რეგიონული ინტეგრაცია რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მარშრუტის გავლით

რეგიონული ინტეგრაცია რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მარშრუტის გავლით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 68% მხარს უჭერს თბილისის დაპირებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან თვითგამოცხადებული აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიის გავლით. საქართველოში საარჩევნო ალიაქოთი ცხრება და ბარიერები რეგიონული ინტეგრაციის გზაზე იმ რეგიონში, სადაც ბოლო წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური განხეთქილებები მხოლოდ მწვავდებოდა, ნელ-ნელა ინგრევა. საქართველოს, თავისი უნიკალური გეოსტრატეგიული მდებარეობითა და ისტორიით, შეუძლია დღეს განხეთქილების ტენდენცია შემოაბრუნოს და დაუბრუნდეს რეგიონულ ინტეგრაციას ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისა და მეზობლებთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვის გზით.

ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალი – ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზია რუსეთს და საქართველოს შორის. ის მეფის რუსეთმა ააგო, ხოლო საბჭოთა ეპოქის დასაწყისში გაფართოვდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს და მის სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონს შორის სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის დაწყებისთვის ეს სტრატეგიული სარკინიგზო მაგისტრალი დაიხურა. მეზობელ აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა ასევე რუსეთს და სომხეთს შორის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამიტომ მოსკოვი დღეს თავის ხუთიათასიან სამხედრო დაჯგუფებას სომხეთში მხოლოდ საჰაერო სივრცის საშუალებით ამარაგებს.

ტონის შეცვლა

ცვლილებებით, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში მოხდა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ანტირუსული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, რუს და ქართველ დიპლომატებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები აღდგა – პირველად ორმხრივი ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო.

რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტში ივანიშვილმა დამატებით პირობა დადო, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს გამოყოფილ რეგიონებთან კონფლიქტების დარეგულირებისთვის. ამის ყველაზე კონკრეტული ნიშანი იყო ის, რომ, მისი თქმით, იგი იფიქრებს აფხაზეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობა დღეს რთულად გადასალახი დაბრკოლებაა.

აფხაზური პერსპექტივა

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბამ განმარტა, რომ სააკაშვილი არასდროს აღიარებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, წარმოაჩენდა რა მას როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, დღეს კი ძალიან ცოტა რამის გაკეთება თუ შეიძლება იქიდან, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო 2008 წლის აგვისტომდე. „რეალობა შეიცვალა, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ენთუზიაზმი და ვერ ვხედავთ ვერანაირ პერსპექტივებს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით ივანიშვილთან კონტაქტებში“.

მიუხედავად ამისა, იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს არანაირი იმედი იმისა, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას დღევანდელი მთავრობის პირობებში, რომელიც, როგორც ჩანს, მოქმედებს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ძალაუფლების განაწილების სქემით, ხინთბა ამბობს, რომ სარკინიგზო პროექტზე მოლაპარაკება შესაძლებელია უფრო მასშტაბური შეთანხმების პაკეტის ფარგლებში, რომელშიც იქნება გარანტიები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მხრიდან ძალადობა არ განახლდება. „მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ თუკი სარკინიგზო მაგისტრალი ამოქმედდება სომხეთიდან რუსეთისკენ საქართველოს და აფხაზეთის გავლით, აფხაზეთი კანონიერი მფლობელი იქნება სარკინიგზო მაგისტრალის საკუთარი მონაკვეთისა“, ამბობს იგი.

სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ამოქმედების რამდენიმე მცდელობა 2003-2005 წლებშიც იყო. შეიქმნა კონსორციუმი რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის შემადგენლობით, რომლის მიზანიც ომის წლებში დანგრეული აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა იყო. თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა ტექნიკური მიზეზების, მათ შორის იმის გამოც, რომ მოლაპარაკებების ფორმატში აფხაზეთი არ მონაწილეობდა. მაგრამ ეს იყო მანამდე, სანამ რუსეთი ოფიციალურად აღიარებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ბუნებრივია, ახალმა რეალობამ გაართულა მოლაპარაკების პროცესი ქართული მხარისთვის.

„თუკი სარკინიგზო მაგისტრალში დაინტერესებულ ადამიანებს სერიოზული მიზნები აქვთ, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აფხაზეთი თავისი ინტერესებით ამ პროექტის სრულუფლებიანი მონაწილე გახდეს“, ამბობს ხინთბა. „მაგრამ, რა თქმა უნდა, დასათვლელია პოლიტიკური რისკები, რადგან ეს ჩვენზე გავლენას მოახდენს მომავალში. აფხაზეთს და საქართველოს შორის ნდობის ხარისხის მაჩვენებელი ნულს ქვემოთ არის“.

