“ახლა მე და აზდაკი ტოლები ვართ”

“ახლა მე და აზდაკი ტოლები ვართ”

ხომ შეიძლებოდა, რამაზ ჩხიკვაძე პიანისტი ან მომღერალი გამხდარიყო? - ვკითხე ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც ძალიან უყვარს თეატრი და ყოველთვის საგანგებოდ ლაპარაკობს რამაზ ჩხიკვაძის დიდ არტისტულ ნიჭსა და მუსიკალურობაზე. რას ამბობ, კიდევ კარგი, მსახიობი გახდა! - მიპასუხა მღელვარებით, - მისი როლების გარეშე თეატრის წარმოდგენა არც მინდა!

დარწმუნებული ვარ, მასავით ბევრი ფიქრობს. ბატონი რამაზი მართლაც ბრწყინვალე მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული (ოჯახშიც მუსიკალური გარემო ჰქონდა), სწავლობდა კიდეც კონსერვატორიაში, მაგრამ განგებამ სწავლა მიატოვებინა და გეზი თეატრისაკენ ააღებინა.

რამაზ ჩხიკვაძე სპორტსმენიც შეიძლებოდა გამხდარიყო - კარგად თამაშობდა კალათბურთს. 1946-47 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობაზე პირველ ლიგაში მისმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. არც ფარიკაობაში უდებდა ტოლს ვინმეს - 1949 წელს გამართულ საქართველოს პირველობაზე სპორტულ ფარიკაობაში მეორე ადგილი მოიპოვა.

...მაგრამ რამაზ ჩხიკვაძეს ძალიან უნდოდა “სხვა” ყოფილიყო და ამ “სხვას” მთელი არსებით ასახიერებდა ბავშვობაშიც, ახალგაზრდობაშიც და სიჭარმაგეშიც. მისი აუდიტორია ყოველთვის მოხიბლული რჩებოდა. ჯერ მშობლებსა და ნათესავებს ადგებოდათ აღფრთოვანების ცრემლი თვალზე, მერე მეგობრებს, მერე თეატრის მაყურებლებს, დაბოლოს, მთელი მსოფლიოს მრავლისმნახველ ხელოვნების თაყვანისმცემლებს.

მიხეილ თუმანიშვილის “ჭინჭრაქაში” უკვე თვალნათლივ ჩანდა რამაზ ჩხიკვაძის განუმეორებელი, განსხვავებული ნიჭი... გავიდა ათეული წლები. წელს რამაზ ჩხიკვაძე 78 წლის ხდება და მას ვარსკვლავს უხსნის მადლიერი ქართველი მაყურებელი.

თითქოს სულ უბრალოდ იქმნებოდა გენიალური სახეები. შემთხვევა განაპირობებდა ყველაფერს. ამ “შემთხვევამ” ჭინჭრაქას როლზე დანიშნული რამაზ ჩხიკვაძე ქოსიკოს როლზე გადაიყვანა და უნიკალური, განუმეორებელი სახეც შეიქმნა.

რამაზ ჩხიკვაძე: - არ ვიცი, რატომ მომცა მიხეილ თუმანიშვილმა ის როლი, რომელიც ჩემს სულსა და გულს არ ეკარებოდა. რაღაცაზე განაწყებულ მიშას სჩვეოდა ხოლმე მსახიობის ამგვარი დასჯა. რეპეტიციებს სულ კარლო საკანდელიძე გადიოდა, ძალიან კარგადაც თამაშობდა. რეპეტიციებს არ ვაცდენდი, ვიჯექი ჩემთვის პარტერში და კარლოს ჭინჭრაქას ვუყურებდი. ქოსიკოს როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნულნი. ერთ დღეს მიშამ ცივად მითხრა: სცენაზე ადი და ჭინჭრაქას რეპეტიციები გაიარეო. ამ მოძრავი, მხიარული ბიჭის თამაში ჩემთვის იმ დღეს საშინელება იყო. დილით წელკავი დამეტაკა, წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე: - მოდი, ქოსიკოს როლს ვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს.

