აქტიურობა იდიოტიზმის ზღვარზე და შაჰიდი სააკაშვილი

აქტიურობა იდიოტიზმის ზღვარზე და შაჰიდი სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად ხუთპუნქტიანი გეგმა აქვს.

„პირველი – მოდით, შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. ეს მეც მეხება და ამისთვის მზად ვარ. მოდით, დავანებოთ თავი ერთმანეთის დამნაშავეებად, მტარვალებად და მოღალატეებად შერაცხვას“, - ეს არის სააკაშვილის ხუთპუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი.

„მეორე - უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია; უნდა შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა; უნდა შეწყდეს წინა ხელისუფლების პირსისხლიან დამნაშავეებად მონათვლის უსაფუძვლო მცდელობა. ეს ასე არ არის და რაც არ არის, იმას ვერანაირი მართლმსაჯულება ვერ დაამტკიცებს.

მესამე – მოდით, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ დავაბრალებთ იმ უპრეცენდენტო საერთაშორისო კრიტიკას, რომელიც საქართველომ ბოლო ორ თვეში მიიღო, ერთი-ორი ქართველი დეპუტატის ჯადოსნურ დიპლომატიურ ხრიკებს.

მეოთხე - შეწყდეს შეტევა თვითმართველობებზე. შეწყდეს ძალადობისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისება. ეს აქციები არის დანაშაულებრივი ლაშქრობა დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მიგვაქანებს სამოქალაქო აშლილობისა და ქაოსისკენ.

მეხუთე – მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართველი ეკონომიკისადმი და ზოგადად საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას. მოდით, ჩემს მიერ შემოთავაზებულ ოთხივე ნაბიჯთან ერთად მოვიწვიოთ დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთად გავუძღვებით“, - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი.

მისი ამ ინიციატივის პარალელურად გავრცელდა პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც სისტემა დამარცხებულია და ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, გარკვეულ პიროვნებებს შეცდომები აპატიოს.

„პროცესი დამთავრდა, ამ კაცმაც იგრძნო ეს, იგრძნო ეს გუნდის ძალიან ბევრმა წევრმა, ზოგმა ვერც გაიგო და მე მათ ავუხსნი, რა მოხდა რეალურად - რეალურად დამარცხდა სისტემა, სიცრუისა და ძალადობის სისტემა და ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პიროვნებები, რომლებიც აფუძნებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ სისტემის არსებობას, ნებით თუ უნებლიეთ, ვაპატიოთ და ამნისტიის მსგავსი რაღაც მოვიფიქროთ, იმისათვის, რომ მათაც ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულად ცხოვრება შეეძლოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პოლიტიკურ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხუთპუნქტიანი გეგმა არა საქართველოს მოსახლეობაზე, არამედ დასავლეთზეა გათვლილი. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მხრიდან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაჭერებისგან დაცვის მცდელობაა. სააკაშვილის ინიციატივაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე for.ge-ს „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

გია ხუხაშვილი: „კონსტრუქციული მიხეილ სააკაშვილი - ასეთი ფენომენი ბუნებაში არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ადამიანი მთლიანად დესტრუქციაზე და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული. მას სახელმწიფო არასოდეს აინტერესებდა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ არც ახლა აინტერესებს. ეს ხუთი პუნქტი, ძირითადად, იმის ფორმულას გვაწვდის, როგორ არ დავიჭიროთ კოლექტიური მიხეილ სააკაშვილი. ეს გეგმა მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი მთლიანად ამნისტირებული იყოს.

საინტერესოა, როგორი იყო სააკაშვილის ამ გამოსვლის სტრუქტურა. გამოსვლის პირველ ნაწილში სააკაშვილი ამ გეგმის პოტენციურ პარტნიორს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. მეორე ნაწილში კი უკვე ნიანგის ცრემლებით ტიროდა და რაღაც შერიგებაზე საუბარობდა. ამ ყველაფერში, რომ ადამიანს ჯერ აგინო და შემდეგ რაღაც თანამშრომლობაზე ესაუბრო, ლოგიკის დაჭერა ძალიან რთულია. რაც შეეხება ამ გამოსვლის შინაარს, რამდენადაც მე ვიცი, ხელისუფლება ისედაც აპირებს ასე ვთქვათ, მაფიის ჯარისკაცების ამნისტირებას, მაგრამ აქ საუბარი არ არის იდეოლოგებზე.

