საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოს დაუახლოვდება. როგორც სებ-ის აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაციის მაჩვენებელი მომავალ წელს მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და საშუალოვადიან პერიოდში მას ქვემოდან მიუახლოვდება. რამდენად რეალურია ეს სცენარი?
ინფლაციური მოლოდინების შემცირების კვალდაკვალ, მოსალოდნელია, რომ ეტაპობრივად გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფაზიდან გამოსვლა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ლარის მსყიდველობითი უნარის დასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის მცირედით გაუარესდა და 2020 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი -4%-დან -5%-მდე შემცირდა.
„პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მობილობა მკაცრად შეზღუდული რჩება, რაც საგარეო შოკს აღრმავებს. თუმცა, წინა პროგნოზის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღება 2021 წლიდან დაიწყება“, - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
თუმცა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეროვნულ ბანკში ანგარიშობენ. საქმე ისაა, რომ ინფლაცია შუა ზაფხულშიც კი უმაღლეს ნიშნულზეა და ამას „საქსტატის“ მონაცემებიც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, მაღალი ფასები და მზარდი ინფლაცია შეინიშნებოდა ივლისშიც, როცა ზაფხულის პერიოდი ყოველთვის სიიაფით გამოირჩევა. საყურადღებოა, რომ წინა თვეში სურსათის ინფლაციამ 11.4% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
სურსათის ფასი, სეზონურობის, მოსავლიანობისა და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, მაღალი მერყეობით ხასიათდება, რაც მთლიან სამომხმარებლო კალათაში სურსათის დიდი წონის (28%) გამო მნიშვნელოვნად მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე.
რასაკვირველია, ფასების ზრდა ყოველთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა და შემოსავლები იკლებს. ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
„დღევანდელ პირობებში, მთავრი პრობლემა ინფლაცია და ფასების ზრდა კი არ არის, არამედ - შემოსავლების მკვეთრი შემცირება. პირობითად, შარშან თუ ხორცი ღირდა 10 ლარი და წელსაც, დაახლოებით, იგივეა, მაგრამ თუ 1 წლის წინ ადამიანს ჰქონდა 100 ლარი და წელს - 50, რა მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულ საქონელზე ფასები თუ არ შეცვლილა? მსყიდველუნარიანობა იკლებს და ამიტომ, დღევანდელ პირობებში მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა შემცირდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სამუშაო ადგილებმა იკლო.
შეიძლება, ბევრი დარჩა დასაქმებული, მაგრამ მათ სამუშაო დრო შეუმცირდათ და ამის გამო - ანაზღაურებაც, ამიტომ მათი მსყიდველუნარიანობა ქვევით მიდის.
მთავრობის ანტიკრიზული გეგმა ბოლომდე ვერ ახდენს მოსახლეობის ხარჯის კომპენსირებას. შეუძლებელია, რომ სახელმწიფომ მთლიანად აიღოს თავის თავზე ის ტვირთი, რაც ხალხმა განიცადა პანდემიის გამო, ამიტომ ახლანდელ პირობებში მთავარია სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი დასაქმებული“, - განაცხადა არჩვაძემ.