ბართომეუ:

ბართომეუ: "ახალი მწვრთნელი კუმანი იქნება, ჩვენი გუნდის საყრდენი წერტილი კი - მესი"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართმეუმ კლუბის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იქნება. გარდა ამისა, მან ლიონელ მესის შესახებ გააკეთა კომენტარი და ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი პროექტის საყრდენი არგენტინელი იქნება.

„თუ არაფერი შეიცვლება, „ბარსელონას“ შემდეგი მწვრთნელი კუმანი იქნება. კარგად ვიცით, როგორ მუშაობს, მისი ფილოსოფია, გამოცდილება. ჩვენ მას ვენდობით. ის იყო პირველი, ვისაც იანვარში დავურეკე.

კუმანთან უკვე ვისაუბრე, ჩვენი პროექტის საყრდენი კი ისევ მესი იქნება. კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, ლეოსთან და მამამისთან ხშირად ვსაუბრობ. ის მსოფლიოში ნომერი პირველია და ეჭვგარეშეა, რომ კუმანი მესის დაეყრდნობა.

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა ციკლიც დასრულდა და სანამ ახალი მოთამაშეები მოვლენ, ისინი გუნდს დატოვებენ. ნეიმარი? მისი გაყიდვა პსჟ-ს არ უნდა. ნეიმარისნაირი ფეხბურთელის შეძენა, როდესაც მას კლუბი არ უშვებს, შეუძლებელია. გასულ ზაფხულს ჩვენ ვცადეთ მისი დაბრუნება აქ, მაგრამ არ გამოვიდა.

ლაუტარო მარტინესი? ლა ლიგის განახლებამდე „ინტერთან“ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ რამდენიმე კვირაში მოლაპარაკებები შეწყდა. ამჟამად კი ახალ მწვრთნელთან ვისაუბრებთ, რომ მისი ხედვა გავიგოთ“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კიკე სეტიენი, ხოლო სპორტული დირექტორის თანამდებობიდან ერიკ აბიდალი დაითხოვა.