ოთხად მოხრილი და მოკაკული, კვნესით და ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი. ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: - განაგრძე რეპეტიციები. იჯექი მანდ, დაიწყე... კარგია ეგ რადიკულიტიც... მგონი, მიშამ იფიქრა, ყველაფერი, მათ შორის რადიკულიტიც, ამ როლისთვის მოვიგონე და აღფრთოვანდა. ასე გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნა. ასე დარჩა სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც, ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბიც...

ის, რაზეც რამაზ ჩხიკვაძე ჩვეული იუმორითა და სიმსუბუქით გვიამბობს, სინამდვილეში ტიტანურ შრომასთან იყო დაკავშირებული. ეს რომ არა, არც რიჩარდი იქნებოდა, არც აზდაკი, არც ბებერი მეზურნე თედო, არც კირილე მიმინოშვილი, არც აკოფა, არც ყვარყვარე... რამაზ ჩხიკვაძემ მარტო რუსთაველის თეატრში ორმოცდაათამდე როლი განასახიერა და ყველა - განუმეორებლად.

ვისაც უნახავს რობერტ სტურუას “ხანუმა”, ისიც აუცილებლად ემახსოვრება, რომ სცენაზე აკოფას (რამაზ ჩხიკვაძის) გამოჩენისას დარბაზში ტაში და ოვაციები გრგვინავდა. რობერტ სტურუა აღიარებდა: “მგონი, სპექტაკლის წარმატება იმდენად ჩემი დამსახურება არ არის, რამდენადაც მსახიობების - სალომე ყანჩელის, ეროსი მანჯგალაძის და რამაზ ჩხიკვაძისა”. ეს სპექტაკლი ათი თეატრალური სეზონი გადიოდა სცენაზე და მაყურებელი არ დაჰკლებია. ისეთებიც იყვნენ, ორმოცჯერ და მეტჯერ რომ ჰქონდათ ნანახი სპექტაკლი. ეროსი მანჯგალაძის (თავადი ფანტიაშვილი) და რამაზ ჩხიკვაძის (აკოფა) პირველი გამოჩენისთანავე იწყებოდა სრული იმპროვიზაცია. ვერავინ, თვით მსახიობებიც კი, ვერ ხვდებოდა, რას შესთავაზებდა აკოფა მაყურებელს. ხშირად ეროსი მანჯგალაძეს გულიანად ეცინებოდა კოლეგის ექსპრომტად მოფიქრებულ სიტყვებზე...

თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე იხსენებს: “ჩართულ სცენაში (“თეატრი თეატრში” - “სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას”), კინტოურს სოფიკო ჭიაურელის შემდეგ ძალზე პლასტიკური, არტისტული დავით პაპუაშვილი ცეკვავდა. ერთ საღამოს დაავიწყდა, რომ სპექტაკლი ჰქონდა და ქეიფში კარგა მაგრად შეუბერა. ძლივს მიაგნეს და სასწრაფოდ მოიყვანეს, მაგრამ ვერაფრით გამოაფხიზლეს. სხვა გზა არ იყო - სცენაზე შეუშვეს. სკანდალი გარდაუვალი იყო, მაგრამ სიტუაცია რამაზმა იხსნა, ნაცვლად ფრაზისა: “თქვენ ახლა იხილავთ ცეკვა “კინტოურს” - გამოაცხადა: თქვენ ახლა იხილავთ “მთვრალი კინტოს” ცეკვას... და პაპუაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა მთვრალი კინტოს როლი”.

