„სამხრეთკავკასიური მილსადენის“ სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის

„სამხრეთკავკასიური მილსადენის“ სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის

უახლოეს თვეებში, სამხრეთის გაზსადენის პროექტის დასრულებით, საქართველოს გავლით, ევროპა აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. TAP-ის მეოთხე პროექტით, სრულდება ერთმანეთთან დამაკავშირებელი 3500 კილომეტრის სიგრძის სამი გაზსადენის მშენებლობა.

„სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, აკავშირებს თურქეთთან. „ტრანსანატოლიური მილსადენი“ (TANAP – 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან. „ტრანსადტრიატიკული მილსადენი“ (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, სამხრეთ იტალიამდე მიდის.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და რას მიიღებს ქვეყანა 45 მილიარდიანი პროექტისგან, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ესაუბრება:

ლიანა ჯერვალიძე: პროექტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ვართ კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კასპიისპირეთში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სატრანზიტო პროექტი, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას კასპიისპირეთს, აზერბაიჯანს, ევროკავშირთან, აქვს კრიტიკულად სტრატეგიული მნიშვნელობა. სამხრეთული გაზის კორიდორზე დიდი ხანია არის მუშაობა და როგორც იქნა გავიდა ფინალურ სტადიაზე. 2018 წელს გაიხსნა თურქეთში ტრანს-ანატოლიური გაზსადენის პროექტი, რომლითაც დაიწყო თურქეთისთვის გაზის მიწოდება შაჰდენიზის მეორე ფაზიდან. ასევე, წლის ბოლომდე უკვე უნდა გაიხსნას ტრანს-ადრეატიკული მილსადენი, რომელიც საბერძნეთიდან მილსადენით აზერბაიჯანულ გაზს მიაწვდის იტალიას. ეს პროექტები არის ევროპული გაზის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, რაოდენობრივად დიდი არ არის, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნამდვილად არის, იმიტომ, რომ ეს არის ალტერნატიული გაზი, რომელიც მიეწოდება ევროკავშირის ბაზარს და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, მოახდენს ბულგარეთის და საბერძნეთის დივერსიფიცირებას. როგორც ბულგარეთს, ისე საბერძნეთს, ძირითადად რუსული გაზი მიეწოდებოდა. მართალია საბერძნეთში გაიხსნა თხევადი გაზის სადგური, საიდანაც შეიძლება გაზის მიწოდება საბერძნეთის შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ ამ პროექტს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საბერძნეთისთვის, ვინაიდან, 1 მილიარდი კუბური მეტრი გათვალისწინებული არის საბერძნეთისთვის და ასევე, საბერძნეთი ხდება ალტერნატიული გაზის მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოსთვის ასევე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს აძლიერებს ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს გაზის მიწოდების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, ვინაიდან ჩვენ შეგვეძლება გაზრდილი რაოდენობის მიღება გამომდინარე იმ ხელშეკრულებებიდან, რომელიც არსებობს სამხრეთული გაზის კორიდორის და ასევე „შაჰდენიზი1“-ის პროექტთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში სრულად უნდა დახარჯულიყო 2 მილიარდი დოლარი, აქედან 400 მილიონი იყო მომსახურება და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში, რაც ასეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრებია. თუ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს პირობა?

- რა თქმა უნდა სრულად შესრულდა. ეს იყო მილსადენის გაფართოებისთვის ქვეკონტრაქტორების მომსახურება.

დასაქმებასთან დაკავშირებით, ასევე 2 ათასამდე ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა და საბოლოოდ 130 სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოსავლები, რა ციფრებზეა ლაპარაკი ამ შემთხვევაში?

