ხმალი უქარქაშოდ დარჩენილი

ხმალი უქარქაშოდ დარჩენილი

(იბეჭდება შემოკლებით)

წიგნებითა და სურათებით სავსე მომცრო ოთახში იჯდა ბატონი ჭაბუა. მაგიდაზე ხელნაწერი ფურცლები ჰქონდა გაშლილი. დაბეჯითებით ჩაჰყურებდა. კედლებიდან კი მას ჩამოჰყურებენ: შუბისპირები და მამისეული თარი, შვილი ირაკლი - ამირეჯიბისეული ლამაზი ხელებით და თვალებში ჩამდგარი აფხაზეთის სევდით. ბატონი ჭაბუა გამართული ზის და ხელში კალამი უჭირავს. არ ლაპარაკობს, მხოლოდ წერს...

ორიოდ დღის წინ 86 წლისა გახდა.

რა არ გამოიარა, უსაფლავოდ დაკარგული მამა-ბიძები, დევნა, ცილისწამება... სნეულება... ამას არასოდეს არავის შესჩივლებს, არც თანაგრძნობის უფლებას მისცემს ვინმეს. ამიტომაც არის, ზის კი არა, ისეა შემართული, როგორც ხმალი, უქარქაშოდ დარჩენილი.

ბატონო ჭაბუა, თქვენი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით. თავს “მარბენალს” უწოდებთ, მუდმივად გდევნიდათ “ბედი მდევარი” და თქვენც გარბოდით, წინააღმდეგობებს სძლევდით, სულიერად არ ტყდებოდით. რა გაძლევდათ ამის ძალას?

- ჩემს საპატიმრო-საციხო ფორმულარზე წითელი ფანქრით ეწერა - “Беглец, склонен, к бегству”. ეს “ბეგლეც” სხვაფრივ როგორ მეთარგმნა? “მარბენალი” ვარჩიე. ისე კი თავად მე არ მიწოდებია ჩემთვის მარბენალი, ჩეკისტებმა მიწოდეს და ლამის შუბლზეც წამაწერეს. მართალს ბრძანებთ, სულიერად არასოდეს გავტეხილვარ და მეცხრე ათეულს ვახურდავებ. ახლაც სულელივით მწამს, რომ კიდევ ერთ წიგნს დავამთავრებ. რა მაძლევს ამის ძალას? ღმერთმანი, არ ვიცი. ერთი კი ცხადია, ზედმეტი, გადაჭარბებული თავდაჯერებულობიდან არ მოდის ეს. პირიქით, ნაბიჯი არასოდეს გადამიდგამს ისეთი, რომლის უდავო მართებულობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვყოფილიყავი.

ბავშვობიდანვე სათავგადასავლო წიგნი მიყვარდა, მათი მთავარი გმირების მაგალითებზე აღვიზარდე და კიდევ იმ ვითარების გავლენის ქვეშ, რომ მამაჩემი, ირაკლი ამირეჯიბი საოცარი ბიოგრაფიის კაცი იყო და ასეთივე მეგობრები ჰყავდა - მათ საუბრებსა და მოგონებებს, ამ ნებისყოფისთვის და “ჭირსა შიგან” გამძლეობის გაკვეთილებს ოჯახში, პაპაჩემ გიორგისგან დაწესებული კანონის ძალით, თითქმის მოვალე ვიყავი, დავსწრებოდი; ისიც დასაშვებია, რომ დაბადებითვე მქონდა ამისი პოტენცია.

დაჭერებისა და გაქცევების დროს თუ გქონდათ საშუალება, თან გქონოდათ რაიმე საყვარელი, ძვირფასი ნივთი, წერილი ან წიგნი?

- მქონდა, როგორ არა - ჩემი გვარისა და მოდგმის სალოცავი ატოცის წმინდა გიორგი, რომელიც მკერდზე მქონდა ამოსვირინგებული.

რა იყო თქვენთვის რეალური ცხოვრება და ცხოვრება წიგნებში. დიდი იყო სხვაობა?