მერაბ ელიოზიშვილი: “არჩილ ჩხარტიშვილმა სცენაზე “ბებერი მეზურნეები” დადგა. ერთ-ერთ მთავარ როლს რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა. პრემიერამდე მოვილხინეთ კიდეც... სპექტაკლის მსვლელობისას ნასვამს ლოჟაში ჩამეძინა. იქვე ახლოს ვასილ მჟავანაძე იჯდა. “ბებერი მეზურნეების” შემხედვარე ცხარე ცრემლით ტიროდა თურმე. სამწუხაროდ, არ მინახავს, მერე მიამბეს... არაჩვეულებრივად მღერის თედო “ბებერ მეზურნეებში”, თან დოლს უკრავს. რამაზ ჩხიკვაძე ხომ დიდი მუსიკალური ნიჭით არის დაჯილდოებული... ახლაც მეუბნება, ერთი ისეთი პიესა დამიწერე, მოხუცმა რომ ვითამაშოო, აი, ისეთი, “ბებერი მეზურნეები” რომ იყოო...

“კავკასიურმა ცარცის წრემ” ხომ მთელი ეპოქა შექმნა თეატრში.

რამაზ ჩხიკვაძე: “აზდაკი ყოველთვის მაიძულებდა, დავბერებულიყავი, რადგან როცა ამ მოხუცს ვთამაშობდი, ახალგაზრდა გახლდით. ახლა ჩვენ უკვე ტოლები ვართ და უფრო ადვილად ვუგებთ ერთმანეთს”...

“კავკასიური ცარცის წრის” მხოლოდ ერთი ნაწყვეტი რომ ნახოთ, იქ, სადაც რამაზ ჩხიკვაძის აზდაკია სცენაზე, სრული შთაბეჭდილება შეგექმნებათ წარმოდგენაზე და იმ სიტყვების ჭეშმარიტებაშიც დაგარწმუნებთ, უცხოურ პრესაში რომ დაიბეჭდა: “რამაზი მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ლეგენდაა”.

იუმორის გრძნობით დაჯილდოებულმა რამაზ ჩხიკვაძემ უდიდესი ტრაგედიაც ისეთივე სიმძაფრით გადმოგვცა, როგორც ამას კომედიის შემთხვევაში აკეთებდა. რიჩარდის სიმახინჯემ მსოფლიო გააოგნა. ინგლისური გაზეთი “გარდიანი” წერდა: “წარმოდგენის ბოლოს მაყურებელი ფეხზე წამოდგა იმ დიდებული ქართველების პატივსაცემად, რომლებიც, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ედინბურგში გვაჩვენეს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დასს წარმოადგენენ”.

გოდერძი ჩოხელი: “გაოცებული ვარ რამაზ ჩხიკვაძის პიროვნებით, ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ბუნებასაც კი სხვა თვალით შევხედე. ერთხელ, ფესტივალზე წავედით ერთად. ზღვის სანაპიროზე ვსეირნობდით. უყურებდა თოლიებს და ჩუმად იყო. მერე უცებ მითხრა: - შეხედე, რა საოცრებაა. ღმერთმა როგორ დააჯილდოვა ეს მშვენიერი ქმნილება, ცურვაც იცის, ფრენაც, მიწაზე სიარულიცო. მანამ არაერთხელ გავსულვარ იმ გზაზე, თოლიებიც მინახავს, მაგრამ ასე არ დავფიქრებულვარ. უნდა ნახოთ, როგორ უყვარს ბუნება რამაზ ჩხიკვაძეს. “მიჯაჭვული რაინდების” გადაღებებზე მივდიოდით. შევუყევით შატილის გზას. მივდივართ, მივდივართ და მთა არ მთავრდება. რამაზმა თქვა: - კაცო, რომელი ალუდა ქეთელაურის ბიძაშვილი მე ვიყავი, ამ კლდეებში რომ მოგყავართო. იცინოდა, შიშით კი არ ეშინოდა, მაგრამ... შატილში პირველად იყო. გაიხარა, წამოსვლა აღარ უნდოდა. რა იქნება, დავრჩეთ აქ, რა სჯობია აქ ცხოვრებასო... ყაზბეგში ძალიან გაიხარა. ცხენს დააჭენებდა ლაღად. იქაურებს ისე ალალად და თბილად ელაპარაკებოდა, ყველა მიხვდა, მარტო დიდი მსახიობი კი არა, დიდი ადამიანიც იყო. კახეთში, ჩოლოყაშვილების სახლთან, ცივი წყარო გამოდიოდა. იმის სმით ვერ ძღებოდა. წამოსვლისას წუხდა - ეს წყარო როგორ დავტოვოო... მთაში მთის წყაროებზე გაგიჟდა.