სააკაშვილის გამოსვლაში განსაკუთრებით სასაცილო იყო ერთი პუნქტი, სადაც ის ბიზნესფორუმის ჩატარებაზე საუბრობდა. ეტყობა იმ ბიზნესმენებმა, რომლებსაც ის „კრიშავდა“ და თავის ინტერესებზე ამუშავებდა, მიაკითხეს მას და ჰკითხეს, შექმნილ სიტუაციაში რით აპირებს მათ შველას. ამიტომ, სააკაშვილს გაუჩნდა იდეა, რომ რაღაც გაუგებარი ბიზნესფორუმი ჩაატაროს, სადაც ის პრემიერთან ერთად გამოჩნდება და შეეცდება, ბიზნესის „დაკრიშვაში“ თავისი თანამონაწილეობა გააგრძელოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ძალიან სასაცილო და ღრმად არასერიოზული ინიციატივაა. ასე რომ, ეს ადამიანი ისევ იმ პოლიტიკურ თამაშებშია ჩარჩენილი, რასაც წლების განმავლობაში აწარმოებდა. სააკაშვილი თავისი რეჟიმის რეანიმირებას ცდილობს, ან ამ რეჟიმის თუნდაც რაღაც ელემენტების გადარჩენას, რათა თუ ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა, არსებულ რეჟიმს ფინანსური ინტერესები მაინც რაღაცნაირად შეუნარჩუნოს. იქვე, ის ამბობს, რომ ეს პოლიტიკური თამაში არ არის, რაც ასევე არასერიოზულია, რადგან მისი შეთავაზება აშკარად პოლიტიკური თამაშის შინაარს ატარებს.

მიმაჩნია, რომ სააკაშვილს, ასე რომ ვთქვათ, კბილები გაუცვდა, რადგან მისი ეს მეთოდები საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია კარგად არის ცნობილი და ამას აღარავინ „ჭამს“.

ორიოდე დღის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილი ჰგავს შაჰიდს, რომელიც მზად არის თავი აიფეთქოს. მის მიერ ახალი ინიციატივის გაჟღერების ფონზეც ასე ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, რადგან მისი ამ ცნობილი გამოსვლის პირველ ნაწილში, სააკაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას და საზოგადოებას აშანტაჟებს. ის აცხადებს, რომ თვითონ აშენებდა და ახალი ხელისუფლება ანგრევს, რომ ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი კლებულობს და შემდეგ იქვე თავისი პაკეტი შეაცურა. ამდენად, ის ამბობს, - ან წამოხვალთ ჩემს პირობებზე, ან თუ არა, მე მზად ვარ თავი ავიფეთქო და ქართული სახელმწიფოც მთლიანად ავაფეთქო. ვფიქრობ, რომ მისი ამ მიმართვის რეალური კონტექსტი სწორედ ასეთი იყო. როდესაც შაჰიდზე ვსაუბრობ, სწორედ იმ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც მზად არის საკუთარი თავი აიფეთქოს და სხვებიც ააფეთქოს, მაგრამ ეს მაინც პაროდიულ შაჰიდიზმს ემსგავსება, რადგან მას რა თქმა უნდა, შეუძლია თავი აიფეთქოს, მაგრამ ქართული სახელმწიფოს სერიოზულად დაზიანება ძალიან გაუჭირდება, რასაც ამ ახალ წელს ყველას გილოცავთ.

პრეზიდენტის ამ ინიციატივის კომენტირებისას ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ამნისტირებაზე ისაუბრა.

- ეს ასე იქნა აღქმული, რადგან ასე გაშუქდა. რეალურად, ბიძინა ივანიშვილის კომენტარი უფრო ადრე გაკეთდა, ვიდრე პრეზიდენტის ხუთპუნქტიანი შეთავაზება. უბრალოდ ეს მასალები ერთად რომ აეწყო, გამოდიოდა, თითქოს, ეს საპასუხო კომენტარი იყო. სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის უბრალო შემსრულებლების ამნისტირებაზე საუბრობს. სიმართლე გითხრათ, ამ განწყობას მეც ვიზიარებ, რადგან ამ სისტემამ ათასობით და ათეულ ათასობით ადამიანი დანაშაულის თანამონაწილედ აქცია. ამის საილუსტრაციოდ მუდმივად იმ ოთხი ადამიანის, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და სხვების პასუხისგებაში მიცემა მომყავს (გახმაურებული კორუფციული გარიგების საქმე). ეს ადამიანები უბრალო შემსრულებლები იყვნენ, მათ უბრალოდ „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში მიიტანეს ქრთამი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ფული „ნაციონალური მოძრაობის“ სალაროში წავიდა, მათ პირადად ამ ფულით არ უსარგებლიათ და ამ კორუფციულ სქემაში უბრალო გამტარები იყვნენ.

