მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდირება მოახდინოს, რათა ფერმერებს საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტის ჩაბარებისას პრობლემები არ შეექმნათ. ამ გადაწყვეტილებით ფერმერებიც კმაყოფილნი დარჩნენ და მწარმოებლებიც.
საქმე ისაა, რომ წელს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვაშლის დიდი მოსავალია. ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ვაშლის მოსავლის დაბინავების შემთხვევაში ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.
„მოსავალი არის საკმაოდ დიდი და წელს ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლს, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონში. გარდა ამისა, წელს მოლოდინი არის, რომ მსოფლიოში ვაშლის მოსავალი ძალიან მაღალი იქნება. ამის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ ფერმერებს ჰქონდეთ საშუალება, ჩააბარონ საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა.
ეს იქნება 10-თეთრიანი დაფინანსება 1 კგ ვაშლზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მინიმუმ 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, ისინი ზუსტად 10 თეთრის კომპენსაციას მიიღებენ. სქემა ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ გვქონდა ყურძნის შემთხვევაში, რომელსაც გამოვიყენებთ 2020 წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მოსახლეობას ჩაუბარებელი არ დარჩეს და მინიმუმი ანაზღაურება მიიღოს გაწეული შრომითვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორ აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ფერმერები და რა შეღავათს მიიღებენ ისინი. კოოპერატივი „ქართული ხილის კომპანია“, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში 10 ჰა-ზე გაშენებულ 6-7 სახეობის ვაშლის ბაღებს ფლობს და მასში 6 ფერმერია გაწევრიანებული, წელს 100 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი გურამ კვიწინაძე აღნიშნავს, 100 ტონიდან არასტანდარტული ვაშლი შეიძლება 10-20 ტონა იყოს.
„კარგ ვაშლს გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე გავიტანთ ალბათ. რაც შეეხება არასტანდარტულს, ჩავაბარებთ კომპანიებს თუ, რა თქმა უნდა, ისეთ ფასად ჩაიბარებენ, რომ ჩვენ გვიღირდეს. კომპანიას რომ აძლევენ სუბსიდირებას, ის რამდენს მომცემს მთავარი ეგ არის“, - ამბობს ფერმერი.
მისი თქმით, წინა წლებში არასტანდარტულ ვაშლს არც კრეფდნენ, რადგან ჩაბარების ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ ხარჯებს ვერ ფარავდა.
გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე მთავრობის მიერ ვაშლის სუბსიდირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მსოფლიოში ვაშლის უხვმოსავლიანობის გამო, პროდუქტზე დაცემული ფასის გათვალისწინებით, ვაშლის ჩაბარების პროცესის ხელშეწყობის გადაწყვეტილება დროული იყო.
2019 წელს საკმაოდ მცირე მოსავალი იყო, საიდანაც კომპანიამ 3 000 ტონა სტანდარტული ვაშლი გადაამუშავა, წელს კი ეს მაჩვენებელი 7-ჯერ მეტი იქნება.
„წელს მოსავლიანობის მხრივ უხვი წელია, შარშანდელთან შედარებით 7-ჯერ მეტ ვაშლის მოსავალს ველოდებით. ვაშლის ფასი ევროპაში, ბელარუსსა და უკრაინაში დავარდნილია, რადგან იქაც დიდი მოსავალია, აქედან გამომდინარე მთავრობის მხრიდან გლეხების მხარდაჭერა დროული იყო. აქ საუბარია არასტანდარტულ ვაშლზე, თუმცა მისი გაყიდვა გლეხს იმ დანახარჯებს უფარავს, რაც მოვლაზე გასწია“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ გოგლიძემ და დასძინა, რომ უხმოსავლიანობის ფონზე 22 თეთრი არასტანდარტულ ვაშლზე მაღალი ფასია.
„გასულ წელს საერთოდ არ იყო ვაშლის მოსავალი და შარშანდელი არასტანდარტული ვაშლის ფასი იყო 25-26 თეთრი, ხოლო 2018 წელს როდესაც დიდი მოსავალი იყო, ამ ტიპის ვაშლის ჩაბარების ღირებულება 8-დან 12 თეთრამდე მერყეობდა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
წარმოებას ობიექტური ფაქტორები, როგორიც არის ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა, ხელს არ შეუშლის, კომპანიები ნებისმიერი მოცულობის ვაშლის გადამუშავებისთვის მზად არიან.