- სრულად 130 სამუშაო ადგილი რამდენადაც ვიცი არ არის, მაგრამ მიახლოებით არის. ჩვენ ამ შემთხვევაში ფულად შემოსავლებზე ნაკლებად გვაქვს საუბარი, ვინაიდან, საქართველომ არჩია სატრანზიტო ფულადი მოსაკრებლის ნაცვლად შემოსავალი იყოს ნატურით, ანუ გაზით. აქედან გამომდინარე, რაც მეტი გაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი ინფრასტრუქტურის გავლით, მით მეტი შეიძლება მივიღოთ როგორც სატრანზიტო ქვეყანამ. მაგალითად, შაჰდენიზის მეორე ფაზაზე გათვალისწინებულია 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება. 16 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2018 წელს, თურქეთმა უკვე დაიწყო იმ 6 მილიარდის მიღება, რომელიც თურქეთის ბაზრისთვის არის გათვალისწინებული. 10 მილიარდი კი უნდა მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამ 8 მილიარდი, 1 მილიარდი ბულგარეთმა და 1 მილიარდი საბერძნეთმა, როგორც კი დამთავრდება საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობა. ეს 16 მილიარდი, რა საკვირველია, აისახება ჩვენი გაზის ბაზრის ფონდზე, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს გატარებული გაზის 5%-ს მიღების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, გარკვეული გატარებული გაზის ოდენობა დარჩება საქართველოში. ამის გარდა, ჩვენ როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გვექნება შესაძლებლობა, რომ გარკვეული შეღავათიანი ფასით მივიღოთ კომერციული გაზი და ვფიქრობ, ამაზე მოლაპარაკებები არის, მით უმეტეს რომ ახლა ხელსაყრელი სიტუაციაა, რადგანაც ევროპაში ნავთობზე და გაზზე მოთხოვნა არის შენელებული და მეტი შანსი აქვთ საქართველომ წარმატებით აწარმოოს მოლაპარაკებები კომერციული გაზის შესყიდვაზე ფასის იმ სეგმენტში, რომელიც უფრო მისაღებია. თავდაპირველი გათვლებით აზერბაიჯანული გაზი ევროპის ბაზარზე უნდა გაყიდულიყო 400 დოლარად, თურქეთში 350 დოლარად, ახლა ასეთი ფასები არ არის, იმ ვითარების გამო, რაც პანდემიამ შექმნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ალბათ, გვექნება საშუალება, რომ უფრო ეფექტურად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები თუ დაგვჭირდა დამატებითი რაოდენობის გაზის შესყიდვაზე. თუ აზერბაიჯანს ექნა შესაძლებლობა, რომ გარდა იმ 16 მილიარდისა კიდევ აწარმოოს, რადგანაც აფშერონის საბადოზე არის შესული ფრანგული კომპანია „ტოტალი“ და „სოკართან“ ერთად აპირებს გაზის წარმოების დაწყებას, ეს სერიოზული საბადოა, თუ იქიდანაც წამოვიდა გაზი ევროპის მიმართულებით, რასაკვირველია იმ 16 მილიარდს გარკვეული რაოდენობა კიდევ დაემატება და საქართველოს ექნება შესაძლებლობა კიდევ მეტი რაოდენობის გაზი მიიღოს ნატურით. ამიტომ, ამ პროექტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, როგორც სტრატეგიული, ისე შიდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია ენერგომატარებლები და ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია.

ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით რას უნდა ველოდეთ?

