი ახლა დავამარცხეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშკარად არ არის საბჭოთა. ამიტომ, ჩვენ ვართ პირველი დამოუკიდებელი გამარჯვებულები და საბჭოთა კავშირის ჩრდილი მოგვშორდა. ეს ისტორიული ამბავია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირშია დარჩენილი, ან პოსტსაბჭოთა პერიოდშია. სანამ არ დამარცხებულან ყველანაირი კარიმოვები და სხვა „მოღვაწეები“, მანამდე ისინი საბჭოთა კავშირში რჩებიან და მოგვიანებით დაგვეწევიან, რადგან ჩვენ სერიოზულად გავიჭერით წინ.

სხვათა შორის, უკრაინაში პირიქით მოხდა, იქ საბჭოთა კავშირი დაბრუნდა, ჩვენთან კი ასე არ მოხდა. ახლა ზოგიერთი, მათ შორის, სააკაშვილი, შეეცდება, დახატოს, თითქოს დღევანდელი ხელისუფლება და საბჭოთა კავშირი ერთი და იგივეა, რომ თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მოსურნე.

ახალმა ხელისუფლებამ როგორ უნდა გააქარწყლოს ნაციონალების მხრიდან მათი რუსულ ძალებად წარმოჩენის მცდელობა?
- სულ ახლახანს ჩატარდა ღონისძიება, როცა ორი ერთმანეთზე უფრო საინტერესო კრებული შეასკდა ერთმანეთს - ნაცმოძრაობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. თქვენ იცით, რომ ჩვენი პარტია ნატოს მომხრე იყო იმ დღიდან, როცა ხაჩიძე დაბადებული არც იყო და რაღაცებს რომ სინჯავს ხოლმე, ისიც არ ჰქონდა გასინჯული, არც სიმღერა და არც სხვა მისი „ტალანტი“ არ ყოფილა გამოვლენილი. ასე რომ, ნატოს სიყვარულს მე მისგან ვერ ვისწავლი. რაც შეეხება იმ ხალხს, ასე ვთქვათ, რუსეთუმეებს, ვინც რუსეთის მომხრეობაში გამოტყდა, ეს ხალხი ქვეყანაში არსებობს. რას ნიშნავს მათი გამოჩენა? - ძალიან კარგ რამეს, რომ დღეს მეტი თავისუფლებაა და, თუნდაც არ მოგვწონდეს ამ ხალხის გამოჩენა, ისინი თავიანთ აზრს უნდა გამოხატავდნენ.

მაგრამ ნატოს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს რომ დაუპირისპირდნენ?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან ორი უკულტურო ფენა შეხვდა ერთმანეთს. ეს გასაგებია, აზრის გამო დაპირისპირება არ შეიძლება.

ძალით ხომ არ იყო მოწყობილი 30 დეკემბერს ნატოსა და რუსეთის მომხრეთა აქცია და ესეც ნაციონალების ინტერესს ხომ არ ემსახურებოდა?

- ვერ გეტყვით, არის ასეთი ეჭვი, რომ ორივე აქცია მოაწყო „რუსთავი 2“-მა და სხვამ, მაგრამ მე ასეთი ეჭვი არ მაქვს. პირიქით, მგონია, რახან ქვეყანაში არის თავისუფლება, სულ უფრო მეტ გამოსვლებს უნდა ველოდოთ, ისევე, როგორც იყო გამოსვლები ხელფასის მოთხოვნით, გაფიცვები და სხვა. ეს ყველაფერი გამოიწვია არა იმან, რომ გუშინ კარგად ცხოვრობდნენ და დღეს თურმე გაუუარესდათ პირობები. თქვენ იცით, რამდენი წელია, ეს ადამიანები ცუდად ცხოვრობდნენ, ჩვენ იმედი ვაჩუქეთ ადამიანებს. ჯერ ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ის მაინც შესაძლებელია, რომ ცალკეულ ადამიანებს ახლა არ ეშინიათ აზრის გამოხატვის.

მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ეს ადამიანები საპროტესტოდ გამოსვლას ვერ ბედავდნენ. ამდენად, ხომ ცუდია ბიძინა ივანიშვილის იმიჯისთვის, რომ მაინცდამაინც მის დროს გამოდიან საპროტესტოდ? ეს ხომ არ იცის დასავლეთმა?