ყველაზე მეტად მაინც ადამიანი უყვარს. ერთხელ, მოსკოვში ერთად წავედით გახმოვანებაზე. თბილისში თბილოდა, საგაზაფხულო ფეხსაცმელი მეცვა - დიდი არჩევანი არც მქონია. მოსკოვში სიცივე დამხვდა, თუმცა ფეხსაცმელი არც გამხსენებია. მოვიდა რამაზი და ჩემი ზომა თბილი ბათინკები მომიტანა. თურმე შეემჩნია ჩემი თხელი ფეხსაცმელი და მიყიდა - ძალიან მინდა ჩემგან გქონდესო.

ცალკე ამბავია, როგორი მოყოლა იცის რამაზ ჩხიკვაძემ. გადაღებები დაგვავიწყდებოდა ხოლმე, ისე გვიყვებოდა რაღაც სასაცილო ამბებს. სიცილისაგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდით...

დავსხდებოდით ხოლმე და ვოცნებობდით. ორივეს გვიყვარდა ოცნება. ასეთ სცენარს დავწერ, ასე გადავიღებ, ასე ვითამაშებო...

რამაზ ჩხიკვაძის ხმა მართლა გამორჩეულია. მისი გახმოვანებული რეზო გაბრიაძის თოჯინები ხომ კიდევ ერთი საოცრებაა, მაგრამ ისეც მომხდარა, დაუჯერებლად განსხვავებული პერსონაჟები გაუხმოვანებია, ისიც - ერთ ფილმში.

რამაზ ჩხიკვაძე: “ფილმში, “პიერი - მილიციის თანამშრომელი”, ოთხ პერსონაჟს ვახმოვანებდი.

ვიდრე მათ ცალ-ცალკე ვახმოვანებდი, რეჟისორი მშვიდად იყო. ერთხელ კი აღელვებული შემოვიდა - ახლა რა გვეშველება, ოთხივე ერთმანეთს ხვდება და ნამდვილად ყველა იცნობს, რომ ოთხივეს შენ ახმოვანებო. დავამშვიდე, - მაგაზე არ იდარდო, ისე ვალაპარაკო ეგ პერსონაჟები, ერთმანეთი ვერ იცნონ-მეთქი”.

თავისუფლად შეიძლება რამაზ ჩხიკვაძეს კაცი-თეატრი უწოდო. მისი არტისტული ბუნება და უკიდეგანო ნიჭიერება ამის საფუძველს იძლევა. ბატონი ნოდარ გურაბანიძე, რომელმაც მშვენიერი წიგნი დაწერა მსახიობზე, ძალიან ზუსტად აფასებს რამაზ ჩხიკვაძეს: “მე არ ვცდილობ ღვთაებრივი სიწმინდის შარავანდედით დამშვენებული კაცის პორტრეტი დავხატო. არაფერი ადამიანური (მით უმეტეს ასეთი ტემპერამენტისა და ფეთქებადი ბუნების კაცისათვის) მისთვის უცხო არ არის, მაგრამ უცხოა ყველაფერი ის, რაც ადამიანობას შელახავს. ყველაზე დიდი საშიშროება დიდ სიკეთეში იყო დაფარული. იგი ყველას უყვარდა, ამ სიყვარულის გამო ყველას მასთან სიახლოვე სურდა და თავისკენ ეზიდებოდა...”

