ლიონელ მესიმ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ტელეფონით ისაუბრეს, ეს ჯერ კიდევ გასულ კვირაში და დიალოგის თემა, ცხადია ინგლისში ტრანსფერი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა ESPN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს ცნობა დაუდასტურეს.
ახლა ორი საკითხია მოსაგვარებელი: „მანჩესტერ სიტიმ“ უნდა გაარკვიოს აქვს თუ არა საკმარისი რესურსი ტრანსფერისთვის ისე, რომ ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპები არ დაარღვიოს, რის გამოც უეფამ უკვე დასაჯა, მაგრამ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ სანქცია მოგვიანებით გაანულა. მეორე კი მესის კონტრაქტს ეხება, კერძოდ, 2017 წელს ხელშეკრულების პუნქტში არსებულ დეტალს, რომლის მიხედვით არგენტინელს ყოველი სეზონის ბოლოს შეუძლია გუნდი უფასოდ დატოვოს, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტით. თუმცა, „ბარსელონაში“ ირწმუნებიან, რომ ამ პუნქტს ვადა მაისის ბოლომდე ჰქონდა.
აგრეთვე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ცნობილი რეპორტიორი მარსელო ბეჩლერი იტყობინება, რომ მესი „მანჩესტერ სიტიში“ გადავა. ბეჩლერის გავრცელებული ცნობა ყურადსაღები იმითაა, რომ სწორედ ის იყო პირველი, ვინც თავის დროზე ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადაბარგების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.
მოგეხსენებათ, მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ფაქსი გაუგზავნა და აცნობა, რომ კლუბის დატოვება უნდა, თანაც კონტრაქტის გაწყვეტით. რაც შეეხება გვარდიოლას, ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან „ბარსელონაში“ 2008-2012 წლებში ერთად მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, მესის „ბარსელონას“ მაისურით დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კატალონურ გრანდში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლის გატანა და 285 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.