გაურკვევლობა საპენსიო რეფორმის გარშემო

გაურკვევლობა საპენსიო რეფორმის გარშემო

საპენსიო რეფორმაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ერთიანი აზრი არც ხელისუფლებაშია, ხოლო თუ მას ოპოზიციას და ექსპერტ-სპეციალისტებსაც დავუმატებთ, საკმაოდ სხვადასხვაგვარი სურათი ჩნდება.

 

საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტების მომზადების გაჭიანურება მთავრობასა და პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე კონსულტაციებმა გამოიწვია. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ საპენსიო სფეროს შესახებ გადაწყვეტილება ფართო კონსესუსის ფარგლებში უნდა მოხდეს. ეს კი როგორც მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს.

 

„რეფორმა არ უნდა წარმოადგენდეს რაღაც ლოკალური ჯგუფის ინტერესებს. ეს ეხება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილის და ამ სფეროში გადაწყვეტილება კონსესუსის შედეგად უნდა იქნას მიღებული. ნებისმიერ ამომრჩეველი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის უკან დგას თანაბრად მნიშვნელოვანია მთავრობისთვის“, - აღნიშნა ხუროშვილმა და აქვე დასძინა, რომ კანონპროექტის გაჭიანურებაც სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია.

 

საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე 13 დეკემბერს შევა. წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტში პენსია და სოციალური დახმარება გაერთიანდება. ბევრი სოციალურად გაჭირვებული სტატუსის მქონე პენსიონერი, დახმარებებისა და შეღავათების სახით, სახელმწიფოსგან 100 დოლარზე მეტ დაფინანსებას იღებს. ახლა კი მთავრობამ გადაწყვიტა, სოციალური პაკეტი პენსიის საფარქვეშ გააერთიანოს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გასულ კვირაში უკვე განიხილა პარლამენტის ბიურომ და შემდგომი დამუშავებისთვის მთავრობას დაუბრუნა.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, საქართველოში 518 სხვადასხვა სახეობის პენსია, სოციალური დახმარება და შეღავათი არსებობს, რაც ართულებს დახმარების იმ ბენეფიციარამდე მიღწევას, რომელსაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

ამჟამად საქართველოში 800 ათასზე მეტი პენსიონერია, მათი პენსიის გასაცემად კი ბიუჯეტი 853 მილიონ ლარს ხარჯავს. ამას ემატება სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების ფინანსები. ასე რომ, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1,5 მილიარდი ლარი გადის.

 

ექსპერტების განცხადებით, ყველა ქვეყნის საპენსიო ხარჯები - მათ შორის, საქართველოშიც - ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის საბიუჯეტო სტაბილურობას. მათი აზრით, პენსიების თუნდაც საარსებო მინიმუმთან გათანაბრება თითქმის, ორჯერ მეტ საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს. ასევე, საქართველოში ევროპასთან შედარებით, თითქმის, ორჯერ მეტია მთლიან შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან საპენსო ხარჯების შეფარდება და მზარდია საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვიც. 

 

„ის ადამიანური და შრომითი რესურსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო გადასახდელების მობილიზაცია იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს თავისი საპენსიო ვალდებულებების რეალიზაცია, საქართველოში, სამწუხაროდ, კლებადია“, - აცხადებს ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი.

 

მისი აზრით, აუცილებელია საქართველოში განხორციელდეს ფართო რეფორმა, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის არსებულ სისტემას. ექსპერტების რეკომენდაციებს შორისაა კერძო დაგროვებითი სისტემის სტიმულირება, შერეული მოდელი და ა.შ.