„ლევან ვარშალომიძესთან მისასვლელი გზები იყო გაუვალი და კორუფციული“

„ლევან ვარშალომიძესთან მისასვლელი გზები იყო გაუვალი და კორუფციული“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც ვარშალომიძემ მოგვიანებით აღნიშნა, კითხვები შეეხებოდა პრივატიზაციის საკითხს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტებზე იყო საუბარი.

დაკითხვაზე მისულმა ვარშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა - დაკითხვაზე იმიტომ დამიბარეს, რომ ასეთი ლამაზი ბათუმი ავაშენეო.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში მისულ ვარშალომიძეს სირცხვილის კორიდორი მოუწყო, რასაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის შელაპარაკება და ხელჩართული ჩხუბიც კი მოჰყვა.

ლევან ვარშალომიძის დაკითხვის ფაქტს პრეზიდენტი სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმ ადამიანის დაბარება, რომელიც აჭარის გათავისუფლებისა და მისი აღორძინებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, სამარცხვინო და გაუმართლებელია. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ბეშუმში სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ვარშალომიძე ისევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელშიც სტუდენტობის დროს ცხოვრობდა. პრეზიდენტის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 8 წლის განმავლობაში სახლი ვერ აიშენა და ხის ქოხში ცხოვრობს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვარშალომიძე უძრავ ქონებას არ ფლობს, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი მისი ოჯახის ქონებაზე. ვარშალომიძეების საკუთრებაში 2003 წლამდე ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთი საცხოვრებელი ბინა იყო რეგისტრირებული. დღეს კი ამ მისამართზე ლევან ვარშალომიძის ძმა, ირაკლი ვარშალომიძე, რვა ბინის მფლობელია, საერთო ფართობით – 539.71 კვ/მეტრი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვარშალომიძეების ქონებამ რამდენიმე მილიონს მიაღწია.

როგორც for.ge-სთან საუბარში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი („თავისუფალი დემოკრატები“) სულხან ღლონტი აცხადებს, დღეს ლევან ვარშალომიძე საქართველოს ოც უმდიდრეს ადამიანთა შორის არის. ღლონტის თქმით, აჭარაში არც ერთი ბიზნესი ვარშალომიძეების გარეშე არ მუშაობს.

სულხან ღლონტი: „პრეზიდენტის განცხადება, თითქოს ლევან ვარშალომიძეს არაფერი გააჩნია, ისეთივე სიმართლეა, როგორსაც მისგან წლების განმავლობაში ვისმენდით. ლევან ვარშალომიძე დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. თუ შეიძლება საქართველოს ყველაზე მდიდარი 20 ადამიანი დასახელდეს, ვარშალომიძე მათ შორის მოხვდება, უბრალოდ მას ეს ქონება და ფული სხვადასხვა ადამიანებზე აქვს რეგისტრირებული. პრეზიდენტის განცხადების სიცრუეში რომ დავრწმუნდეთ, ლევან ვარშალომიძის ქონებრივი დეკლარაციისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია.

კერძოდ, როდესაც 2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რწმუნებულად დაინიშნა, მას ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთი ბინა ჰქონდა. დღეს კი მის ძმასა და მამაზე თითქმის მთელი ეს კორპუსია რეგისტრირებული, სადაც ვარშალომიძე ცხოვრობდა.  

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ხელვაჩაურის რაიონში ვარშალომიძეები ძალიან დიდ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. ეს ის რაიონია, საიდანაც ვარშალომიძე არის წარმოშობით. რაც შეეხება მის ძმას, ირაკლი ვარშალომიძეს, მთელი ამ წლების განმავლობაში ბათუმში არც ერთი ბიზნესი არ ხორციელდებოდა (განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტები), რომელშიც ირაკლი ვარშალომიძე არ იყო ჩართული.

შეგიძლიათ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბროთ?