ცნობილი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორი არდა ინალ-იპა ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ძლიერია განხეთქილება და ჩასაფრებულის აზროვნება, რის გამოც ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან რეგიონულ ინტეგრაციაზე აგრესიულად აღიქმება. „საერთაშორისო სანქციების გამო ჩვენ შევეჩვიეთ ცხოვრებას მკაცრ ეკონომიკურ პირობებში. ბევრ ადამიანს არ უნდა ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განვითარება, რადგან ის ჩვენთვის შეიძლება საფრთხედ იქცეს. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა, მაგრამ ბევრს სურს იმის თავიდან აცილება, რასაც საფრთხედ აღიქვამს. მათ უბრალოდ არ უნდათ ისეთ რისკზე წასვლა, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას უკავშირდება“.

ინალ-იპას მიაჩნია, რომ აფხაზეთისთვის ზოგიერთი საფრთხე უბრალოდ არარეალურია ახალ სიტუაციაში და უსაფრთხოების იმ გარანტიების ფონზე, რომელიც მოსკოვმა მისი დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად გასცა. მაგრამ „საზოგადოებაში რჩება ძველი შეხედულებები, რომელიც დიდწილად ძველ რეალიებს ეფუძნება“, აღნიშნავს იგი.

რუსეთზე დამოკიდებულება და არათანაბარი განვითარება

თუმცა, ინალ-იპას თქმით, არსებობს აფხაზური საზოგადოების ნაწილი, კერძოდ საქმიანი ადამიანების თანამეგობრობა, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის და საზოგადოებაში შეხედულებების შეცვლა უნდა. „ჩვენ გვესმის, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა, და ჩვენ თავად უნდა ვიშოვოთ ფული იმისთვის, რომ თავი ვირჩინოთ“.

თუკი რუსეთიდან პირდაპირ დახმარებას არ ჩავთვლით, რომელსაც აფხაზეთი 2008 წლის აღიარების შემდეგ იღებს, მისი ეკონომიკა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული უცხოელ, დიდწილად რუს და უკრაინელ ტურისტებზე, რომლებსაც იაფად უნდათ დასვენება. ინალ-იპას თქმით, აუცილებელია აფხაზური ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რადგან „ყურადღების გამახვილებას მხოლოდ ტურიზმზე, რასაც ზოგიერთები უჭერენ მხარს, არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ კულტურული შედეგებიც მოჰყვება“.

მეტიც, აღიარების შემდეგ აფხაზეთმა რუსეთისგან 2 მილიარდი რუბლი მიიღო (65 მილიონი დოლარი) ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სარკინიგზო მაგისტრალის დიდი აფხაზური მონაკვეთის აღდგენაზე სოხუმიდან ჩრდილოეთით. ბევრს მიაჩნია, რომ ეს თანხები დახურულ რეჟიმში განაწილდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კონტრაქტები რუსულმა კომპანიამ მიიღო.

ეკონომიკური დივერსიფიკაციის არარსებობა და „არათანაბარი განვითარება“, რომელზეც ბევრი მიმომხილველი ლაპარაკობს, ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ საქართველო აფხაზეთთან ურთიერთობაში მტკიცედ მისდევს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკას „თანამშრომლობა აღიარების გარეშე“.

პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მანამდე, სანამ 2012 წლის ოქტომბერში რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა, ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტში მუშაობდა, სტატიაში, რომელიც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, წერს, რომ ცოტა პრაქტიკული ნაბიჯი თუ გადაიდგა რუსეთზე რესპუბლიკის მზარდი დამოკიდებულების შემცირებისთვის. ზაქარეიშვილი მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან „რბილი ძალის“ გამოყენების მომხრეა, რაც გულისხმობს „რესპუბლიკის მოქალაქეებთან კონტაქტების ჩამოყალიბებას ეკონომიკური პროექტების ფარგლებში, მისი ექსპორტის ლეგალიზაციას, ასევე მისი ტერიტორიის გამოყენებას ტვირთის და ადამიანების ტრანზიტისათვის“.

სარკინიგზო მაგისტრალი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ კონტექსტში

როგორიც არ უნდა იყოს დასავლეთის დამოკიდებულება აფხაზეთთან თანამშრომლობაზე ან ართანამშრომლობაზე, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებული ახალი სავაჭრო პოლიტიკა და გაფორმების პროცესში არსებული რუსეთის ეკონომიკური კავშირი რეგიონის ქვეყნებთან, სერიოზულად აძლიერებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მოთხოვნილებას მომდევნო წლებში. ჯერ კიდევ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე 2012 წლის აგვისტოში რუსეთის მსო-ში გაწევრიანება, ასევე მოსკოვის შეთანხმება საქართველოსთან საბაჟო კონტროლზე, ამ მიმართულებით გადამწყვეტ ნაბიჯებად იქცა. რადგან საქართველოს სამი სასაზღვრო გადასასვლელიდან რუსეთთან, ორს სეპარატისტული მთავრობები აკონტროლებენ, შეთანხმება გულისხმობს აღჭურვას და საერთაშორისო კონტროლს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე, ხოლო მათ ტერიტორიებს დაერქვა „სავაჭრო დერეფნები“.

