ბართომეუ:

ბართომეუ: "რამდენიმე გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, რამდენიმეს - მივიღებთ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ მიუნხენის „ბაიერნთან“ მწარე მარცხის შემდეგ (2:8) განაცხადა, რომ გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

ესპანელის თქმით, მათ უკვე მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება, რამდენიმეს კი ცივ და საღ გონებაზე, სიტუაციის დაწყნარების შემდეგ მიიღებენ.

„ძალიან, ძალიან მძიმე დღე იყო. ვწუხვარ ფანების და „ბარსას“ წევრების, ფეხბურთელების გამო, ყველა ჩვეგანის გამო. ჩვენ არ ვიყავით კლუბი, რომელსაც წარმოვადგენთ, ძალიან დიდი ბოდიში.

არსებობს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მივიღეთ და დანარჩენ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში მივიღებთ. შემდეგი კვირიდან იქნება ანონსი, გადაწყვეტილებები მას შემდეგ უნდა მივიღოთ, რაც ყველაფერი დაწყნარდება. ხვალიდან ვეცდებით გულშემატკივრების განწყობა გავაძლიეროთ ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ.

დამანგრეველი შედეგი იყო, ვულოცავ „ბაიერნს“, შესანიშნავად ითამაშეს და ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურეს. გულშემატკივრებისთვის ახლა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეგვიძლია“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ესპანეთშიც ვერ მოახერხა ტიტულის მოგება და ჩემპიონთა ლიგასაც უმძიმესი წაგებით დაემშვიდობა.