- მრავალგზის მითქვამს და რახან მეკითხებით, უნდა გავიმეორო: ცხოვრება გამოცდილების დაგროვების, მოვლენათა თუ შთაბეჭდილებათა განსჯისა და დასკვნების გამოტანის პროცესია. ასეთი იყო ჩემთვის ცხოვრება და მგონია, ასეთია იგი ყველა ადამიანისთვის. მწერალი, მე ვიქნები თუ სხვა, წერს იმას, რაც იცის, ანუ რაც გამოცდილებამ შესძინა, ანუ წერს თავის თავს იმ განსხვავებით, რომ იყენებს იმას თავისი ცხოვრებისეული ცოდნიდან, რაც ჩანაფიქრის განხორციელებისთვის არის საჭირო. მგონია, გასაგები უნდა იყოს, რაც ვთქვი და საკმარისიც.

თქვენი წინაპრები, ოჯახის უფროსი წევრებიც კი უმრავლესობა უსაფლავოდ დაიკარგა. პირველმა - დედის საფლავმა რა გაგრძნობინათ?

- უპირველეს ყოვლისა, დანაკარგის სიმძიმე მაგრძნობინა და მერე ის, რომ თაყვანი მეცა წინაპრების ხსოვნისა, მათ აღსრულებათა და სიცოცხლისთვის. და მთავარი - ჩემი ცხოვრებით არ წამებილწა წინაპართა სახელი.

მამათქვენის საკრავი დედასთან ერთად დაგიკრძალავთ, მართალია?

- დიახ, მართალია, მამაჩემი ირაკლი ამირეჯიბი საოცრად მუსიკალური ადამიანი იყო. უკრავდა ყველაფერზე, რასაც ხელში მისცემდნენ. განსაკუთრებით უყვარდა თარი და ჭიანური. თარი ახლაც ჩემი სამუშაო მაგიდის ზემოთა თაროზე მიდევს. ჭიანური - დედას ჩავაყოლე საფლავში ერთგულებისა და განუყრელობის სიმბოლოდ.

დათა თუთაშხია”, “გორა მბორგალი”, “გიორგი ბრწყინვალე” - ეს ყველაფერი დიდხანს ატარეთ საკუთარი არსებით, ვიდრე ქაღალდზე გადაიტანდით. სამივე მათგანში დალექილია თქვენი ოჯახის, წარმომავლობის, ამირეჯიბების სულიერი საუნჯის დიდი ნაწილი. როგორ თვლით, სრულად მოიტანეთ თქვენი წინაპრების სულიერი სამყარო ჩვენამდე, თუ კიდევ ბევრი გაქვთ მოსაყოლი მათზე?

- სათქმელს რა გამოლევს, მაგრამ ჩემი წიგნების თემატიკა ჩემი წინაპრების სულიერი საუნჯის მხოლოდ ნაწილს მოიცავს და, რაც მთავარია, ეს თხზულებები ძირითადად სულ სხვა მიზანს ემსახურებიან. წინაპართა ცხოვრება, აღსრულებანი და მამულიშვილობა მხოლოდ გამოცდილების სახით მოიპოვება ჩემს წიგნებში და არა მონოგრაფიულობის პრეტენზიით.

ბატონო ჭაბუა, მკითხველი დიდი ინტერესით ელის თქვენგან ამ კითხვაზე პასუხს, რას ფიქრობთ დღეს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე?

- ჩემი ყველანაირი დანიშნულების ნაწერი უსათუოდ უნდა პასუხობდეს იმ დროის ტონსა და ხმოვანებას, რომელიც იწერება. დღეს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები სასაცილომდე საინტერესოა, რადგან დაშვებული შეცდომების გამოტირება უფროა, ვიდრე პოლიტიკა. ყველაზე მართებული შენიშვნა, რომელიც მაქვს, ასეთია - შე მამაცხონებულო, რატომ არ აღმოგაჩნდა მომავლის ჭვრეტის ის მინიმუმი, რომელიც გიკარნახებდა, რომ ხალხი ტუტუცთა ის ერთობლიობა არ გახლავთ, რომელიც დაპირებებს დაგიჯერებს, ხელისუფლებაში მოგიყვანს, დანაპირების შეუსრულებლობას, გასაჭირისადმი უგულებელყოფას გაპატიებს. ფეხქვეშ გაგორებულსაც კი წოლა მობეზრდება და ბოლოს, მკაცრად მოგთხოვს პასუხს დანაშაულისთვის. სასაცილოა, მაშ, რა არის გაუთავებელი შეხვედრები და ტრაბახი, რომ საოცრად კარგი ვარ და თუ ხმას მომცემ, უკეთესიც ვიქნები! ასეთია ჩემი აზრი ჩვენი სინამდვილის პოლიტიკურ ჭინთვებზე. სხვამ თუ უკეთ იცის - თქვას.