- დიახ, მაგალითად არის ფირმა „კავკასუს იმფრეშენ“, რომელიც ლევან ვარშალომიძის ძალიან ახლობელი ხალხის და ირაკლი ვარშალომიძის კლასელების არის. ამ ფირმის ძირითადი პორტფელი სახელმწიფო ტენდერების შესრულებაა. ეს არის კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ წარმოებულ მთელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა, ამ საქმეში კონკურენტი მას არ ჰყავდა და პრაქტიკულად ყველა ტენდერს იგებდა. მაგალითად, ჩვენ ამ კომპანიის მიერ ორი წლის განმავლობაში მოგებული ტენდერების თანხა დავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ორი წლის განმავლობაში ამ ფირმამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 60 მლნ აითვისა.

გარდა ამისა, ეს ადამიანები ფლობენ საკაბელო ტელევიზია „ერას“, რომელიც აბსოლუტურად შეგნებულად, ლევან ვარშალომიძის მითითებით მთელი ამ წლების მანძილზე თავის სამაუწყებლო ქსელში ობიექტურ ტელევიზიებს არ რთავდა მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის აბონენტები ამას ცალსახად ითხოვდნენ. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ამ საკაბელო ტელევიზიაში „კავკასუს იმფრეშენ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი 51% წილის მფლობელია. ამდენად, ეს იყო ერთი დიდი წრე, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე აჭარაში ბიზნესზე მონოპოლიას ფლობდა და ეს იცის ყველამ, ვინც აჭარის საკითხებით იყო დაინტერესებული. ამიტომ, პრეზიდენტის ეს განცხადება სრული სიცრუეა. არსებობს მოქალაქე, რომელიც ვარშალომიძეებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოაძევეს, რადგან ეს ადამიანი მათი მეზობელი იყო და მისი ფართი უნდოდათ. ეს მოქალაქე დღემდე დაობს სასამართლოში.

თქვენი ინფორმაციით, რატომ დაიბარეს ვარშალომიძე დაკითხვაზე?

- ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. მისი განცხადებების თანახმად, იგი პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაიბარეს. თუმცა მე, როგორც 7 წლის განმავლობაში აჭარის პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა თუ „თავისუფალ დემოკრატებში“ აქტიურად მყოფი ადამიანი, გეტყვით, რომ ლევან ვარშალომიძემ სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, პრაქტიკულად, 10 ლარად (მაგალითად კომპანია „სისტემ ინ შატთან“) რამდენიმე მილიონის ქონება აქვს გასხვისებული. ბუნებრივია, ეს ბადებს ეჭვებს და ეფექტურ პრივატიზაციაზე აქ არ შეიძლება იყოს საუბარი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შემთხვევაში ხელისუფლება აუცილებლად ინტერესდება აუქციონში მონაწილე ბიზნეს-ჯგუფებით, რა აქტივები და რა გამოცდილება აქვთ მათ ამ კონკრეტულ სფეროში, რადგან ხელისუფლებას აინტერესებს, ესა თუ ის კონკრეტული ჯგუფი არის თუ არა რეალურად ამ საქმეში თანხის ჩამდები და ხალხის დამსაქმებელი. კომპანია „სისტემ ინ შათ“, რომელსაც ლევან ვარშალომიძემ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მილიონობით ლარის ღირებულების ქონება გადასცა, აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფირმის მოღვაწეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. სწორედ ამიტომ აქვს გამოძიებას კითხვები ლევან ვარშალომიძესთან.

დაკითხვაზე მისულმა ვარშალომიძემ განაცხადა, რომ ის ლამაზი ბათუმის აშენების გამო დაიბარეს

