ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. 1 ლიტრ საწვავში მომხარებელს დღეს უკვე 20-25 თეთრამდე მომატებული თანხის გადახდა უწევს. პანდემიის პირობებში ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი მოსახლეობა საწვავის გაზრდილ ფასებზე საუბრობს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ბაზარზე მონოპოლიას უკავშირებს პროდუქტზე ფასის გაზრდას ოპოზცია. ხელსიუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მოთხოვნის ზრდა ფასებს ვერ მოამატებდა და საწვავის ღირებულების მატების ერთ-ერთი მიზეზი ნავთობპროდუქტზე აქციზის გაზრდაა.
დღესდღეობით რომ საწვავზე ფასების შემცირება შეუძლებელია, ამას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს.
„საწვავზე ზოგადი ვითარება გვაქვს შემდგომი: ფასები არის გაზრდილი მნიშვნელოვნად, მით უმეტეს იმ ფასებთან მიმართებაში, რაც იყო მარტის დასაწყისიდან. მაშინ რეკორდულად დაბალი ფასები იყო. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, ფასები არის გაორმაგებული, ხოლო ამ ზრდის შედეგი არის ის, რომ საცალო ქსელში ბოლო ორი თვეა ფასები პერმანენტულად იზრდება. არაბრენდირებულ ქსელში ფასი გაზრდილია საშუალოდ, 35-40 თეთრით და ბრენდირებულ ქსელში 20-25 თეთრით“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება პერსპექტივას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპტიმისტური მოლოდინი არ არის.
„ფასების სტაბილურობა ნამდვილად გაჭირდება იმ მოცემულობით, რაც საერთაშორისო ბაზარზე არის. ამაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ოპერატორ კომპანიებს ალბათ სამომავლოდ მოუწევთ რაღაცა დოზით ფასების მატება“, - განაცხადა „ბიემთან“ მთვრალაშვილმა.
საწვავის ფასების მხრივ ამჟამინდელ ვითარებას კიდევ არა უშავს, სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო დამაფიქრებელია. საქმე ისაა, რომ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ნავთობის გლობალური მიწოდება ივარაუდება 94,22 მლნ ბარელის დონეზე დღე-ღამეში 93,14 მლნ ბარელის ოდენობის მოთხოვნილების ფონზე. უკვე 2021 წელს კი ბაზარზე გაჩნდება დეფიციტი დღე-ღამეში 0,79 მლნ ბარელის ოდენობით. ეს აუცილებლად გამოიწვევს გაძვირებას.
ენერგეტიკული სამმართველოს შეფასებით, 2020 წლის პირველ ნახევარში ნავთობის გლობალური მარაგები იზრდებოდა 6,4 მლნ ბარელით დღე-ღამეში, ხოლო მეორე ნახევარში შემცირდება 4,2 მლნ ბარელით.
გარდა ამისა, გაიზარდა 2020 წელს „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულების პროგნოზი 2,3%-ით - 41,42 დოლარამდე ერთ ბარელზე, ხოლო 2021 წელს მისი ფასი იქნება 49,53 დოლარის ფარგლებში ბარელზე. ამერიკული „ლაითის“ ტიპის ნავთობის ფასი 2020 წელს იქნება 38,5 დოლარის ფარგლებში ერთ ბარელზე, ხოლო 2021 წელს - 45,53 დოლარის ფარგლებში. ასეთ ფონზე წლის ბოლოს საწვავის მნიშვნელოვნად გაძვირებას უნდა ველოდოთ. ამას ხელს უწყობს მოხმარების და შესაბამისად, მოთხვონის ზრდაც.
იანვარ-ივლისში დიზელის საწვავის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ეკონომიკის გახსნამ, ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გააქტიურებამ ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად წაახალისა.
2020 წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით, ანუ 11,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ზრდა ამ ეტაპზე 23,4 ათასი ტონით, ანუ 26,9%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 608,3 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით, ანუ 4,6%-ით აღემატება ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც 581,3 ათას ტონას შეადგენს.