- ძალიან კარგია, რომ ჩვენ სამხრეთური გაზის კორიდორიდან მივიღებთ დამატებით რაოდენობებს. თქვენ იცით, რომ სომხეთში გატარებული გაზიდან ნატურით ვიღებდით და გადავედით უკვე თანხობრივ ანაზღაურებაზე, იმ თანხით, რაც არის სომხეთში რუსული გაზის გატარების ღირებულება, ჩვენ ვყიდულობთ გარკვეული რაოდენობის გაზს, ეს არის მცირე რაოდენობა, ჩვენს შიდა ბალანსში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გაზს, რომელსაც ვიღებთ აზერბაიჯანიდან როგორც სატრანზიტო ქვეყანა. ის ჩვენი გაზია, ეს არ არის „სოკარი“-ს გაზი, ეს არის გაზი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სოციალური გაზის ფასი დავარეგულიროთ ისე, რომ შიდა ბაზარზე ფასი არ გაიზარდოს, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბაზარზე მოხდება გაზის ფასის ზრდა. დღეისათვის, საერთაშორისო ბაზარზე ფასები არის დაცემული, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომერციული გაზის თვალსაზრისით უნდა გვქონდეს ხელსაყრელი პირობები. ფაქტობრივად, ჩვენი სოციალური გაზის 50% არის ის გაზი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მას ერევა ის კომერციული გაზი რომელსაც „სოკარი“-სგან ვყიდულობთ და ამით ვაბალანსებთ სოციალური გაზის ფასს. კარგი იქნება, თუ მოვილაპარაკებთ, კონტრაქტები, რომელიც დღეს მოქმედებს,  2025 წლის შემდეგაც გვექნება იგივე პირობები.

პროექტი სრულად ამუშავების შემდეგ ევროპის რა პროცენტს დააკმაყოფილებს?

- ძალიან ცოტას. ევროკავშირის გაზის მოხმარება არის 450 მილიარდი კუბური მეტრი წლიურად. ასეთი იყო პანდემიამდე. ამაში 10 მილიარდი არაფერი არ არის. მაგრამ, ეს არის პირველი ეტაპი იმისათვის, რომ შემდეგ წამოვიდეს ცენტრალური აზიიდან გაზის დიდი რაოდენობა.

რუსული გაზის მნიშვნელოვნად ჩანაცვლება მოხდება?

- არა, ევროპას ეს ამინდს ვერ შეუქმნის, მაგრამ ამ პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ალტერნატიულად მიწოდებული არარუსული გაზის პირველი შემთხვევა.

ევროპის ბაზარზე რუსული გაზის რა პროცენტია?

- პანდემიამდე „გაზპრომი“ 450 მილიარდიდან, დაახლოებით, 200 მილიარდს აწოდებდა. დაახლოებით ბაზარზე ჰქონდათ 40%. აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ მოიპოვებს და ვინ ყიდის. რუსულ გაზს ყიდის მარტო „გაზპრომი“ აზერბაიჯანში კი, გაზს მოიპოვებს და ყიდის არა მარტო აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“, არამედ სხვა კომპანიებიც და მათ აქვთ თავიანთი ბაზრები ევროპაში.

 

 

 

trampi ნატოს ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.




ვააააა .............................. ეს რა თქვა ამ შტერმა??
აკი აფხაზეთს და სამაჩაბლოს ნატო დაგვიბრუნებსო?? ...
.ეს კაცი უარზეა---- ჩვენი იმედი ნუ გექნებათო ...... ანუ პირდაპირ გვითხრა...................... დაემშვიდობეთ აფხაზეთს და სამაჩაბლოო
ვააააა ......................მალადეც აი................მალადეც ..............................ამ დაქნეულებს პირდაპირ რომ ეუბნები---- ხელებიც დაგვიბანიაო .
იქნებ ზოგზოგებმა ეხლა მაინც გაიგონ... გასაგები!!
4 წლის უკან
ზაზა პოლიტიკურად გაუნათლებელნო, გენერალს ასწავლით? დედაენით დაიწყეთ თქვე უბედურებო ცოდნის მიღება, ეგრე აჯობებს.
4 წლის უკან
Maverick papa, მაგ ბერძენ სტავრიდას შეუთვალე, რომ ჩვენ კი დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს (ღრუსეთთან საფუძვლიანი მოლაპარაკებით), შენ კი რაც არ უნდა ელაპარაკო თურქეთის ხონთქარ ერდოღანს, კვიპროსს საბერძნეთის შემადგენლობაში ისე ვერ დაინახავ, როგორც საკუთარ ყურებსთქო!
4 წლის უკან