და მაინც, რამაზ ჩხიკვაძემ შეძლო: უბადლო მსახიობი და დიდი ადამიანი ერთმანეთს შეუთავსა.

სოსო ლაღიძე: “რამაზ ჩხიკვაძე ქართული თეატრალური ტრადიციების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მისი გამოჩენა სცენაზე დიდ დღესასწაულად იქცევა ხოლმე. ასე იქნება ახლაც, როცა 78 წლის მსახიობი თავისი უზადო შემოქმედებით მაყურებლებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.

დიდების მწვერვალზე მყოფი რამაზ ჩხიკვაძე კეთილი, დამხმარე, უშურველი, სადა და თავმდაბალი ადამიანია, როგორც ყველა დიდი პიროვნება. უდიდესი სიამოვნებაა მასთან ერთად არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მოგზაურობაში და წვეულებაზე ყოფნა, სადაც მას ძნელად თუ გაუტოლდება ვინმე. ზოგჯერ ფიქრობ, რომ მის ნიჭიერებას საზღვარი არა აქვს. ერთსა და იმავე ამბავს ისეთი გატაცებით და ახლებურად მოჰყვება ხოლმე, რომ ყველა დიდი ინტერესით უსმენს, თითქოს მსგავსი რამ არასოდეს მოესმინოს.”

იგი ყოველთვის მაღალი აზრისაა ახალგაზრდა დამწყებ მსახიობებზე და ამიტომაც იმედიანად უყურებს თეატრის მომავალს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას შემოქმედებითი თანამშრომლობა, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო და ყოფილი საბჭოთა კავშირი აღაფრთოვანა, არამედ მთელი მსოფლიო.

ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, უილიამ შექსპირის “რიჩარდ მესამე” და “მეფე ლირი” სათეატრო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებია, რომლებიც საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. ამ შემოქმედებითმა თანამშრომლობამ მთელ მსოფლიოს აღმოაჩენინა რუკაზე ძლივს შესამჩნევი პატარა ქვეყანა საქართველო, ხოლო ქართველები უდიდესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ხალხად აღიარებინა.

28 თებერვალი რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა, ვუსურვოთ დიდ ხელოვანს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ერთგულად ეწიოს თავისი ქვეყნის სამსახურში მძიმე ჭაპანი ხელოვანისა.

გოდერძი ჩოხელი: “რამაზ ჩხიკვაძეს ვარსკვლავი პირველ რიგში, როგორც ადამიანს, ისე უნდა გაუხსნან. ის შინაგანი მართლმადიდებელი და ნამდვილად დიდი პიროვნებაა... არტისტი კი თავისთავად - უძლიერესი”.

რამაზ ჩხიკვაძე: “ეს რამხელა პრობლემა მაქვს, თქვენ არ იცით! სამი რამ არ მიყვარს ამქვეყნად: ქელეხი, ქორწილი და იუბილე... სხვას თუ გადაუხდიან, დიდი სიამოვნებით მივალ იუბილეზე...

ვერ წარმომიდგენია, მე როგორ უნდა ვიდგე სცენაზე, სხვები მოვიდნენ და მაქონ. სუფრაზეც რომ დამიწყებენ დღეგრძელობას, სულ ვფიქრობ, როდის დამთავრდება ჩემი წამება, რომ ერთი კარგად ვიქეიფო-მეთქი. ზოგს ჰგონია, ეს ჩემი ჭირვეულობაა. არა... ავადმყოფურად განვიცდი.

არ მიყვარს ეს “პონტები” და ტაშიტუში. ერთი გადამატანინა ეს 28 თებერვალი, მეტი არაფერი მინდა. ისიც კი არ ვიცი, შევძლებ და ვითამაშებ თუ არა. აი, ეს შეგიძლიათ დაწეროთ. ძალიან ვნერვიულობ. რაც შეეხება “ვარსკვლავს”, ამაზე არც არასოდეს მიფიქრია, არც მიოცნებია. საერთოდ, ეს არ არის საჩემო...”