- დასავლეთმა მშვენივრად იცის, რომ გამოსვლები ნიშნავს თავისუფლებას. დასავლეთში ვისაც უნდა, თავი მოიტყუოს, მაგალითად, EPP -ის (ევროპის სახალხო პარტია), ის ახლა თავს იტყუებს, რომ მიშა სააკაშვილი ერთადერთი და განუმეორებელია და, რახან მან წააგო, ე.ი. ვინც მას მოუგო, ისინი ცუდები არიან. მოგებულებში, მართალია, ლიბერალებიც არიან და არის კიდევ ერთი პარტია, რომელიც იდეოლოგიურად ჯერ არ ჩამოყალიბებულა და არ ვიცით, სად იქნება, რომელ ევროპულ პარტიაში შევა „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მაგრამ ნათელია, რომ EPP-ის მიაჩნია, რომ მიშასნაირი არავინ იქნება დედამიწის ზურგზე. ეს გასაგებია, მაგრამ მთელ დასავლეთს EPP-ის ნუ დავუკავშირებთ, EPP ბევრია, ყველაზე დიდი ფრაქციაა ევროსაბჭოში, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვთ. მეორე ასეთი დიდი ფრაქციაა სოციალისტები, თანაც, სოციალისტები და ლიბერალები ერთად ბევრად აღემატებიან EPP -ის. ამიტომ მარტო ის არ არის დასავლეთი. მე ახლახანს დელეგაციასთან ერთად დასავლეთში გახლდით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შევხვდით ბუნდესტაგის ხელმძღვანელობას, მოვისმინეთ, რომ მიშა სააკაშვილი ცუდია და ახალ ხელისუფლებას იმედის თვალით უყურებენ. სხვათა შორის, უმცირესობამაც მოისმინა ეს ამბავი. ასე რომ, მათი მხრიდან მოწმეებიც გვყავდა. თუმცა, რა თქმა უნდა, იქ შეშფოთებას გამოხატავენ, ხომ არ არის დევნა და ასეთი კითხვებიც არსებობს. რაც მთავარია, ბუნდესტაგის ხელმძღვანელობის დონეზე ჩვენ მოულოდნელად იმის სრულ გაგებას წავაწყდით, რაც რეალობაა, რომ მიშა არანაირი დემოკრატი არ იყო და დღეს გვაქვს შანსი, უფრო მეტი დემოკრატია ავაშენოთ.

ჯერ ცოტა დროა გასული და 2013 წელს სათანადო დრო გვექნება იმ თავისუფლების გასაძლიერებლად, რომელიც ქვეყანაში მატულობს. სულ უფრო მეტი იქნება ასეთი მოვლენები, რომელიც ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს, მაგრამ ადამიანი გამოვა და გამოხატავს თავის აზრს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას საკუთარი თავი უსაფრთხოდ მიაჩნია. ასეთ დროს ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმეს გამოსვლა დავუშალოთ, დემოკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასე რომ, ბატონი ხაჩიძე არადემოკრატიულად იქცეოდა. მეც არ მომწონს ანტი-ნატო, რუსეთი და საბჭოთა კავშირი და, მე მგონი, ასახსნელი ეს არ მაქვს. არ ვიცი, ვის როგორ აქვს გადაბრუნებული  ტვინი, მაგრამ ხაჩიძემ ალბათ იცის, რომ საბჭოთა კავშირის დროს ციხეში იმიტომ არ ვიჯექი, რომ შემყვარებოდა ის ქვეყანა, რომელმაც ჩამსვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცთან, რომელიც არ მოგწონს, მიხვიდე და ხელები უქნიო, მოღალატე უძახო და ა.შ. დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას მარტო კაი ბიჭებისთვის კი არა, ცუდი ბიჭებისთვისაც. სხვათა შორის, საბჭოელები რომ გარბოდნენ საბჭოთა კავშირიდან, გაოგნებულები წერდნენ იქიდან, რა ყოფილა ეს ამერიკა, აქ თავისუფლება მარტო კარგი ხალხისთვის კი არაა, ცუდი ხალხისთვისაცააო. თავისუფლება მართლაც ასეთია, ის ყველასთვისაა. ჩვენ გვინდა, თავისუფლება გაძლიერდეს ინსტიტუციურად, ყველამ თავი დაცულად იგრძნოს და დაპირებების შესრულება დავიწყოთ.