ფორმალური სამართლის კუთხით რომ მივუდგეთ, ბუნებრივია, ისინი თანამონაწილეები არიან და უნდა დაისაჯონ, მაგრამ თუ ჩვენ ასეთი ტიპის დანაშაულის რაღაც ფორმით ამნისტირება არ მოვახდინეთ, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გაგვიხდება დასაჭერი. ათასობით ადამიანი იყო ამ მახინჯი, მაფიოზური სისტემის მომსახურების სფეროში ჩართული. უნდა გადავწყვიტოთ, რეჟიმს ვასამართლებთ და რეჟიმის იდეოლოგებს, თუ ყველა ჯარისკაცს. თავის დროზე ნიუნბერგის პროცესზე სისტემის იდეოლოგები და მთავარი მოქმედი პირები იქნენ გასამართლებულები. მაშინაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ყველაფერს ბოლომდე რომ ჩაჰყოლოდა, მთელი გერმანია დასაჭერი იქნებოდა, რაც ბუნებრივია, შეუძლებელი იყო და არც სწორი არ იქნებოდა. ასე რომ, ქართულმა საზოგადოებამ დღეს უნდა იპოვოს ის წითელი ხაზი, სადაც სამართლიანობა, ფორმალური სამართალი და პატიება იკვეთება. ეს გადაკვეთის წერტილი უნდა ვიპოვოთ და გავჩერდეთ.

სად არის ეს გადაკვეთის წერტილი?

- მიმაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს და ჩვენ უნდა შევძლოთ, ერთი მხრივ, სამართლიანობის განცდის გაჩენა და მეორე მხრივ, პატიება.

საინფორმაციო სააგენტორეგნუმმაპოლიტოლოგ გია ნოდიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ნოდია ამბობს, რომ ივანიშვილის საქართველო გაცილებით ინერტული სახელმწიფო იქნება. მისი თქმით, წინა ხელისუფლება ფოკუსირებული იყო ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობების გამყარებაზე, ქვეყნის მოდერნიზაციაზე, რომ ქვეყანაში კულტურული და ეკონომიკური ლიბერალიზმი სუფევდა. ახალი მთავრობა კი დემოკრატიაზე, ევროპულ ინტეგრაციასა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის საქართველო მართლაც ინერტული იქნება?

- ეს ღრმად არასერიოზულია, ისევე, როგორც საკუთრივ ნოდია... მოვიკითხავ ბატონ ნოდიას. სინამდვილეში იმ გაგებით, რაზეც იგი საუბრობს, ეს ხელისუფლება ბევრად უფრო მოზომილი და ზომიერი იქნება, ვიდრე წინა ხელისუფლება. აქტიურობა ნებისმიერ ფასად, იდიოტიზმის ზღვარზეა. წინა ხელისუფლება რომ ძალიან აქტიური იყო, რა შედეგი მოუტანა ამან ქვეყანას? რა თქმა უნდა, ზომიერება უძრაობაში არ უნდა გადავიდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ზომიერება და სიბრძნე აუცილებელია. აქტიურობა აქტიურობისთვის არ არის სწორი და არ არის საჭირო, რადგან აქტიურობით როგორც წინ შეიძლება წაიწიო, ასევე ჰიპერაქტიურობაში შესაძლოა უკანაც დაიხიო, რისი არაერთი მაგალითიც გვინახავს, თუნდაც 2008 წლის ომის შედეგად. რაც შეეხება, დასავლურ ორიენტაციას, მისი დეკლარირება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ დასავლეთისკენ მიდიოდე. მე თუ მკითხავთ, დეკლარირებული დასავლური კურსის ფონზე, სააკაშვილის ხელისუფლება სინამდვილეში რუსეთისკენ მიდიოდა, რადგან მაღალი რისკის ზონაში შესვლით ამ ურთიერთობებში პრობლემებს ქმნიდა, რითაც რუსეთის ინტერესებს ძალიან მსუყედ აკმაყოფილებდა.

გია ნოდიას სრული უფლება აქვს ილაპარაკოს, რაც უნდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას ან არ შეუძლია სრულყოფილი ანალიზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, ან იმდენად ღრმად ზის წინა ხელისუფლების არსებულ კონიუნქტურაში, რომ იქიდან გამოსავალს ვეღარ ხედავს, რის გამოც მას გულწრფელად ვუსამძიმრებ. გია ნოდიას აქვს იმის ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ საღი ანალიზი აკეთოს და არ იყოს იმ დრომოჭმულ კონიუნქტურაში ჩაფლული.