- რაც შეეხება ბათუმის აშენებას, ეს არის თანხების აბსოლუტურად არაპრიორიტეტული ხარჯვა. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ანბანის კოშკი, რომელიც სახელმწიფოს 65 მილიონი დაუჯდა და მას დღემდე დანიშნულება ვერ მოუძებნეს. ამ დროს, ახალმა ხელისუფლებამ ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უნდა გადავყაროთ იმაში, რომ უბრალოდ, ექსპლოატაცია შევუნარჩუნოთ მას, რადგან ზღვის პირას ყოფნის გამო, მას კოროზია უჩნდება, მოვლა უნდა და ა.შ. ამ დროს კი ბათუმში არის უამრავი ბარაკი, ქალაქის პრაქტიკულად 40%-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არის მოწესრიგებული და ა.შ. ამიტომ, ამ თანხების ასე უაზროდ გადაყრა, უბრალოდ სისულელეა. რომელ ქალაქის აშენებაზეა საუბარი? თუ ლევან ვარშალომიძეს ბათუმი ჰგონია ის ოთხი ქუჩა, რომელიც გაკეთდა, იგი ძალიან ცდება, რადგან ბათუმი არის ძალიან დიდი და მოქალაქეები რომ ყველაფერ ამით უკმაყოფილოები იყვნენ, ეს პირველი ოქტომბრის არჩევნებზეც დააფიქსირეს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ლევან ვარშალომიძეს და ნებისმიერ სხვას, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს პასუხისგება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც კი მათ მიმართ არსებობს. შესაძლოა, მომავალში კიდევ ბევრი სხვა სახელები და გვარებიც ვიხილოთ და თუ ეს ასე არ მოხდება, სწორედ ეს იქნება შეცდომა, რადგან ამდენი წლის განმავლობაში, ეს ხალხი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აჭარაში ოპოზიციურად განწყობილი აზრი მოეკლათ და მთელი ბიზნესი ამ ერთი კლანისთვის დაემორჩილებინათ. ამიტომ, ლევან ვარშალომიძის განცხადებები არავითარ სოლიდარობას არ იწვევს და გეტყვით ჩემთვის, როგორც ბათუმელისთვის, ვინ არის ლევან ვარშალომიძე. ამ ადამიანის მმართველობის პერიოდში დაარბიეს ფერიის ტაძარი, დევნილები გამოყარეს საკუთარი სახლებიდან და ქუჩაში დაყარეს, მათ შორის -  ინვალიდები. ამ ადამიანის მმართველობის დროს 8 ნოემბერს სტუდენტები საკუთარ აუდიტორიებში სასტიკად დაარბიეს, რაც მსოფლიოში არსად მომხდარა. მხოლოდ არანორმალური აზროვნების მქონე ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, რომ ჯერ სტუდენტები დაარბიო და შემდეგ, დაარბიო ისინი საკუთარ აუდიტორიებში. ასე რომ, ყველაფერ ამაზე ლევან ვარშალომიძე მორალურად პასუხისმგებელია. მე არჩევითი ორგანოს წარმომადგენელი ვარ და ჩემი კომპეტენცია არ არის, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მივცე, თუმცა მე შემიძლია პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო და ჩემი შეფასება ასეთია.

თქვენ ახსენეთ კომპანიასისტემ ინ შათდა რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია?

- ეს კომპანია ეწევა მშენებლობას, მაგრამ მისი აშენებული ჩვენ ჯერ არაფერი გვინახავს. მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ ფირმას რამდენიმე ლარად რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების ქონება აქვს ნაყიდი. შეგახსენებთ, „ნაციონალებმა“ კანონში ცვლილება შეიტანეს და ლევან ვარშალომიძეს უფლება მისცეს ერთ ლარად ყოველგვარი ტენდერისა და აუქციონის გარეშე გაესხვისებინა სახელმწიფო ქონება. ეს იყო კორუფციის წყარო და ბუნებრივია, ეს ბადებს კითხვებს. დღეს უმაღლეს საბჭოში ამ კანონის შეცვლაზე ვმუშაობთ, რათა აჭარის მეთაურს აღარასოდეს ჰქონდეს ამის გაკეთების უფლება. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელსაც აჭარაში ბიზნესის წარმოება სურდა, ამისათვის ლევან ვარშალომიძის ოჯახთან უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა და ლევან ვარშალომიძესთან მისასვლელი გზები იყო გაუვალი და კორუფციული.