ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ივლისთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა (34.2 მლნ აშშ დოლარით) და 188.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პანდემიის დროს დიდი შემცირების შემდეგ, ბოლო ორი თვეა გზავნილების მოცულობა მატულობს, რაც ძირითადად, ერთი ფაქტორითაა განპირობებული. ემიგრანტებმა მხოლოდ ზაფხულის თვეების პერიოდში მოახერხეს საქართველოში თანხების საბანკო არხებით გადმორიცხვა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.
2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის აზრით, წინა თვეებში დაწესებულმა შეზღუდვებმა ახლა მოიტანა განსხვავებული შედეგი.
„ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი.
გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების მომატებულ მაჩვენებლებზე. მიუხედავად ამ ფაქტორებისა, გზავნილების მოცულობის გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
საყურადღებოა ისიც, რომ ერთი თვის განმავლობაში 189 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 1 თვის რეკორდია. არასდროს ერთ თვეში ამდენი (დეკემბერშიც კი) არ შემოსულა.
გარდა ამისა, რუსეთის წილი 25%-დან 21%-მდე შემცირდა. ყველაზე მეტად ფულადი გზავნილების ზრდა ივლისში აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა. აზერბაიჯანიდან ივლისში საქართველოში გადმოირიცხა 6.03 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 3.19%-ია, თუმცა წლიური ზრდის ტემპი 185.59%-ია. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 147.10%-ს უტოლდება. უკრაინიდან ივლისში საქართველომ მიიღო 9.79 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 5.19%-ს შეადგენს.
საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ივლისში 73.79 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა. ეს მთლიანი გზავნილების 39.10%-ია. ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ივლისის მაჩვენებლის წლიური ზრდის ტემპი 24.97%-ს გაუტოლდა.
ფინანსისტ გოჩა თუთბერიძის აზრით, რამდენიმე თვის განმავლობაში ქართველი ემიგრანტების ნაწილი ვერ ახერხებდა სამშობლოში თანხების გადმოგზავნას და სწორედ ამან მოიტანა პოზიტიური ცვლილება წინა ორ თვეში.
„ადამიანები ვერ ახერხებენ სამშობლოში ჩამოსვლას და აქ შვებულების გატარებას, რასაც ლეგალურად დასაქმებულები ყოველ წელს აკეთებენ ხოლმე და ამასთან მათ, ვისაც უცხოეთში ლეგალურად დასაქმების პირობები არ აქვთ, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გააჩნდათ საშუალება გადმოეგზავნათ თანხები. სწორედ ამ ფაქტორებითაა განპირობებული ის, რომ ზრდა ასეთი მასშტაბისაა. არა მგონია, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა თუთბერიძემ.