ზოგიერთი აფხაზური დაჯგუფება შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ასეთი შეთანხმების ხელმოწერით, რუსეთი ლახავს აფხაზეთის ინტერესებს და სუვერენიტეტს, ამბობს ხინთბა. თუმცა, რუსულ-ქართული შეთანხმება საბაჟო საკონტროლო პუქტების შექმნის შესახებ იმას ნიშნავს, რომ „საქართველო აღიარებს აფხაზეთთან სახელმწიფო საზღვრის არსებობას“. როგორიც არ უნდა იყოს ამ სახელმწიფო საზღვრების ინტერპრეტაცია, საბაჟო კონტროლის საკითხი, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მთავარი დაბრკოლება იყო, თითქოს გადაწყვეტილია.

„გარკვეული თვალსაზრისით ეს სარკინიგზო მაგისტრალი შეგვიძლია მსო-ს პროცესს დავუკავშიროთ. რადგან იმ საქონელზე, რომელსაც რუსეთი და საქართველო გაცვლიან, სატრანზიტო და საბაჟო მოსაკრებელი ჩვენ დაგვრჩება, სარკინიგზო მაგისტრალი აფხაზეთისთვის ძალიან მომგებიანია“, ამბობს ხინთბა. „ამ კონტექსტში მსგავსი მაგისტრალის არსებობა შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ჯერ ლეგიტიმური უნდა გავხადოთ ამ საკითხზე [საქართველოსთან] მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა, რადგან საზოგადოებაში ერთსულოვნება ჯერ არ არის“.

ახალი ეკონომიკური პარადიგმა რეგიონში

სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას მოჰყვება ასევე რუსეთის ძალისხმევის ზრდა მის პერიფერიაზე მდებარე ქვეყნებთან ეკონომიკური და სამხედრო ინტეგრაციის განვითარების მიმართულებით, რადგან მოსკოვი აფართოებს თავის საბაჟო კავშირს, რომელიც მთავარი საფუძველია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ევრაზიის კავშირის შექმნისა. საბაჟო კავშირი ითვალისწინებს თანმიმდევრულ და კარგად აწონდაწონილ უარს საბაჟო ტარიფებზე და წევრ ქვეყნებს შორის შიდა ვაჭრობის მასშტაბურ განვითარებაზე. მართალია, საქართველოს კურსი კვლავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა, თუმცა ასეთი პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. სამაგიეროდ საქართველომ შეიძლება სერიოზული მოგება ნახოს ვაჭრობის ეფექტურობის გაძლიერებისა და ზრდის ხელშეწყობით რუსეთს და სომხეთს შორის, რომელთანაც მოსკოვს საერთო ფეხმავალი საზღვარი არ აქვს, მაგრამ რომელთანაც ის ჯერჯერობით მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს და მის ეკონომიკურ და სამხედრო სტრუქტურებშია ინტეგრირებული.

16 ნოემბერს ერევანში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლების შეხვედრაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა მხარი დაუჭირა სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზურ-ქართული მონაკვეთის აღდგენას. „სარკინიგზო გადაზიდვები შედარებით იაფია, და თუკი ეს სარკინიგზო მაგისტრალი ამუშავდება, გადაზიდვების ფასი შემცირდება. ასეთ მაგისტრალში ბევრი დარგია დაინტერესებული, რადგან მათი შემოსავლები გაიზრდება, და ამით სომხეთის ეკონომიკა საერთო ჯამში მოიგებს“, – განაცხადა მან.

მზერა მომავლისკენ

საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ გულწრფელად უნდა გაიღოს ძალისხმევა აფხაზეთთან, როგორც თანასწორ მხარესთან მოლაპარაკებითი პროცესის მოგვარებისთვის, თუკი ეს სარკინიგზო პროექტი მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა არ არის. როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, საქართველო შეძლებს თავისი, როგორც რეგიონული ლიდერის როლის ნათლად დემონსტრირებას, თანაც რეგიონში არა მხოლოდ ვაჭრობის განვითარების და სამგზავრო გადაზიდვების უზრუნველყოფის საკითხებში, არამედ როგორც იმ პროცესის კატალიზატორისა, რომლის წყალობითაც ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელი გახდა. მაგრამ აქ კიდევ ბევრი სხვა რამ არის, რადგან გეოპოლიტიკურ დონეზე გვერდითი ინტერესებიც არსებობს, ამ ინტერესთა გამტარებლებს კი შეიძლება სულაც არ მოუნდეთ რეგიონში არსებული სტატუსკვოს შეცვლა, რეგიონში, რომელიც დასავლეთის ენერგეტიკული ინტერესების ცენტრია. ასეთ პირობებში საქართველომ ფრთხილად და აკურატულად უნდა იმოქმედოს, რათა შეინარჩუნოს ბალანსი მის მიერ დეკლარირებულ საგარეოპოლიტიკურ ამოცანებს და მოქმედ სავაჭრო ვალდებულებებს, ასევე მუდმივად ცვალებად და განვითარებად რეგიონულ დინამიკას, ხშირად კი მეზობლების და ახლო საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების კონკურენტულ ეკონომიკურ ინტერესებს შორის.


იენ კარვერი – გლობალური განვითარების სფეროს სპეციალისტი. 2006 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და ხშირად სტუმრობს აფხაზეთს

foreignpress.ge