ოფიციალურად:

ოფიციალურად: "ბარსელონამ" კიკე სეტიენი დაითხოვა

კიკე სეტიენი კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი აღარაა. ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

დირექტორთა საბჭომ ეს გადაწყვეტილება დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მიიღო. სეტიენი „ბარსას“ იანვრიდან მოყოლებული წვრთნიდა, როდესაც ერნესტო ვალვერდე შეცვალა.

ესპანელმა 25 მატჩიდან კლუბს მხოლოდ 16 მოაგებინა, 4-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო ხუთჯერ მარცხი განიცადა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ ახალი მწვრთნელის ვინაობა მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს რონალდ კუმანი იქნება.