ნაციონალების მიერ ბაჩო ახალაიასთვის ახალი წლის ღამის თევას როგორ შეაფასებთ?

- ბაჩო ახალაია ახლა არის პატიმარი და ყველაფერი, რაც მისთვის გაკეთდება, მათ შორის, თუ ვინმე ღამეს გაუთევს, მხოლოდ მისასალმებელია. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, იგი სამართლიანად არის დაპატიმრებული და, ალბათ, კარგა ხნით იქნება საპატიმროში, რადგან მან თავისი მოქმედებით ძალიან ბევრი რამ დააშავა.  სასამართლო დადგენილება ჯერ არ არის და ის ჯერ კიდევ უდანაშაულოდ ითვლება, ამიტომ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში არ შესულა, მივესალმები ყველა ასეთ ჰუმანურ აქციას. მე არ შემიძლია, მივიდე და ღამე გავუთიო, რადგან არა მგონია, ეს გაუხარდეს და არც ის მგონია, ეს მე გამიხარდეს. თუმცა, მე როცა პატიმარი ვიყავი, ჩემთვის ასეთი რამ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ ახალაია უდანაშაულოა, გმირია და სხვა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, მათ ფიქრს ვერ დავუშლით.

ზოგიერთისთვის ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანია.

- ცოტნე დადიანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თავად ცოტნე დადიანთან მაქვს შეკითხვები, არათუ იმ ხალხთან, ვისაც ადარებენ ცოტნე დადიანს. მე მგონი, მთლად სწორად არ არის ისტორიულად გააზრებული მისი მოქმედება, არა მგონია, რომ ნორმალური მოქმედება აუცილებელია მრავალსაუკუნოვანი გმირობისთვის. ცოტნე დადიანი ასე რომ არ მოქცეულიყო, მაშინ იქნებოდა ცუდი საქციელი. იგი მოიქცა, როგორც ჩვეულებრივი კაცი, თუმცა ხანდახან ჩვეულებრივი კაცობაც ძნელია.

მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლას როგორ შეაფასებთ?

- ეს უკვე პიარი არ არის, ეს არის სისულელე, სიბრიყვე, ეს არის „ვაჟკაცობა“, რომელიც მას არასდროს ჰქონია და არ ვიცი, კიდევ რა.

ხომ არ არის ეს იმის გამოძახილი, რომ მის ტიტულებს აკლდა - „მიშა თავდადებული“?

- არ ვიცი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ ჩემს დიდ თხოვნას როგორც თალიბები, ისე არათალიბები და მას არაფერი არ მოუვა ამ დღეებში, ამ თვეებში და ამ ათწლეულებში. იმედი მაქვს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები უპასუხისმგებლო მოქმედებებით არ დამთავრდება. მას, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ დავუშლიდით და იგი არ წავიდოდა. ალბათ, ამაზეც გათვალა, თუმცა არ შეიძლება ასეთი რამეებით თამაში. ყოველთვის, როცა მეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი არ არის ჯანსაღი ფსიქიკურად, მე მას კარგად ვიცნობ და ვეუბნებოდი, რომ ის არის ცივსისხლიანი და ფსიქიკურად ძალიან ჯანსაღი. არ მინდა, სააკაშვილმა თავისი საქციელით ჩემს მრავალწლიან რწმუნებაში ეჭვი შემატანინოს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ცივსისხლიანია, აბსოლუტურად გონიერია და აღელვებული როცა ჩანს ხოლმე, ეს მისი მსახიობური ტალანტია. და ბოლოს, უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა გისურვოთ ყველაფერი კარგი. 2013 წელს ქართული დამოუკიდებელი მედიისთვის მოეტანოს ის თავისუფლება და ფინანსური შესაძლებლობა, რაც მოაქვს რეკლამას. ისე აყვავდეს ქვეყანა, რომ უკეთესი ინფორმაცია გვქონდეს, უკეთესი ინფორმაცია კი ნიშნავს უკეთეს ცხოვრებას. ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც განათლების ცენზი იქნება გადამწყვეტი.