ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ინფორმაცია თავდაპირველად „როიტერსმა“ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა და შემდეგ უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც დაიწყო საკითხის მოკვლევა. საფრთხის შესახებ მსოფლიოში უკვე ინფორმირებულია ყველა. საკითხს სწავლობენ საქართველოში, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს.
ჩინეთში დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.
ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია. ჩინეთმა კი იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.
როგორც ჩანს, საფრთხე სერიოზულია, ამიტომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის, საქართველოც მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება გავრცელებულ შემთხვევას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებენ განახლებულ ინფორმაციებს.
საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია. სააგენტოს განმარტებით, საქართველოში ხორცის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ჩატარებული აქვთ ინსპექტირება და აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და თუ ვითარება შეიცვალა, საქართველოსაც შესაბამისი რეაგირება ექნება.
„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ვირუსის გადაცემის გზას უკავშირდება. დღემდე ჩვენი ცოდნა ემყარება იმ მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მიმართულებით იძლევა.
ჩვენ ამაზე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პასუხი არის ცალსახად უარყოფითი. ინფექციის გადაცემის ამგვარი გზა, გაყინული საკვები პროდუქტით, ან ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტით არ არსებობს. თუ შეიცვალა ეს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ გაყინული ხორცის იმპორტი საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია.