ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია „ბიპიმ“ შესაძლოა, აზერბაიჯანი დატოვოს. ეს საკითხი გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან საერთაშორისო კონგლომერატი სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. მოვლენების ასეთი განვითარება დიდი თავსატეხი იქნება აზერბაიჯანისთვის, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე შორს მიმავალი გეგმები აქვს.
„ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის მიუხედავად, კვლავაც გაიზრდება თუ არა კორონავირუსის მიზეზით ნავთობის მნიშვნელოვნად შემცირებული ფასები“, - ამ შინაარსის ცნობა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, საქმეში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.
დაკონკრეტებული არ არის, ზუსტად რომელი ქვეყნების დატოვებას გეგმავს „ბრიტიშ პეტროლიუმი“, თუმცა სავარაუდო ჩამონათვალშია: კანადა, ანგოლა, აზერბაიჯანი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
როგორც „ბიპი-საქართველო“-ში რადიო „თავისუფლებას“ განუცხადეს, ამ რეგიონში და შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე პროექტებს „არაფერი ემუქრება“. კომუნიკაციების მენეჯერი, თამილა ჩანტლაძე აღნიშნავს, რომ ახლახან დამტკიცებული განახლებული სტრატეგიის მიუხედავად, „ბიპი“ ჩვეულებრივად აგრძელებს ყველა მიმდინარე პროექტთან დაკავშირებული იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მას აღებული აქვს სხვადასხვა ქვეყანის მთავრობების წინაშე“ და „მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს „ბიპი-აქართველოც“.
საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვების გაფანტვას, ბოლო დღეებია, ცდილობენ ბაქოშიც. 9 აგვისტოს სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას შეეხმიანა ბახტიარ ასლანბეილი - „ბიპის“ ვიცე-პრეზიდენტი კომუნიკაციებისა და შიდა კავშირების მიმართულებით ახლო აღმოსავლეთსა და კასპიის რეგიონში. სწორედ ის კურირებს საქართველოს ხაზსაც. ასლანბეილი ამბობს, რომ „ბიპი“ აზერბაიჯანში დარჩება.
„თითქმის 30 წელია, „ბიპი“ აზერბაიჯანში ინვესტიციებს ახორციელებს მოპოვების, ტრანსპორტირებისა და დაზვერვის პროცესში. ჩვენ აქ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ნავთობისა და გაზის ბიზნესს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ახალი შესაძლებლობების განხილვას აზერბაიჯანთან ჩვენი კავშირების შემდგომი გაფართოების მიზნით“, - განაცხადა ასლანბეილიმ.
11 აგვისტოს, აზერბაიჯანის მედიასაშუალებების საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის სატელეფონო საუბარი „ბიპის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ბერნარ ლუნისთან.
„მათ განიხილეს კომპანიისა და ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოხატეს რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც განაგრძობს წარმატებულ განვითარებას“, - წერს აზერბაიჯანის მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.
არადა, აზერბაიჯანს საერთაშორისო ასპარეზზე შორსმიმავალი გეგმები აქვს და „ბრიტიშ პეტროლიუმის“ მანევრი მათთვის დიდი თავსატეხი იქნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთის გაზსადენის დერეფნის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ალიევის განმარტებით, ეს არის ТАР-ის მეოთხე და უკანანსკნელი პროექტი.
„შესაბამისად, მთლიანად სრულდება ერთმანეთთან დამაკავშირებელი 3500 კილომეტრი სიგრძის სამი გაზსადენის მშენებლობა და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპულ სივრცეში უკვე შესაძლებელი იქნება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ისტორიული მოვლენაა, რამდენადაც ის „შაჰდენიზის“ ბუნებრივი აირის საბადოს სრულად ამუშავების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროპამდე რამდენიმე თვეში მივა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განმარტებით, „შაჰდენიზიდან“ გაზის მიწოდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში მოხდება.
„ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც – ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში“, –აღნიშნა ალიევმა.
TAP-ის მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად გეგმავს შაჰ დენიზ-2 პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ევროპისთვის.